იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

სურათი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ კოდექსი წარუდგინა. პრეზენტაციაზე მინისტრმა რეფორმის მნიშვნელობაზე და არსებულ სიახლეებზე ისაუბრა. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილეები ნათია წიკლაშვილი და ინგა შამილიშვილი და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. დაიგეგმა იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. წარდგინების დასასრულს ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უწყების პირველმა პირმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

პროექტი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადდა და მიზნად ისახავს 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნას. ახალი კოდექსი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულებისა და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს. ახალი კოდექსი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტებისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესაბამის მექანიზმს აწესებს.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ კოდექსი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა;
  • ნასამართლობის გაქარწყლება;
  • ინდივიდუალური მიდგომა;
  • პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში;
  • მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა;
  • პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები;
  • პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა;
  • თანაზომიერება და შესაბამისობა.

კოდექსის ამოქმედების შემდეგ არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ. სპეციალიზებული კადრები სწავლებას  გაივლიან და შესაბამის უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით უპირატესობით ისარგებლებენ განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აიკრძალება არასრულწლოვნისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. არასრულწლოვნებთან მიმართებით ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი.

 განრიდების გამოყენება შესაძლებელი გახდება  საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგაც − სასამართლო უფლებამოსილი იქნება, განრიდების გამოყენების მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმე დაუბრუნოს  პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.

ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისა. ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ, თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული.

 ამდენად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი. კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მისი ცალკეული დებულების გავრცელებას 18-21 წლის პირებზეც.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ კოდექსზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მუშაობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა