წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე - 190

სურათი
წმიდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს დაბადებიდან 190 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მკვლევარებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს წმინდანის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და ღვაწლზე. მღვდელმთავრის ხანგრძლივი მოღვაწეობისას საქართველოში არ დაწყებულა არც ერთი სარწმუნოებრივი და ეროვნული საქმე მისი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე. წმინდანმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლების საქმეს. მისი ფინანსური დახმარებით 1878 წელს თბილისში დაარსდა ეპარქალური ქალთა სასწავლებელი. წმიდა ალექსანდრეს ინიციატივითა და რეკომენდაციით დაიბეჭდა მრავალი სასულიერო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და საგალობლების კრებული.წმინდა ალექსანდრე თავგამოდებული დამცველი იყო ქართული ენისა, ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაცავად. 
 
წმიდა მღვდელმთავარმა ალექსანდრემ აღმშენებლობითი საქმე აფხაზეთიდან დაიწყო - სოხუმში თავისი ღვაწლითა და საფასით აღადგინა ორი ეკლესია, ქართლ-კახეთსა და შემდეგ გურია-სამეგრელოში მოღვაწეობისას განაახლა და აღაშენა შიო-მღვიმის, ზედაზნის, დავით გარეჯის მონასტრები, დიდძალი თანხა გაიღო შემოქმედის მონასტრის აღდგენის დასაწყებად, აღადგინა და განაახლა მცხეთის ჯვრის მონასტერი, მცხეთის ათორმეტ მოციქულთა სახელობის დიდი ტაძარი, მშობლიური სოფლის, დისევის ეკლესია, უამრავი ეკლესია გურია-სამეგრელოსა, აჭარასა და იმერეთში. 
 
წმიდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს 190 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა