გამომცემლობა “ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”

გამომცემლობის ისტორია

1997 წელს ბათუმის უნივერსიტეტში ჩაეყარა საფუძველი საგამომცემლო საქმიანობას, გაიხსნა საუნივერსიტეტო სტამბა - მცირე მასშტაბის პოლიგრაფიული საწარმო, რომელიც მომსახურებას უწევდა ძირითადად უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. 
 
2007 წელს უნივერსიტეტში დაფუძნდა გამომცემლობა, რომელსაც სტრუქტურულად დაექვემდებარა სტამბა. გამომცემლობა დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთა შერჩევა მოხდა კონკურსის წესით.
 
უნივერსიტეტის გამომცემლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
 
უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე, გამომცემლობა უზრუნველყოფს სასწავლო-სამეცნიერო, მეთოდური, საცნობარო და სხვა სახის ლიტერატურის გამოცემას. ამავე დროს, ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს კომერციულ საგამომცემლო საქმიანობას. 
 
გამომცემლობის პრიორიტეტი _ საუნივერსიტეტო გამოცემებია, შესაბამისად, შემკვეთები ძირითადად უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები არიან. იბეჭდება ფაკულტეტების, დეპარტამენტების შრომები, კრებულები, აგრეთვე ცალკეულ ავტორთა (ან ავტორთა ჯგუფის) მონოგრაფიები, ნაშრომები, სალექციო კურსები და ა.შ. 

საგამომცემლო საქმის ისტორიის ფურცლებიდან

პირველი გამომცემლობა ევროპაში შეიქმნა მე-15 საუკუნეში. ამ საქმეს სათავე დაუდო გუტენბერგის მიერ საბეჭდი დაზგის გამოგონებამ - ბეჭდვითი სიტყვა საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა.

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი გამოიცა 1629 წელს. ის უკავშირდება ნიკიფორე ირბახის (ჩოლოყაშვილის) სახელს, რომელმაც იტალიაში, რომში, სტეფანო პაოლონისთან ერთად, სტამბა “პოლიგლოტში~, გამოსცა “ქართულ-იტალიური ლექსიკონი”.

პირველი სტამბა ბათუმში 1879 წელს გახსნა პოლიგრაფისტმა ალექსანდრე მახარაძემ.

პირველი ნაბეჭდი წიგნი ბათუმში გამოიცა 1881 წელს - “Морское купанье в Батуме”

პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი ბათუმში გამოიცა 1889 წელს - “ახალი სახალხო ლექსები სედლოზედ, სალდათობაზედ და ჯიბის ფულზედ” (შედგენილი მღვდლის შვილის გერასიმე თევზაძისაგან).

პირველი უმნიშვნელოვანესი გამოცემა აჭარაში - 1899 წელს ძმებმა თავართქილაძეებმა დაბეჭდეს შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” (ფერადი ბეჭდვით, ძვირადღირებული გამოცემა).


წიგნმა მკითხველთან მისვლამდე საკმაოდ დიდი გზა უნდა განვლოს:


საგამომცემლო პროცესი

  • დედნის რედაქტირება;
  • დედნის კორექტურა;
  • ტექსტის აწყობა კომპიუტერზე;
  • აწყობილი ტექსტის (სვეტების) დედანთან შედარება;
  • ჩასწორება ოპერატორის მიერ;
  • ტექნიკური რედაქცია;
  • დაკაბადონება;
  • კორექტირება;
  • წიგნისა და გარეკანის დიზაინი.

სასტამბო პროცესი

  • მონტაჟი;
  • ფირებზე გადაღება;
  • ბეჭდვა;
  • კეცვა;
  • ფორმების აკრეფა;
  • პრესში მოთავსება;
  • შეკერვა;
  • ყდის მომზადება;
  • ყდაში ჩასმა.

წიგნის აპარატს განეკუთვნება:

  • სარჩევი
  • შინაარსი
  • საძიებლები
  • კოლონტიტული
  • ანოტაცია
  • რეფერატი

გამოცემის მეცნიერულ-საცნობარო აპარატს განეკუთვნება:

  • შესავალი სტატია
  • წინასიტყვაობა (ავტორის/რედაქტორის/გამომცემლის)
  • ბოლოსიტყვაობა
  • კომენტარები
  • საგამომცემლო შენიშვნები
  • ბიბლიოგრაფიული მითითებები

ყველაფერი ერთად წარმოადგენს წიგნის აპარატს.


ცნობარი სტუდენტებისათვის

ტიტული - თავფურცელი, წიგნის პირველი ფურცელი, რომელზეც ბეჭდავენ სასათაურო მონაცემებს - ავტორის გვარ-სახელს, წიგნის სათაურს, გამოცემის წელსა და ადგილს, გამომცემლობის სახელწოდებას და ა.შ.

ავანტიტული (შმუცტიტული) - ტიტულის, თავფურცლის უკანა გვერდი, იგივე ანოტაციის გვერდი. მასზე არის: რაიმე ტექსტი წიგნის, ავტორის შესახებ, გამოცემის ადგილი და წელი, გამომცემლობის სახელწოდება, გამოსახულება (მაგალითად, გამომცემლობის ლოგო).

კოლონტიტული - წიგნის პირველი გვერდის (ტიტულის) თავზე მოთავსებული წარწერა - ავტორის გვარ-სახელი, წიგნის (თავის) სათაური და მისთ.

კონტრტიტული - ტიტულის გვერდის მოპირდაპირე მარცხენა ნაწილი. იგი მეტწილად ახლავს თარგმნილ ლიტერატურას და ივსება იმ ენაზე, რომლიდანაც ითარგმნა წიგნი.

ანოტაცია - წიგნის ტიტულის უკანა გვერდზე განთავსებული მოკლე ინფორმაცია ავტორის, შინაარსის და მისთ. შესახებ.

ექსლიბრისი - წიგნის ნიშანი, რომელზეც წიგნის მფლობელის გვართან ერთად შეიძლება გამოსახული იყოს რაიმე ნიშანი.

პაგინაცია - გვერდების ნუმერაცია გამოცემაში.

ყდა - წიგნის ძირითადი გარეკანი.

სუპერკანი - გარეკანი, რომელი შემოცმული აქვს ყდას.

ყუა - წიგნის წინა და უკანა ყდას შორის მოქცეული ნაწილი, რომელზეც ხშირად მითითებულია წიგნის ავტორის სახელ-გვარი (ზოგჯერ გამოცემის სათაურიც).

გრიფი - გამომცემლობის მარკა.

ავტორიზებული თარგმანი - ავტორის ნებართვით შესრულებული თარგმანი.

აკადემიური გამოცემა - მეცნიერულად შემოწმებული, დამუშავებული ტექსტი, რომელსაც დართული აქვს კომენტარები, საძიებლები და სხვა სამეცნიერო აპარატი.

მანუსკრიპტი - ძველი ხელნაწერი.

ანტიკვარული წიგნი - 1850 წლამდე გამოცემული წიგნი.

ბუკინისტური წიგნი - 1851-1960 წლებში გამოცემული წიგნი.

ბიბლიომანი - წიგნების შეგროვების მანიით შეპყრობილი პიროვნება, რომლისთვისაც წიგნის შეძენა თვითმიზნად არის ქცეული.

ბიბლიოფილი - წიგნის მოყვარული, შემგროვებელი.

ვადემეკუმი (ლათ. “იარე ჩემთან ერთად”) - ჯიბის პატარა ზომის წიგნი, საცნობარო მეგზური.

ვოკაბულა - სალექსიკონო სტატიის სასათაურო სიტყვა.

კონტრაფაქციული ეგზემპლარი - საავტორო უფლებების დარღვევით გამოცემული ლიტერატურა.

მარგინალია - 1. შენიშვნები გვერდის გარეთა არეზე; 2. მცირე ტექსტური დანაყოფების (ქვეთავების, პარაგრაფების) სათაურები, მოთავსებული გვერდის გარეთა არეზე, ტექსტის პირველი სტრიქონის გასწვრივ. მას “სანათურსაც” უწოდებენ.

პალიმფსესტი - ხელნაწერი, რომელიც დაწერილია ერთხელ გამოყენებულ და წაშლილ პერგამენტზე.

სკრიპტორიუმი - ხელნაწერი წიგნების სახელოსნო.

ფოლიანტი - დიდი ფორმატის სქელტანიანი წიგნი.

ხრალი - მდაბიური ლიტერატურა, იაფფასიანი გამოცემა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა