ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული

სურათი
ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმისა და „მერების შეთანხმების“ ევროპული ინიციატივის წარდგინება გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. მერების შეთანხმების თბილისის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაშვილმა და ბათუმის მერიის სტრატეგიული დაგეგმვის, საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსმა ლაშა ნაკაშიძემ სტუდენტებს კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული პრობლემები, მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, ენერგიის ეფექტური მოხმარების შესაძლებლობები და ქალაქის განვითარების პერსპექტივები გააცნეს.
 
ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 2020 წლამდე ქალაქის ტერიტორიაზე საბაზისო სცენართან შედარებით სათბური აირების 22 პროცენტით შემცირებას და კონკრეტული ღონისძიებების გატარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: შენობები, ურბანული ტრანსპორტი, გარეგანათება, მუნიციპალური ნარჩენები, ჩამდინარე წყლები და გამწვანება.
 
2011 წელს ქალაქი ბათუმი შეუერთდა „მერების შეთანხმების“ ევროპულ ინიციატივას. აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვით ქალაქ ბათუმმა აიღო ვალდებულება ქალაქის ტერიტორიაზე სათბური აირების ინვენტარიზაციის, მონიტორინგის, ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელებას, სატრანსპორტო, სამშენებლო და ურბანული განვითარების სხვა სექტორებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობით ქალაქის ტერიტორიაზე წარმოშობილი სათბური აირები მინიმუმ 20%-ით შემცირებას.
 
2013 წელს ქალაქი ბათუმი გახდა საერთაშორისო ასოციაციის „კლიმატის ალიანსის“ პირველი წევრი ქალაქი კავკასიის რეგიონიდან. აღნიშნული ასოციაციის წევრი-ქალაქების მთავარი მიზანია სათბური აირების შემცირება და ამ გზით კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა