ზამთრის სკოლა: „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და სიგნალის მთლიანობის თანამედროვე ამოცანები“

სურათი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 2016 წლის 21 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ზამთრის სკოლა: „ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და სიგნალის მთლიანობის თანამედროვე ამოცანები“.

სკოლას გაუძღვებიან საქართველოსა და აშშ-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოღვაწე პროფესორები:

ნანა დიხამინჯია - მისურის (აშშ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვეული მკვლევარი, ასისტენტ-პროფესორი

გიორგი ვეშაპიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

სკოლის მიზანი

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება პირდაპირ კავშირშია მონაცემების გადაცემის სიჩქარის ზრდასთან, რაც ახალ პრობლემებს წარმოშობს ელექტრულ ინჟინერიაში, განსაკუთრებით ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და სიგნალის მთლიანობის კუთხით. სეზონური სკოლის მიზანია, მსმენელებს გააცნოს ელექტრული ინჟინერიის თანამედროვე პრობლემები ამ მიმართულებით, განიხილოს კვლევით დაწესებულებებსა და ელექტრული ინჟინერიის კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობა, ელექტრო-მაგნიტური თავსებადობისა და სიგნალის მთლიანობის ძირითადი საკითხები, ელექტრულ ქსელში სიგნალის გადაცემისა და მიღების პრობლემები.

მსმენელებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ და გამოიყენონ ელექტრონული დიზაინის სისტემებისა და ელექტრომაგნიტური თავსებადობის ანალიზის პროგრამული აპლიკაციები, ასევე - ელექტრომაგნიტური თავსებადობის დარგში გამოყენებადი ზოგიერთი ხელსაწყო.

სკოლის ხანგრძლივობა და მეთოდოლოგია

სკოლა ჩატარდება ათი დღის განმავლობაში, დღეში სამი საათი. თითოეული საკითხი ახსნილი იქნება ანიმაციებისა და გრაფიკების გამოყენებით. კონკრეტული მაგალითების ჩვენება მოხდება ინტერაქტიულად ელექტრონული დიზაინის ფართოდ გავრცელებული პროგრამული უზრუნველყოფის ADS-ს გამოყენებით, ისევე როგორც მისურის სამეცნიერო და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიაში შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის FEMAS (Fast Electro-Magnetic Analysis Suite - ელექტრომაგნიტური თავსებადობის სწრაფი ანალიზის ნაკრები, რომლის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებსა და პროგრამისტებს) გამოყენებით. მსმენელები ასევე გაეცნობიან სიგნალის რეალური გენერირებისა და მიღების თავისებურებებს ოსცილოსკოპის, სიგნალის გენერატორისა და შაბლონური წრედული დაფის გამოყენებით. ნაჩვენები იქნება სხვა აპარატების გამოყენების მოკლე ვიდეომაგალითები, მაგალითად, არხის ქსელის პარამეტრების გაზომვა ვექტორული ანალიზატორის საშუალებით. 

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატის მე-3-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, ნიშნების ფურცელი და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა) გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: emwschool@iliauni.edu.ge.

განაცხადის გაკეთების ბოლოს ვადაა: 2016 წლის 15 ოქტომბერი.

რეგიონალური უნივერსიტეტის სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან სასტუმროსა და კვების ხარჯებით. ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა