სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი

ფსიქოლოგიის პროგრამული მიმართულება უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სასწავლო-სამეცნიერო კათედრის სახით 1990 წელს ჩამოყალიბდა. 1990 წლამდე ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფსიქოლოგიის სწავლებას, სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას ფსიქოლოგიაში ხელმძღვანელობდა პედაგოგიკა–ფსიქოლოგიის გაერთიანებული კათედრა.

1945 წლიდან, როცა სამასწავლებლო ინსტიტუტი პედაგოგიურად გადაკეთდა, ფსიქოლოგიის კათედრა დროებით დამოუკიდებელი გახდა. კათედრის გამგედ და წამყვან ლექტორად ფსიქოლოგიაში დაინიშნა დოცენტი (შემდგომში პროფესორი) ვლადიმერ ნორაკიძე. 1945–55 წლებში ბათუმში ლექციების წასაკითხად ჩამოდიოდნენ ცნობილი ფსიქოლოგები: ზ. ხოჯავა, გ. ბაქრაძე, ფ. ხუნდაძე, ს. ჩხაიძე და სხვები.

1954–55 სასწავლო წლიდან 1986 წლამდე პედაგოგიკა–ფსიქოლოგიის კათედრის ერთ–ერთი წამყვანი ლექტორი ფსიქოლოგიაში იყო დოცენტი აგია ართილაყვა. პროფესორ ვლ. ნორაკიძის ხელმძღვანელობით მის მიერ მომზადებული სადისერტაციო ნაშრომი უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ტემპერამენტის შესახებ ახლაც იმსახურებს დიდ ყურადღებას. უფრო მეტიც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ა.ართილაყვას კონცეფცია კიდევ ელის დაკვირვებულ, ანალიტიკური უნარით დაჯილდოებულ მკვლევარს. ა.ართილაყვამ დაადგინა, რომ არსებობს გარკვეული შესაბამისობა ფიქსირებული განწყობის ტიპებსა და ტემპერამენტის ტიპებს შორის. ტრადიციული ოთხი ტიპის გარდა დაუშვა ტემპერამენტის მეხუთე, ე. წ. ცენტრალური (ჰარმონიული) ტემპერამენტის ტიპის არსებობის შესაძლებლობაც. გამოკვლევა ცალკე წიგნად დაიბეჭდა 1960 წელს.

1953–89 წლებში ფსიქოლოგიის სწავლებას რუსულ სექტორზე ემსახურებოდა დოცენტი მარია მიკულინსკაია. მან ფსიქოლინგვისტიკის აქტუალურ პრობლემებზე მოამზადა დისერტაცია. ნაშრომი ოფიციალურად რუსული ენის პუნქტუაციას შეეხებოდა, მაგრამ სინამდვილეში მ. მიკულინსკაიამ პირველმა რუსული ენის პუნქტუაციის სწავლების მეთოდიკაში მიაკვლია ისეთ მრავალრიცხოვან და მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც რუსულ ენაზე მეტყველ ადამიანს ბუნებრივად უბიძგებს ამ თუ იმ პუნქტუაციური ნიშნის გამოყენებისაკენ. ეს მიღწევა კი აბსოლუტურად განასხვავებდა მ. მიკულინსკაიას მიერ მიღებულ შედეგს პუნქტუაციის ჩვეულებრივი მეთოდიკის სწავლებისაგან. მან ფსიქოლოგიური კვლევის სფერო ფსიქოლინგვისტიკიდან წმინდა ფსიქოლოგიურ კანონზომიერებათა სივრცეში გადაიტანა. 

მომდევნო წლებში უნივერსიტეტში მომუშავე ფსიქოლოგთა როგორც რაოდენობრივმა, ასევე ხარისხობრივმა ზრდამ შესაძლებელი გახადა 1990–91 წლიდან ფსიქოლოგიის დამოუკიდებელი კათედრის ჩამოყალიბება, რომელსაც 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პროფესორი ნოდარ ბარამიძე. იგი იკვლევს ადამიანის ქცევის მოტივაციის ურთულეს მექანიზმებს, ნებისყოფის პრობლემას, სწავლის ფსიქოლოგიის საკითხებს. ფსიქოლოგიური მოტივაციის პრობლემები არა მხოლოდ პედაგოგიური ფსიქოლოგიის, არამედ საერთოდ ფსიქოლოგიის ურთულეს პრობლემათა რიგს ეკუთვნის. ნ.ბარამიძემ შეძლო შორეული მოტივაციის ფსიქოლოგიის მწყობრი კონცეფციის ჩამოყალიბებით მოტივაციის პრობლემატიკაში ფსიქოლოგიური კვლევის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა. ამიტომ 1995 წელს მისი სადოქტორო დისერტაციის დაცვამ თემაზე „შორეული მოტივაციური ქცევა და სწავლა“დიდი რეზონანსი გამოიწვია ფსიქოლოგიის სფეროში და სტიმული მისცა ამ პრობლემასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ - გამოყენებით კვლევებს. ნ. ბარამიძის სამეცნიერო მიღწევების შესახებ სრულყოფილ წარმოდგენას იძლევა მისი ისეთი ნაშრომები, როგორიცაა „შორეული მოტივაციური ქცევა და სწავლა“,ბათუმი, 1995; „ფსიქოლოგიური ნარკვევები,წერილები, სტატიები“,ბათუმი, 1999; „აქსელერაცია და შორეული მოტივაციური ქცევა“,ბათუმი,2008. 

ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ნოდარ ბარამიძე დაჯილდოებულია საქართველოს განათლების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელებით.

2006 წელს პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის დეპარტამენტი დაჯილდოვდა დიმიტრი უზნაძის საიუბილეო მედლით, რითაც აღინიშნა ჩვენს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულების მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობა.

ფსიქოლოგიის დარგში მუშაობა შეუძლებელია მიზანსწრაფულობის, დაბრკოლებების გადალახვის უძლიერესი სურვილის გარეშე. ასოც. პროფესორი არჩილ ბერიძე თანმიმდევრულად და მეთოდურად ცდილობდა საუკეთესო შედეგების მიღწევას ფსიქოლოგიაში. როდესაც ფსიქოლოგიური კვლევის საჭიროებამ მოითხოვა ის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაემგზავრა მოსკოვში და 1979 წელს იქვე წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „წერის ჩვევების ფორმირებისა და ფუნქციონირების თავისებურებანი“. 2009 წელს ა. ბერიძემ ბათუმში გამოსცა მისი მრავალწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ნაშრომი „ აღზრდის საძირკველი“, რომელიც თანამედროვე პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მრავალ  პრობლემას შეეხება.

ღვაწლმოსილი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის აკადემიური დოქტორი ილია კეჭაყმაძემ პირველად საქართველოში 1980 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი მეოცე საუკუნის ფსიქოლოგიის ურთულეს პრობლემაზე „ფსიქოფიზიკური განვითარების აქსელერაცია და ექვსწლიანების სასკოლო სწავლების პრობლემა“,(ბათუმი), რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში (1984 წელი) დასრულდა დისერტაციის დაცვით თემაზე „ექვსწლიანთა ფსიქოლოგიური თავისებურებანი და სასკოლო სწავლისადმი მზაობა“. ი. კეჭაყმაძე ამჟამად აქტიურად მუშაობს სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის საკითხებზე. იგი დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

ფსიქოლოგიის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ - დოქტორი რუსუდან ბერიძე მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან სოციალურ-ფსიქოლოგიურ მოვლენებზე, როგორიცაა კონფლიქტები და მათი დაძლევის გზები. ასოცირებული - პროფესორი რუსუდან კეჭეყმაძე მუშაობს გენდერული ფსიქოლოგიის საკითხებზე, დოქტორანტი, ასისტენტ- პროფესორი შორენა მესხიძე-სწავლებისა და აღზრდის ფსიქოლოგიის პრობლემებზე, ასოცირებული პროფესორი ქეთინო ბერიძე - სკოლის მოსწავლეებში კითხვითი აქტივობის ათვისების ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, დოქტორანტი, ასისტენტი- პროფესორი ეთერ ვარშანიძე სწავლობს ფსიქოსომატურ პრობლემებს, დოქტორანტი ანა ჩაჩუა მუშაობს კროს-კულტურული ფსიქოლოგიის პრობლემატიკაზე. საათობრივი მოწვევით მომუშავე ფსიქოლოგიის მაგისტრები მანანა  დუმბაძე, ინგა ბოლქვაძე, ფირუზ ბოლქვაძე, ქეთი გოგიტიძე, მირანდა თურმანიძე, ნათელა ემინაძე, ფსიქოლოგები ციალა ტუღუში, მაია თოიძე.

ამჟამად ფსიქოლოგიის პროგრამულ მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფესორი გურამ ჩაგანავა, რომელიც მრავალი წელია მუშაობს ე.წ. ”აპროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემებზე”. ერთი შეხედვით ფსიქოლოგიის ეს კონცეფცია სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და შეიძლება განხილული იქნეს როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური მიკუთვნების, პერსონალიზაციის, საკუთარი პიროვნული სივრცის ფსიქოლოგიური პრობლემატიკის მომცველი. გ. ჩაგანავა, როგორც მკვლევარი გამოვიდა კვლევის ამ შედარებით ვიწრო სფეროდან, დაუკავშირა დ.უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული მონაცემები საკუთარი ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს და ამტკიცებს, რომ ფაქტორი ”თავისი” მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ფიზიკური სამყაროს პარალელურად ფსიქოლოგიური, ფენომენოლოგიური სამყაროს შექმნას, რაც პიროვნების ცხოვრებას აძლევს იმ თავისებურებებს, რომლებიც განაპირობენ ადამიანთა ფსიქიკური განვითარების სპეციფიკას. გ. ჩაგანავამ 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აპროპრიაციის ფსიქოლოგიის პრობლემები“, ხოლო მისი ექსპერიმენტული და თეორიული კვლევის შედეგები თავმოყრილია ორ ძირითად ნაშრომში „განწყობის ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები“, ბათუმი,2001;  „აპროპრიაციის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები“, ბათუმი,2009. 

ბოლო წლებში ფსიქოლოგიის მიმართულება აფართოებს მოღვაწეობის საზღვრებს: 2006 წელს უნივერსიტეტში პირველად ამოქმედდა ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ხელ-ბი: პროფ.გ.ჩაგანავა, პროფ. ნ.ბარამიძე). მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის, რომ 2009 წლიდან ფსიქოლოგიის პროგრამა (ხელ-ი: პროფ.გ.ჩაგანავა) ამოქმედდა სწავლების პირველ საფეხურზეც-ბაკალავრიატში. ეს კიდევ უფრო გაზრდის უნივერსიტეტში და მის ფარგლებს მიღმა ფსიქოლოგთა აქტივობას, რომლის უშუალო შემადგენელ ნაწილად უკვე იქცა უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო, საინტერვენციო, საკონსულტაციო სამუშაოები, ხოლო პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცოდნის გავრცელებას და დანერგვას ხელს უწყობს ახლად შექმნილი ფსიქოლოგიური სამსახური.

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამული მიმართულება საკმაოდ ახალგაზრდაა. საერთაშორისო ურთიერთობები სრულიად ახალი სპეციალობა იყო ბათუმის შოტა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საერთოდ, საქართველოში. ამ დარგში არავითარი გამოცდილება არ არსებობდა. მხოლოდ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი უშვებდა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ეკონომიკის, საერთაშორისო ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალისტებს. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც ცალკე, კონკრეტული მეცნიერება, თავისი საკუთარი თეორიითა და მეთოდოლოგიით ძირითადად აშშ-ში ვითარდებოდა.

ახალგაზრდა ენერგიული ლექტორების ერთმა ნაწილმა, კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების კურატორობით მიზნად დაისახა გეზი აეღო საერთაშორისო ურთიერთობების კომპლექსური სპეციალისტების მომზადებისაკენ, რომელთა კონკრეტული კვალიფიკაცია იქნებოდა საერთაშორისო ურთიერთობი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო გახდა სრულიად ახალი სასწავლო პროგრამის შექმნა. იგი შემუშავდა დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების საფუძველზე და მიესადაგა ადგილობრივ პირობებსა და მოთხოვნილებებს.

2006 წელს შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და ფუნქციონირება დაიწყო ამავე სახელწოდების სპეციალობამ, ხოლო 2008 წელს უკვე სამაგისტრო დონეზე ამოქმედდა საგანმანათლებლო პროგრამა. ამან პოლიტიკური მეცნიერებების კუთხით სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება მოითხოვა.

საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სასწავლო და სამეცნიერო დისციპლინის დაფუძნებაში, დიდი როლი შეასრულა ასოც. პროფ. ირაკლი მანველიძემ. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა რევაზ დიასამიძემ, ასოც. პროფესორმა ირაკლი გორგილაძემ, ასისტენტ პროფესორებმა: ნატალია ლაზბამ, ზაზა ბურკაძემ, ლაშა ბაჟუნაიშვილმა და სხვებმა.

დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ 2009 წელს ასოცირებული პროფესორი ი. მანველიძე ამუშავებდა საგრანტო თემას ”ტრანსნაციონალური კომპანიები ამიერკავკასიის ქვეყნების პოლიტიკასა და ეკონომიკაში: პრობლემები, ტენდენციები, პერსპექტივები”. იმავე სახელწოდებით 2009 წელს ი. მანველიძემ თბილისში გამოაქვეყნა მონოგრაფია, რომელმაც სპეციალისტების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

პროგრამის შემუშავებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხანგრძლივვადიან სტაჟირებებს, რომლებიც კათედრის თანამშრომლებმა გაიარეს ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (ირაკლი გორგილაძემ კოიმბრის უნივერსიტეტში 2008 წელს, ლაშა ბაჟუნაიშვილმა ჰელენიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2009 წელს). მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის შიგნით უმაღლეს სასწავლებლებთან ინტენსიურმა კონტაქტებმაც. 

მიმართულება აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან და კვლევით ინსტიტუტებთან. მათ შორის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტთან.

2009 წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი ერთობლივი სასწავლო, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. უკვე მომზადდა და მომავალში ამოქმედდება სადოქტორო პროგრამა. 

მიმართულების ბაზაზე უნივერსიტეტში საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტთან ერთად იგეგმება რეგიონული კვლევის ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც სახელმწიფოს შიდა რეგიონულ და საერთაშორისო რეგიონული ურთიერთობების, მათ შორის შავი ზღვის ქვეყნების აქტუალურ საკითხებს შეისწავლის.

მიმართულების თაოსნობით არა ერთხელ იქნა ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციები: 2006 წელს თემაზე „საქართველო - დემოკრატიული გარდაქმნები და გამოწვევები“, 2009 წელს თემაზე „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ახალი გეოპოლიტიკური კონტურები“, 2010 წელს თემაზე „ბათუმი-1921 წელი“.

2009 წლის ნოემბერში მიმართულების თანამშრომელმა ნატალია ლაზბამ აკადემიური ხარისხი დაიცვა თემაზე: „ეთნოკონფესიური და ეთნოპოლიტიკური პრობლემები ლიბანში“.

2013 წლის 24 დეკემბერს ლაშა ბაჟუნაიშვილმა დაიცვა აკადემიური ხარისხი თემაზე: „რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის რესპუბლიკური ადმინისტრაციების პოლიტიკა ირანის მიმართ“.

ამჟამად მიმართულებაში ნაყოფიერად მოღვაწეობენ ასოც. პროფესორები: ირაკლი მანველიძე, ირაკლი გორგილაძე; ასისტენტ-პროფესორები ზაზა ბურკაძე, ნატალია ლაზბა, ლაშა ბაჟუნაიშვილი, სოციალური მეცნიერებების აკადემიური დოქტორი გელა ირემაძე.

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტმა 2009 წელს ი. სანიკიძის რედაქტორობით პირველად გამოსცა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის შრომების I ტომი, ხოლო 2009 და 2010 წლებში ი. მანველიძის რედაქტორობით გამოვიდა სამეცნიერო შრომათა კრებული - სოციალურ მეცნიერებათა საკითხები, I (2009), II (2010) III (2011), IV (2012) V (2013) ტომი. ამავე პერიოდში (რედაქტორები ნ.ბარამიძე და გ.ჩაგანავა) გამოვიდა დეპარტამენტის ფსიქოლოგთა კრებული (ფსიქოლოგიური გამოკვლევები) III. 

დეპარტამენტის წევრები სისტემატურად გამოსცემენ მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, ბეჭდავენ სტატიებს, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში.

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება (რომელიც ერთ-ერთი პრესტიჟული სპეციალობაა უნივერსიტეტში) განვითარების კარგი პერსპექტივებით გამოირჩევა, ხოლო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეალური პერსპექტივა აქვს ჩადგეს იმ უნივერსიტეტების რიგში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების სწავლებისა და კვლევის მაღალი დონეა.

ევროპისმცოდნეობა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ყველაზე ახალგაზრდა საგანმანათლებლო პროგრამაა და ის ამოქმედდა 2012 წელს.

ევროპის შესახებ სტუდენტებისთვის საუკეთესო ცოდნის უზრუნველსაყოფად პროგრამის განხორციელებაში მნიშვნელოვან კომპონენტად (საერთაშორისო ეკონომიკის, სამართლის პოლიტიკის მეცნიერებებთან ერთად) აღიარებულია ევროპული ენების შესწავლა.

მიმართულების ხედვა ითვალისწინებს საქართველოში ევროპული ღირებულებების დანერგვასა და გავრცელებას, ისევე როგორც ქართული ღირებულებების ევროკავშირის ქვეყნებში პოპულარიზაციას საქართველოში თანამედროვე ევროპული კვლევების მხარდაჭერისა და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს შესახებ კვლევების ხელშეწყობის გზით. პროგრამის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და ქართული საზოგადოების ფართო ფენებში ევროკავშირის ღირებულებებს გავრცელებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა