სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი

გამძლეობის გენეტიკის განყოფილება

სამეცნიერო თემატიკა

გამძლეობის გენეტიკის განყოფილება მუშაობს 3 მიმართულებით:

  • სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაავადებების მონიტორინგი: მარცვლოვანი კულტურების დაავადებების მონიტორინგი საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონაში, მარცვლოვანთა ნათესების გამოკვლევის, დაავადებათა გავრცელებისა და განვითარების ინტენსიობის დადგენის, დაავადების ნიმუშების შეგროვების გზით.
  • პოპულაციური გენეტიკა: მარცვლოვანთა ძირითადი დაავადებების გამომწვევ ორგანიზმთა შიგასახეობრივი დიფერენციაციის შესწავლა; პათოგენების ვირულენტობის გენოფონდისა და პათოტიპური სტრუქტურის იდენტიფიკაცია, ხორბლის ჟანგების, მარცვლოვანთა ნაცრებისა და სხვა შიგაპოპულაციური ცვლილებების მიმართულების განსაზღვრა, გავრცელებულ პათოგენთა რასების რისკის განსაზღვრა
  • იმუნოლოგიური შეფასება: მარცვლოვანთა ჩანასახოვანი პლაზმის გამძლეობის შეფასება სხვადასხვა პათოგენის მიმართ სათბურისა და მინდვრის პირობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ინფექციური ფონის გამოყენებით; დაავადებებისადმი ეფექტური გამძლეობის გენებისა და ახალი გამძლეობის წყაროების გამოვლენა სასელექციო პროგრამებში ჩართვის მიზნით.
  • მნიშვნელოვანი ბოსტნეული კულტურების საქართველოში გავრცელებული ჯიშების იმუნოლოგიური შეფასება ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებებისადმი.
  • ფიტოპათოგენ კულტურათა კოლექციის შევსება.

განყოფილების შესახებ

1964 წლის 4 თებერვალს ფიტოპათოლოგიის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში დაფუძნდა იმუნიტეტის გენეტიკის ლაბორატორია.

მარცვლოვანთა პარაზიტების შიგასახეობრივი დიფერენციაციის, პოპულაციების შიგნით მიმდინარე ევოლუციური პროცესების მიმართულებისა და კანონზომიერების კვლევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოში, როგორც მარცვლოვანთა წარმოშობის ერთ-ერთ სამშობლოში, სადაც მარცვლოვანი კულტურების და მათი პათოგენების ევოლუცია ერთდროულად მიმდინარეობს.

1964 წლიდან პირველად საქართველოში დაიწყო ხორბლის ღეროს ჟანგას გამომწვევის, ხოლო 1968 წლიდან ხორბლის ყვითელი ჟანგას და მურა ჟანგას გამომწვევის ბიოლოგიური და ეკოლოგიური ასპექტების, გავრცელების და განვითარების თავისებურებების, პათოგენთა პოპულაციების რასობრივი, ბიოტიპური და პათოტიპური სტრუქტურის კვლევა, პათოგენთა ბუნებრივ და ხელოვნურ ფონზე ადგილობრივი და ინტროდუცირებული სასელექციო მასალის გამოცდა და გამძლეობის ეფექტური წყაროების გამორჩევა.

1976 წლიდან ლაბორატორიაში დაიწყო ბრინჯის ძირითადი დაავადების - ბლასტის, ხოლო 1994 წლიდან - მარცვლოვანთა ნაცრების პოპულაციურ-გენეტიკური კვლევა.

ზემოთ აღნიშნულ პათოგენთა გავრცელების არეალის დადგენის მიზნით კვლევითი სამუშაოები მოიცავდა მთელ ამიერკავკასიას.

ქობულეთის გარემო პირობები უნიკალურია საველე ცდების ჩასატარებლად, რაც განპირობებულია საცდელი კულტურების კომერციული ნათესებისაგან ბუნებრივი იზოლაციით და სოკოვანი პათოგენების განვითარებისთვის ხელსაყრელი, თბილი და ნოტიო კლიმატით.

პათოგენთა მუდმივი ცვალებადობის გამო პოპულაციების გენეტიკური სტრუქტურაც იცვლება, რაც განაპირობებს შიგაპოპულაციური ცვლილებების განუწყვეტელი მონიტორინგის აუცილებლობას. ამდენად, მარცვლოვანთა ძირითადი პათოგენების პოპულაციების შიგასახეობრივი სტრუქტურის შესწავლა დღესაც გრძელდება ლაბორატორიაში.

წარსულში ლაბორატორიის ხელმძღვანელები იყვნენ: ზოია იარომენკო (1964-1980) და ჟორჟეტა ნასყიდაშვილი(1980-1995). 1996 წლიდან ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ბიოლოგიის დოქტორი ზოია სიხარულიძე.

2011 წლიდან რსუ სამეცნიერო ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ლაბორატორია რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო მიმართულების შემადგენლობაში შევიდა. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს 2011 წლის 21 ოქტომბრის № 2 სხდომის დადგენილებით ლაბორატორია იწოდება გამძლეობის გენეტიკის განყოფილებად. ამჟამად გამძლეობის გენეტიკის განყოფილება მოღვაწეობას აგრძელებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში.

გამძლეობის გენეტიკის განყოფილება წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან, როგორიცაა:

  • გიორგი ელიავას ბაქტერიოფაგის, ვირუსოლოგიის და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი.
  • იულონ ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი.
  • რუსეთის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი.
  • ვაშინგტონის უნივერსიტეტი.
  • მინესოტას უნივერსიტეტის მარცვლოვანთა დაავადებების ლაბორატორია.
  • ხორბლისა და სიმინდის გაუმჯობესების საერთაშორისო სასელექციო ცენტრი CIMMYT.
  • სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი მშრალი რეგიონებისთვის ICARDA.
  • საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ISTC.
  • მარცვლოვანთა ჟანგების გლობალური მონიტორინგის ბორლაუგის პროგრამა.
  • მარცვლოვანთა ჟანგების გლობალური მონიტორინგის ბორლაუგის ინიციატივა.
  • სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა