გამომცემლობა “ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”

სასარგებლო ინფორმაცია

საგამომცემლო საქმის ისტორიის ფურცლებიდან

პირველი გამომცემლობა ევროპაში შეიქმნა მე-15 საუკუნეში. ამ საქმეს სათავე დაუდო გუტენბერგის მიერ საბეჭდი დაზგის გამოგონებამ - ბეჭდვითი სიტყვა საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა.

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი გამოიცა 1629 წელს. ის უკავშირდება ნიკიფორე ირბახის (ჩოლოყაშვილის) სახელს, რომელმაც იტალიაში, რომში, სტეფანო პაოლონისთან ერთად, სტამბა “პოლიგლოტში~, გამოსცა “ქართულ-იტალიური ლექსიკონი”.

პირველი სტამბა ბათუმში 1879 წელს გახსნა პოლიგრაფისტმა ალექსანდრე მახარაძემ.

პირველი ნაბეჭდი წიგნი ბათუმში გამოიცა 1881 წელს - “Морское купанье в Батуме”

პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი ბათუმში გამოიცა 1889 წელს - “ახალი სახალხო ლექსები სედლოზედ, სალდათობაზედ და ჯიბის ფულზედ” (შედგენილი მღვდლის შვილის გერასიმე თევზაძისაგან).

პირველი უმნიშვნელოვანესი გამოცემა აჭარაში - 1899 წელს ძმებმა თავართქილაძეებმა დაბეჭდეს შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” (ფერადი ბეჭდვით, ძვირადღირებული გამოცემა).


წიგნმა მკითხველთან მისვლამდე საკმაოდ დიდი გზა უნდა განვლოს:


საგამომცემლო პროცესი

  • დედნის რედაქტირება;
  • დედნის კორექტურა;
  • ტექსტის აწყობა კომპიუტერზე;
  • აწყობილი ტექსტის (სვეტების) დედანთან შედარება;
  • ჩასწორება ოპერატორის მიერ;
  • ტექნიკური რედაქცია;
  • დაკაბადონება;
  • კორექტირება;
  • წიგნისა და გარეკანის დიზაინი.

სასტამბო პროცესი

  • მონტაჟი;
  • ფირებზე გადაღება;
  • ბეჭდვა;
  • კეცვა;
  • ფორმების აკრეფა;
  • პრესში მოთავსება;
  • შეკერვა;
  • ყდის მომზადება;
  • ყდაში ჩასმა.

წიგნის აპარატს განეკუთვნება:

  • სარჩევი
  • შინაარსი
  • საძიებლები
  • კოლონტიტული
  • ანოტაცია
  • რეფერატი

გამოცემის მეცნიერულ-საცნობარო აპარატს განეკუთვნება:

  • შესავალი სტატია
  • წინასიტყვაობა (ავტორის/რედაქტორის/გამომცემლის)
  • ბოლოსიტყვაობა
  • კომენტარები
  • საგამომცემლო შენიშვნები
  • ბიბლიოგრაფიული მითითებები

ყველაფერი ერთად წარმოადგენს წიგნის აპარატს.


ცნობარი სტუდენტებისათვის

ტიტული - თავფურცელი, წიგნის პირველი ფურცელი, რომელზეც ბეჭდავენ სასათაურო მონაცემებს - ავტორის გვარ-სახელს, წიგნის სათაურს, გამოცემის წელსა და ადგილს, გამომცემლობის სახელწოდებას და ა.შ.

ავანტიტული (შმუცტიტული) - ტიტულის, თავფურცლის უკანა გვერდი, იგივე ანოტაციის გვერდი. მასზე არის: რაიმე ტექსტი წიგნის, ავტორის შესახებ, გამოცემის ადგილი და წელი, გამომცემლობის სახელწოდება, გამოსახულება (მაგალითად, გამომცემლობის ლოგო).

კოლონტიტული - წიგნის პირველი გვერდის (ტიტულის) თავზე მოთავსებული წარწერა - ავტორის გვარ-სახელი, წიგნის (თავის) სათაური და მისთ.

კონტრტიტული - ტიტულის გვერდის მოპირდაპირე მარცხენა ნაწილი. იგი მეტწილად ახლავს თარგმნილ ლიტერატურას და ივსება იმ ენაზე, რომლიდანაც ითარგმნა წიგნი.

ანოტაცია - წიგნის ტიტულის უკანა გვერდზე განთავსებული მოკლე ინფორმაცია ავტორის, შინაარსის და მისთ. შესახებ.

ექსლიბრისი - წიგნის ნიშანი, რომელზეც წიგნის მფლობელის გვართან ერთად შეიძლება გამოსახული იყოს რაიმე ნიშანი.

პაგინაცია - გვერდების ნუმერაცია გამოცემაში.

ყდა - წიგნის ძირითადი გარეკანი.

სუპერკანი - გარეკანი, რომელი შემოცმული აქვს ყდას.

ყუა - წიგნის წინა და უკანა ყდას შორის მოქცეული ნაწილი, რომელზეც ხშირად მითითებულია წიგნის ავტორის სახელ-გვარი (ზოგჯერ გამოცემის სათაურიც).

გრიფი - გამომცემლობის მარკა.

ავტორიზებული თარგმანი - ავტორის ნებართვით შესრულებული თარგმანი.

აკადემიური გამოცემა - მეცნიერულად შემოწმებული, დამუშავებული ტექსტი, რომელსაც დართული აქვს კომენტარები, საძიებლები და სხვა სამეცნიერო აპარატი.

მანუსკრიპტი - ძველი ხელნაწერი.

ანტიკვარული წიგნი - 1850 წლამდე გამოცემული წიგნი.

ბუკინისტური წიგნი - 1851-1960 წლებში გამოცემული წიგნი.

ბიბლიომანი - წიგნების შეგროვების მანიით შეპყრობილი პიროვნება, რომლისთვისაც წიგნის შეძენა თვითმიზნად არის ქცეული.

ბიბლიოფილი - წიგნის მოყვარული, შემგროვებელი.

ვადემეკუმი (ლათ. “იარე ჩემთან ერთად”) - ჯიბის პატარა ზომის წიგნი, საცნობარო მეგზური.

ვოკაბულა - სალექსიკონო სტატიის სასათაურო სიტყვა.

კონტრაფაქციული ეგზემპლარი - საავტორო უფლებების დარღვევით გამოცემული ლიტერატურა.

მარგინალია - 1. შენიშვნები გვერდის გარეთა არეზე; 2. მცირე ტექსტური დანაყოფების (ქვეთავების, პარაგრაფების) სათაურები, მოთავსებული გვერდის გარეთა არეზე, ტექსტის პირველი სტრიქონის გასწვრივ. მას “სანათურსაც” უწოდებენ.

პალიმფსესტი - ხელნაწერი, რომელიც დაწერილია ერთხელ გამოყენებულ და წაშლილ პერგამენტზე.

სკრიპტორიუმი - ხელნაწერი წიგნების სახელოსნო.

ფოლიანტი - დიდი ფორმატის სქელტანიანი წიგნი.

ხრალი - მდაბიური ლიტერატურა, იაფფასიანი გამოცემა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა