ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სტრატეგიული განვითარების გეგმა

ფაკულტეტის ძლიერი და სუსტი მხარეები

სიტუაციურმა ანალიზმა შესაძლებლობა მოგვცა გაგვესაზღვრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ძლიერი და სუსტი მხარეები. დავიწყებ ძლიერით, მას მიეკუთნება: 1. პროფესორ–მასწავლებელთა სამეცნიერო–პედაგოგიური პოტენციალი; 2. საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნება სწავლების სამივე საფეხურზე; 3. პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა აკადემიური მობილობის, მათ შორის საერთაშორისო, გამოცდილება; 4. სასწავლო პროცესის საინფორმაციო ნაწილობრივი უზრუნველყოფა; 5. სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა მაღალი პოზიციები საერთოსაუნივერსიტეტო რეიტინგებში; 6. საერთაშორისო თანამშრომლობა; 7. სადისერტაციო საბჭო; 8. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი; 9. პროფესიული სკოლების არსებობა; 10. სახელმწიფო პროგრამული დაფინანსება. თუმცა გვაქ რიგი სისუტეებიც: 1. სასწავლო პროცესის ინფრასტრუქტურული და ტერიტორიული დისლოკაცია; 2. სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის არასაკმარისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა; 3. დეკანატის საქმიანობის ინფორმაციული სისტემით უზრუნველყოფის არ არსებობა; 4. სამეცნიერო და საგრანტო პროექტებიდან მიღებული შემოსავლების შედარებით დაბალი წილი ფაკულტეტის საერთო შემოსავლებში; 5. საკუთარი საგამომცემლო საქმიანობა; 6. სამეცნიერო–კონსალტინგური ცენტრები, ლაბორატორიები, საიმიტაციო დარბაზები; 7. უცხოელი სტუდენტების დაბალი ხვედრითი წილი. თუმცა განსაკუთრებულ დაფიქრებას ჩვენგან ითხოვს საფრთხეები: 1. კონკურენცია იმ უნივერსიტეტებისაგან, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს; 2. აბიტურიენტთა რიცხვის შემცირებას.


ფაკულტეტის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები

ჩვენი საქმიანობის პრორიტეტულ მიმართულებად მივიჩნევ  ფაკულტეტის მისიით განსაზღვრული ამოცანების რეალიზაცებას. კერძოდ, დროის მოთხოვნათა შესაბამისი კადრების მომზადებას, მაღალი პროფესიონალიზმის დამკვიდრებას, განათლების სისტემის რეფორმის შესაბამისად დიფერენცირებული სწავლის პრინციპების დაუყონებლივ დანერგვას, ფაკულტეტის სპეციალური, სასწავლო–მეთოდური ლიტერატურით უზრუნველყოფას, სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას, სწავლების თანამედროვე ფორმებისა და მეთოდების აქტიურ გამოყენებას, მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მოწვევას უცხოეთის სასწავლო ცენტრებიდან, საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტებთან ურთიერთობების დამყარებას გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ევროპის კავშირის ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიკური, კულტურული და სხვა ურთიერთკავშირების განვითარების გათვალისწინებით ჩვენ გავაგრძელებთ უნივერსიტეტში არსებულ პრაქტიკას და საგანგებო ყურადღებას დაუთმობთ უცხოური ენების სწავლებას.

უახლეს პერსპექტივაში ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები დადგება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის აუცილებლობის წინაშე, ეს პროცესი ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის და ყურადღების ობიექტს წარმოადგენს.
უმნიშვნელოვანესია, აგრეთვე, სასწავლო პროცესის მონაწილე მეორე მხარის – სტუდენტის მოტივირებული და აქტიური პოზიცია, პასუხისმგებლობის გრძნობა, შემოქმედებითი აქტივობა, მისი სწრაფვა პროფესიის დაუფლებისაკენ, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისაკენ. ფაკულტეტმა უნდა უზრუნველყოს ამ მისწრაფების წახალისება, წარმართვა და განვითარება. ჩვენი ამოცანაა სტუდენტებს შეუქმნათ სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობის ისეთი პირობები, რომ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა.

მე, ჩემი კოლეგები, ჩვენი კოლექტივი ყოველთვის ვხედავდით უნივერსიტეტის რექტორატის, რექტორის პირად ძალისხმევას იმ ღონისძიებათა გატარების პროცესში, რომლებიც მიზნად ისახავდა პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტების სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. ეს საკითხი კვლავაც დარჩება პრიორიტეტულ მიმართულებად, იმ განსხვავებით რომ თავად ფაკულტეტიც შეეცდება შეეხიდოს უნივერსიტეტის რექტორს ამ ტვირთის ზიდვაში, გაინაწილოს პასუხისმგებლობა.
დიდი ყურადღება დაეთმობა ფაკულტეტის უმნიშვნელოვანეს რგოლს – დეპარტამენტის მუშაობის სრულყოფასა და გაუმჯობესებას. დეპარტამენტებმა ფართოდ უნდა გაშალონ საქმიანობა სახელმძღვანელოების, ლექციების კურსების სრულყოფისათვის, რაც ხელს შეუწყობს პედაგოგთა ინტელექტუალური პოტენციალის ზრდას. ზემოაღნიშნული ამოცანების რეალიზება გაზრდის ფაკულტეტის დეკანატის პასუხისმგებლობას, ფუნქციასა და როლს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

აღნიშნული გეგმის ხორცშესხმის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი პროფესორ–მასწავლებლები და ჩვენი სტუდენტებია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ენიჭება საუნივერსიტეტო სტრუქტურებს.

ჩვენი ქვეყნის განვითარების დღევანდელ ურთულეს ეტაპზე განათლების, მეცნიერების როლის და ფუნქციის განსაზღვრა რთული არ უნდა იყოს. სწორედ განათლება არის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ქვაკუთხედი, საზოგადოების სრულყოფის გზა. ამიტომ სახელმწიფომ სტრატეგიულ ამოცანად უნდა დაისახოს განათლებისა და პროფესიონალიზმის მატერიალური და მორალური სტიმულირება – განათლება და კეთილდღეობა არსებითად უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. ხელისუფლების მხრიდან ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერა აუცილებელია, თუნდაც იმიტომ რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთ–ერთი საიმედო კერა  რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ფილოსოფიის პროპაგანდისა, საიმედო საყრდენი ასეთი საზოგადოების პრაქტიკულად შენებისათვის. სახელმწიფო და უნივერსიტეტი – ეს მრავლისმომცველი თემაა, მაგრამ იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა