სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური

სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში ,,ბსუ“) სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტატუსს, უფლება-მოვალეობებს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.  

2. ბსუ–ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური არის უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეული.

3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, ბსუ–ს წესდებით, შინაგანაწესით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

უხლი 2. სამსახურის ფუნქციები

  1. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სტუდენტთა საკონსულტაციო მომსახურება;

ბ) სტუდენტური სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული და სხვა პროექტების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

გ) დასაქმების ბაზრის კვლევების განხორციელება და სტუდენთა დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მომსახურება უნივერსიტეტის საერთო ცხოვრებაში ინტეგრირებისა და მათი პრობლემების მოგვარების მიზნით.

ე) სტუდენტებისათვის სპეციალური სასწავლო და აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგების  პერიოდულად გამართვა;

ვ)  სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა სოციალური პროექტების მომზადებასა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ზ) უზრუნველყოფს სასწავლო სფეროში მიმდინარე სხვადასხვა კონკურსების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და ბსუ–ს სტუდენტებისათვის მიწოდებას

თ) ბსუ–ს სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელებაში ხელშეწყობა;  

 ი) სპორტული ღონისძიებებისა და სხვადასხვა სახის შეჯიბრებების ორგანიზება და გამართვა;

მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ ბსუ–ს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს ბსუ–ს სტრუქტურული ერთეულებისა და მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული  აქტების პროექტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ნებისმიერ დროს, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;

ზ) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის ფუნქციების შესასრულებლად;

ლ) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს სამსახურის კომპეტენციის შესაბამისად;

მ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მართვის სხვა ორგანოების აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურული ერთეული

1. სამსახურის  შემადგენლობაში შედის სტრუქტურული ერთეული - სტუდენტთა საცხოვრებელი;

2.  სტუდენტთა საცხოვრებლის ფუნქციებია:

ა) ბსუ–ს სტუდენტთა საცხოვრებელში რეგისტრაცია და მათთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა;

ბ) სტუდენტთა საცხოვრებელში სტუდენტთა ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა;

გ)  საცხოვრებელში სანიმუშო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;

დ) სწავლის დასრულების შემდეგ, ასევე არდადეგების პერიოდში, სტუდენტთა საცხოვრებლის რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეჩერება;

3. სტუდენტთა საცხოვრებელს ხელმძღვანელობს საცხოვრებლის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

4. სტუდენტთა საცხოვრებლის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს საცხოვრებლის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს საცხოვრებლის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს, ახორციელებს კონტროლს საცხოვრებლის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს საცხოვრებლის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს საცხოვრებლის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

მუხლი 5. სამსახურის მოსამსახურეები

1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. სამსახურის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება  ბსუ–ს შინაგანაწესით, სამსახურის უფროსის სამსახურებრივი დავალებებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

3. სამსახურის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

  მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა