ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია, რომელსაც 81-წლიანი ისტორია აქვს.
 
ქართული საზოგადოების მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა აჭარაში საგანმანათლებლო სისტემის დაფუძნება და განვითარება. 1893 წელს ბათუმში ვაჟთა გიმნაზიის გახსნის საკითხი დაისვა. 1895 წლის 26-27 ივნისს ქალაქის თვითმმართველობამ ვაჟთა გიმნაზიის შენობისათვის ზღვის სანაპიროსთან გამოყო 2 623, 95 კვ. საჟენი მიწის ფართი. გიმნაზიის შენობის გეგმა შეადგინა სამხედრო ინჟინერმა სედელნიკოვმა. სასწავლებლის პირველ სართულზე განთავსებული იყო სპორტული დარბაზი, ხოლო მეორე სართულზე - ეკლესია, სააქტო დარბაზი, რვა საკლასო ოთახი, სამხატვრო კლასი, ფიზიკის კაბინეტი, ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. 1897 წლის ივლისში ვაჟთა გიმნაზიამ ფუნქციონირება დაიწყო. 1900 წლის 26 სექტემბერს შესაძლებელი გახდა ქალთა გიმნაზიის გახსნაც. მოგვიანებით, 1923 წლისათვის, ქალთა გიმნაზიის ყოფილ შენობაში (ამჟამად №2 საშუალო სკოლა) დაფუძნდა პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმად გადაკეთდა. იგი პირველი საფეხურის სკოლის მასწავლებლებს ამზადებდა.
 
ვაჟთა გიმნაზიის შენობაში 1935 წელს გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი 4 ფაკულტეტით: ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ისტორიისა და საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის, რომლებსაც 1936 წელს დაემატა ფიზკულტურის, ხოლო 1938 წელს - რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტებიც. 
 
1938 წელს ინსტიტუტს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელი.
 
სამასწავლებლო ინსტიტუტის პირველი დირექტორი იყო ხუსეინ ნაკაიძე. სამეცნიერო კადრებით უზრუნველყოფისათვის სასწავლებელს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს საქართველოს სხვა უმაღლესმა სასწავლებლებმა, უპირველესად - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (იმ დროისათვის - სამასწავლებლო ინსტიტუტში) მოღვაწეობდნენ ქართული მეცნიერების გამორჩეული წარმომადგენლები: გიორგი ახვლედიანი, გიორგი წერეთელი, იასე ცინცაძე, სარგის კაკაბაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი თავზიშვილი, რაჟდენ ხუციშვილი, დიმიტრი გედევანიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, ვუკოლ ბერიძე, შოთა ძიძიგური და სხვები. მათი დამსახურებაცაა, რომ ახლად დაარსებული უმაღლესი სკოლა მალე დადგა ფეხზე, ჩამოყალიბდა სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის სისტემა, დაიწყო ადგილობრივი სამეცნიერო კადრების ზრდა - 1943 წლისათვის ინსტიტუტში უკვე 5 მეცნიერებათა კანდიდატი იყო.
 
1935 წლის ივლისში შეიქმნა მოსამზადებელი კურსები, რამაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან აბიტურიენტთა მოზიდვას. სტატისტიკური მონაცემებით, პირველ სასწავლო წელს ინსტიტუტში განცხადება შემოიტანა ექვსასმა აბიტურიენტმა და მათგან ჩაირიცხა 219.
 
1945 წლის ივნისში ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა პედაგოგიური ინსტიტუტი. დაიწყო მისი რეკონსტრუქცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა. 1956 წელს ექსპლუატაციაში შევიდა განახლებული შენობა, თუმცა ინსტიტუტის ზრდის კვალობაზე ესეც აღარ იყო საკმარისი და 1977 წელს დაიწყო ახალი, ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 1982 წელს დასრულდა. 
 
საბჭოთა იმპერიის რღვევისა და დამოუკიდებლობისათვის საქართველოს ბრძოლის შედეგად რეალობად იქცა დიდი ივანე ჯავახიშვილის ოცნება: „საქართველოში თუ იქნება მეორე უნივერსიტეტი, ის ბათუმში უნდა გაიხსნას“.
 
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1990 წლის 3 სექტემბრის №453 დადგენილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა სახელმწიფო უნივერსიტეტი. ცვლილების შემდეგ გარდა სპეციალური საფაკულტეტო კათედრებისა, სასწავლებელში ფუნქციონირებას შეუდგა 9 საუნივერსიტეტო კათედრა. გაიზარდა სპეციალობათა რაოდენობა, ჩამოყალიბდა იურიდიული, ეკონომიკური და სამედიცინო ფაკულტეტები. ქვეყანაში განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმის შედეგად, უნივერსიტეტი გადავიდა ორსაფეხურიან სწავლებაზე: შეიქმნა ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ცალკეულ მიმართულებებში ფუნქციონირებდა ასპირანტურაც.
 
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №37 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის, ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტის, მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რეორგანიზაცია. მათი გაერთიანების გზით დაფუძნდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2006 წლის 27 ოქტომბრის № 103/ა ბრძანების შესაბამისად იგი წარმოადგენს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
 
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრის №176 დადგენილებით უნივერსიტეტს შეურთდა სსიპ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის N 185 დადგენილების საფუძველზე ნიკო ბერძენიშვილისა და ფიტოპათოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტები.
 
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 17 თებერვლის №16 და №17 დადგენილებებით შეიქმნა სამეცნიერო ცენტრი, რომლის შემადგენლობაში შევიდა ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიებისა და ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო მიმართულებები. აკადემიური საბჭოს 2012 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით და წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ცენტრის რეორგანიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი და ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი.
 
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის N100 დადგენილების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეცვალა სახელი და ეწოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აერთიანებს 9 ფაკულტეტს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, განათლების, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, ტექნოლოგიურ და ტურიზმის ფაკულტეტებს. დღეისათვის, უნივერსიტეტში უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 6000-მდე სტუდენტი სწავლობს.
 
ეტაპობრივად ფართოვდებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, იზრდებოდა სტუდენტთა რაოდენობა, მრავალფეროვანი ხდებოდა სასწავლო პროგრამები, მკვიდრდებოდა ახალი სპეციალობები, იზრდებოდნენ კადრები. ამჟამად უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით პროცესში ჩართულია 277 პროფესორი, 69 მეცნიერ-თანამშრომელი და 460 მოწვეული მასწავლებელი.
 
2011 წელს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და აკრედიტაცია. სტუდენტებს სწავლების სამივე საფეხურზე პროგრამების დიდ არჩევანს სთავაზობს: 7 ავტორიზირებულ პროფესიულ, 44 საბაკალავრო, 29 სამაგისტრო, 15 სადოქტორო, 3 ერთსაფეხურიან და 3 მოკლევადიან პროგრამას. უნივერსიტეტი ინარჩუნებს ტრადიციულ, ფუნდამენტურ დარგებს და ამავე დროს, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ნერგავს და ავითარებს ახალ მიმართულებებს. ინტენსიურად გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის, ელექტრონული სწავლებაც.
 
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალი, ტრადიციები და ადგილმდებარეობა განსაზღვრავს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტებს. უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი წარმატებით მუშაობს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამართალმცოდნეობის, მათემატიკური და კომპიუტერული მეცნიერებების, საინჟინრო, ტექნოლოგიური, ბიზნესის, ჯანდაცვის მიმართულებებსა სოფლის მეურნეობის დარგებში.
 
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალფუნქციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე. უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა არაერთი საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი პროექტი. 
 
უნივერსიტეტს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს ქვეყნისა და უცხოეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მეცნიერების სხვადასხვა დარგში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმებისათვის ბსუ ითვლება სასურველ მასპინძლად, გარდა ამისა, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და გაცვლით პროგრამებში.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა