განათლების ფაკულტეტი

პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი

1936 წლის 22 მარტს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში შეიქმნა პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრა. კათედრის პირველ გამგედ მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი კონსტანტინე ჭკუასელი. კათედრის შემადგენლობაში შედიოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის ყოფილი გამგე პროფესორი გიორგი თავზიშვილი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (შემდეგში აკადემიკოსი) ანგია ბოჭორიშვილი. აქედან მოყოლებული პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრები ერთად მოქმედებდა და მხოლოდ 1990 წელს, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უნივერსიტეტად გადაკეთების შემდეგ გაიყო ორ დამოუკიდებელ - პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრებად.

კ. ჭკუასელის შემდეგ, პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ დოცენტები: ანგია ბოჭორიშვილი, ტიტე სარიშვილი, უშანგი ობოლაძე, გიორგი ნიკოლეიშვილი, ვლადიმერ ნორაკიძე და სხვები.

პირველ ხანებში კათედრას დიდი სიძნელეების გადალახვა უხდებოდა ადგილობრივი სპეციალისტების ნაკლებობის გამო. მნიშვნელოვნად გამოსწორდა მდგომარეობა 1939 წლიდან, როცა კათედრის გამგედ დაინიშნა დოცენტი ვლადიმერ ჭანტურია. იგი 1962 წლამდე ედგა სათავეში პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრას. პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობაზე დოცენტ ვლადიმერ ჭანტურიას მოღვაწეობის პერიოდში კათედრაზე მოვიდნენ უფროსი მასწავლებლები ნადია ჯანგველაძე, ვარვარა ჩიჩუა-ჭანტურია, დოცენტი აგია ართილაყვა, ილია კეჭაყმაძე, ზინა გოგოლიშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი მარია მიკულინსკაია, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს აჭარაში პედაგოგიური კადრების აღზრდისა და მათი შემდგომი დაოსტატების საქმეში.

პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრისათვის ნამდვილი შენაძენი აღმოჩნდა 1980 წელს ახალგაზრდა მეცნიერ-ფსიქოლოგის ნოდარ ბარამიძის ქუთაისიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გადმოსვლა. მან ახალი აზროვნების სტილი შემოიტანა კათედრის მუშაობაში, ხოლო 1990 წლიდან, როცა გაიყო პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრა, პროფ. ნოდარ ბარამიძე იყო ფსიქოლოგიის დამოუკიდებელი კათედრის პირველი გამგე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში.

კათედრაზე ქართული პედაგოგიკის ისტორიის კვლევა ტრადიციულად გაგრძელდა დოცენტ გრიგოლ ბაბილოძის ხელმძღვანელობის პერიოდში (1962-1975). აჭარის განათლების ისტორიის კვლევის საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ, დოცენტმა ეთერ ცივაძემ, რომელიც კათედრაზე შეთავსებით მუშაობდა.

1975 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ალექსანდრე გობრონიძე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრა დიდხანს იყო ერთადერთი, სადაც ერთდროულად ხუთი პედაგოგიკის მეცნიერების დოქტორი მოღვაწეობდა (ალექსანდრე გობრონიძე, ოთარ გიორგაძე, იური ბიბილეიშვილი, ნანი გუგუნავა, ციალა მეგრელაძე).

2000 წლის ივნისში პედაგოგიკის კათედრის გამგედ არჩეულ იქნა დოცენტი ლელა თავდგირიძე. ამ პერიოდში კათედრის წევრები იყვნენ – საქართველოს განათლების აკადემიის წევრი, პროფ. იური ბიბილეიშვილი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორები ნოდარ ბასილაძე, ციალა მეგრელაძე, ნანი გუგუნავა, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატები მადონა ფალავანდიშვილი და თემურ მჭედლიძე. კათედრაზე 2003 წლამდე საათობრივი ანაზღაურების წესით მუშაობდნენ დოც. მარინე კვაშილავა, მ/კ ზურაბ აბაშიძე, მასწავლებლები ნანული ვაშაკიძე, ნანა ჟღენტი, მზია ქათამაძე, აჭარის დამსახურებული მსახიობი თამილა მეიშვილი. კათედრას ემსახურებოდნენ ლაბორანტები ვენერა სიმონია, ელენე შეროზია, ნათელა სტამბოლიშვილი, თინა ჩიქოვანი, ნინო დოლიძე, დიანა ბასილაძე, ელენე კუკულაძე. საუნივერსიტეტო პედპრაქტიკას კი ხელმძღვანელობდა მეთოდისტი ალექსანდრა საბაშვილი.

კათედრას მჭიდრო კავშირი ჰქონდა აჭარის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტთან და აჭარის რაიონების განათლების განყოფილებებთან. კათედრის წევრები სისტემატურად მონაწილეობდნენ ავტონომიური რესპუბლიკის მასწავლებელთა პედაგოგიურ კითხვებში.

კათედრაზე რამდენიმე წელიწადს მოქმედებდა ასპირანტურა, სადაც ახალგაზრდა ასპირანტები და მაძიებლები იმაღლებდნენ ცოდნის დონეს პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიაში. ამ ასპირანტურის კურსი დაასრულეს ნანა მაკარაძემ, დარეჯან გელაძემ, ნანი მამულაძემ, ნინო ლორთქიფანიძემ, ნაირა ზოიძემ, თამილა მწერალიშვილმა, მარინა კონცელიძემ.

დიდი სამამულო ომის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა დაწყებითი სკოლის პროფესიონალ, კვალიფიციურ პედაგოგიურ კადრებზე. ამიტომ 1957 წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობა, რომელიც დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს ამზადებდა. 1960 წლიდან კი სპეციალობის მეცნიერული და მეთოდიკური ხელმძღვანელობისათვის ჩამოყალიბდა დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა კათედრა უფროსი მასწავლებლისა და მეთოდისტის გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით, რომელიც 1965 წლამდე ენერგიულად უძღვებოდა მას. 1965 წლიდან, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა კათედრას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ისეთი ცნობილი პედაგოგები, როგორებიც იყვნენ დოც. მერი ცინცაძე (1965-1972), დოც. სილოვან დადუნაშვილი (1973-1978). ასლან ხახუტაიშვილი (1980-1992), საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ოთარ გიორგაძე (1993-2004).

დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა კათედრაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ სელიმ ნიჟარაძე, გივი კოზმოვი, ილია კეჭაყმაძე, რევაზ ბერაძე, პავლე ნაცვლიშვილი, დავით მამფორია, ზინა გოგოლიშვილი, მიხეილ გოხიძე, ვაჟა აფხაზავა, ალი მსხალაძე, სერგო ვადაჭკორია, დიმიტრი უჩანეიშვილი, ნოდარ ბარამიძე, ლუბა დოლჟენკო, ომარ გვარიშვილი, კომპოზიტორი ალექსანდრე ფარცხალაძე, ლუბა ბიბილეიშვილი, მერი გორდელაძე, ქეთევან დონაძე, ქეთევან ალასანია, ჯემალ გაბაიძე, ნოდარ ბასილაძე, მადონა ფალავანდიშვილი, შოთა ღოღობერიძე, აკაკი ზოიძე, სულიკო ბერიძე, ნათელა ოსეფაშვილი, ნაზი ლორთქიფანიძე, დოდო ჯოჯუა, გულნარა ნოღაიდელი, მადონა გიორგაძე, ლეილა ხმელიძე, დავით ბერიძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ჯემალ მიქელაძე, ნუნუ ბერიძე, ლია ინაიშვილი, ნატო შეროზია, ნანი გვარიშვილი, ნანა მაკარაძე, ინგა ლორია, მარინა ნაგერვაძე, თამილა მწერალიშვილი; ლაბორანტები: ნანული ბოლქვაძე, მანანა მაჩალაძე, ლუბა ყალიჩავა, ქეთი თადუმაძე, ხათუნა ოსეფაშვილი, ნაილე ჯორბენაძე.

2004 წელს, უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შედეგად, გაერთიანდა პედაგოგიურ ფაკულტეტში შემავალი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრები და ჩამოყალიბდა პედაგოგიკა–ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, რომლის პირველი ხელმძღვანელი იყო პროფესორი ნოდარ ბარამიძე. 2006 წელს, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობაზე პროფესორ ნოდარ ბარამიძის გადაყვანის გამო, დეპარტამენტის ხელმძღვანელად აირჩიეს პროფესორი ლელა თავდგირიძე. 2007 წელს კვლავ გაიყო ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის დეპარტამენტები და პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტმა დაიწყო დამოუკიდებლად ფუნქციონირება. 2007-2009 წლებში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი ლელა თავდგირიძე, 2009-2010 წლებში -  პროფესორი იური ბიბილეიშვილი, 2010-2011 წლებში - ასოცირებული პროფესორი ლია ინაიშვილი, 2011-2013 წლებში - პროფესორი გული შერვაშიძე, 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის აპრილამდე - ასოცირებული პროფესორი მადონა მიქელაძე, 2014 წლის აპრილიდან დღემდე კი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ისევ პროფესორი გული შერვაშიძეა.

2013 წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის შედეგად, დეპარტამენტში არჩეულია ორი პროფესორი – გული შერვაშიძე და ლელა თავდგირიძე, სამი ასოცირებული პროფესორი – მადონა მიქელაძე, ნანა მაკარაძე და ნოდარ ბასილაძე, ექვსი ასისტენტ პროფესორი ნანი მამულაძე, დარეჯან გელაძე, ნატო შეროზია, მარინე გურგენიძე, ქეთევან შოთაძე და ბესიკ ციცაგი.

პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტში მოქმედებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები და მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა:

ბაკალავრიატის საფეხურზე:

  • დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამის ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე);
  • ფიზიკური აღზრდის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამის ხელმძღვანელი - ემერიტუსი პროფესორი ავთანდილ ქემხაძე);
  • მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამის ხელმძღვანელი - პროფესორი ლელა თავდგირიძე);

მაგისტრატურის საფეხურზე:

  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამის ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე);
  • საბაზო და საშუალო სკოლის საგნის ან საგანთა ჯგუფის მასწავლებლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ლელა თავდგირიძე);
  • უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ლელა თავდგირიძე);

დოქტორანტურის საფეხურზე:

  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - განათლება (პროგრამის ხელმძღვანელები – პროფესორები ლელა თავდგირიძე და გული შერვაშიძე).

განათლების ფაკულტეტზე 2007 წლიდან მოქმედებს სადისერტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია ფაკულტეტის პროფესორებითა და ასოცირებული პროფესორებით. საჭიროების შემთხვევაში ხდება სპეციალისტების მოწვევა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან.

აღსანიშნავია, რომ ბსუ-ს ისტორიაში პირველი აკადემიური დოქტორის ხარისხის მინიჭება განახორციელა განათლების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ  2008 წლის დეკემბერში.

            დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მეცნიერული კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშირისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, დეპარტამენტში მომზადებული პედაგოგიური და მეთოდიკური ნაშრომების გამოქვეყნება ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. დეპარტამენტის წევრები აქტიურად არიან ჩართული ტემპუსის საგრანტო პროექტებში: „ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება“ (“Access to Society for People with Individual Requirements (ASPIRE), N 530345-TEMPUS-1-2012-1-GE-TEMPUS-JPHES) - ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე, Higher Education System Development for Social Partnership Improvement and Humanity Sciences Compete tiveness (HESDeSPI) 159338-TEMPUS-1-2009-1-LV-TEMPUS-SMHES - პროფესორი ლელა თავდგირიძე, ,,სამაგისტრო პროგრამა განათლების მენეჯმენტში: ლიდერების აღზრდა  საგანმანათლებლო რეფორმისთვის” (,,Master in Higher Education management: Developing Leaders for Managing Educational Transformation”), 530311-TEMPUS-1-2012-1-TEMPUSA- JPCR - პროფესორები ლელა თავდგირიძე და გული შერვაშიძე.

დეპარტამენტთან წარმატებით მუშაობს სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ტარდება დოქტორანტების და მაგისტრანტების ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციები. დეპარტამენტი ხელს უწყობს აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს მათ აღზრდასა და აკადემიურ მოსწრებაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა