IV საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „დიგიტალური ჰუმანიტარია - ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაცია“ დასრულდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს  უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „დიგიტალური ჰუმანიტარია - ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაცია“ დასრულდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორის მოვალების შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა კონკურსის წესით შერჩეულ 25 სტუდენტს სერტიფიკატები გადასცა. აჭარის ა.რ. კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა პროქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. ბათუმის საზაფხულო სკოლა 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებას საქართველოში. საზაფხულო სკოლის ბაზაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მომზადდა და აკრედიტაცია მოიპოვა დამატებითმა (Minor) პროგრამამ „დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“.

საზაფხულო სკოლამ ამჯერადაც ინტერდისციპლინარული პროგრამა შესთავაზა  მონაწილეებს. პროგრამა ითვალისწინებდა ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაციის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების შესწავლას, აღნიშნული პროფილის ქართული და საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გაცნობას, საველე სამუშაოების ჩატარებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საზაფხულო სკოლა მოიცავდა თეორიულ, პრაქტიკულ და ინტერდისციპლინურ ბლოკებს.

თეორიული ბლოკის ლექციები ეძღვნებოდა ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტირების საკითხებს. ქართველ მეცნიერებთან ერთად ლექციებს უძღვებოდნენ გერმანიიდან და ჰოლანდიიდან მოწვეული ექსპერტები. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ნეიმეხენის მაქს პლანკის სახელობის ფსიქოლინგვისტიკის ინსტიტუტის ენების არქივის ხელმძღვანელის - სებასტიან დრუდეს ლექციებმა ენათა დოკუმენტაციის საკითხებზე. პრაქტიკული ბლოკი მოიცავდა საველე სამუშაოებს:  ინფორმანტების ჩაწერასა და მასალების ელექტრონულ დოკუმენტაციას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

მონაწილეებისგან შედგა სამი ჯგუფი, რომლებიც 2 დღის მანძილზე მუშაობდნენ სარფში, მარადიდსა და ერგეში. ინტერდისციპლინური ბლოკის ლექციები ეძღვნებოდა ქართველოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს და მოიცავდა მომიჯნავე დარგებს, როგორიცაა: ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია, დიალექტოლოგია, ფოლკლორი, ვიზუალური ანთროპოლოგია და ეთნოლოგია. შემაჯამებელ შეხვედრაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს სკოლის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნისა და ექსპედიციაში მოპოვებული მასალების გამოყენებით მომზადებული წინასწარი ანგარიშები და ჯგუფური საპრეზენტაციო მოხსენებები. დიგიტალური ჰუმანიტარია ახალი დარგია საქართველოში, შესაბამისად, იგრძნობა სამეცნირეო და სასწავლო მასალის სიმცირე ქართულ ენაზე, ამიტომ გადაწყდა სკოლის ფარგლებში წაკითხული ლექციებისა და მოხსენებების ერთ კრებულად დაბეჭდვა.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა