ბსუ-ს მეცნიერებმა უცხოელ მკვლევრებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესწავლა დაიწყეს

სურათი

Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შავი ზღვის დაბინძურებისა და მისი გავლენის შესახებ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი CARE SEA - ,,თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვა“ დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების პრობლემის შესწავლას, შავი ზღვის დაბინძურების შემცირებასა და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობას, რაც განხორციელდება 5 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების პარტნიორობით.

შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით დაწყებული ახალი საერთაშორისო პროექტი ჭოროხის დელტაზე გასვლით დაიწყო. პროექტის მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს არსებული მდგომარეობა და შეაგროვეს მონაცემები ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა კვლევის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას. გასვლითი ღონისძიების შემდეგ, ბსუ-ში გაიმართა მმართველი კომიტეტის შეხვედრა, სადაც პროექტის მონაწილეებმა განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და განსაზღვრეს პროექტის განხორციელების გეგმები.

პროექტის წამყვანი პარტნიორია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო). ასევე პარტნიორები არიან: სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი), „კონსტანტინე სტერეს“ ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი (მოლდოვა), ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი), დუნაის დელტას კვლევისა და განვითრების  ეროვნული ინტიტუტი ტულჩეა (რუმინეთი). 

პროექტი ორიენტირებულია ისეთი დაბინძურების გამომწვევი ფაქტორების კვლევაზე, როგორიცაა მძიმე მეტალები, მიკროპლასტიკები და სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც ზიანს აყენებს როგორც ზღვის ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. პროექტი CARE SEA განხორციელდება 24 თვის განმავლობაში და მოიცავს კვლევით საქმიანობებს დაბინძურების მონიტორინგის, მონაცემების შეგროვებისა და ეკოლოგიური ზიანის შემცირების საკითხებში. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი მეცნიერები, სტუდენტები და გარემოს დაცვის ექსპერტები მონაწილე ქვეყნებიდან.

CARE SEA ითვალისწინებს  შავი ზღვის რეგიონის ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, რაც მიიღწევა დაბინძურების კონტროლისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებით. პროექტი უზრუნველყოფს მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის კვლევებს, დაბინძურების დონის მონიტორინგს და ეკოლოგიური რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებას.

 

მთავარი აქტივობები:

1.         შავი ზღვის დაბინძურების კვლევა და მონიტორინგი მიკროპლასტიკების, მძიმე ლითონებისა და ჰაერის დაბინძურების მიმართულებით

2.         ტრანსასაზღვრო მონიტორინგი, შეფასება და გამოცდილების გაცვლა

3.         შესწავლილი ეკოსისტემების ეკოლოგიური რეაბილიტაციის რეკომენდაციების შემუშავება

4.         საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი დაბინძურების შესახებ

 

პლასტიკური და მიკროპლასტიკური წყლის დაბინძურების მონიტორინგისა და ინტეგრირებული შეფასების გარდა, ბსუ შეაფასებს ჰაერისა და ჭაობის ჰაბიტატების დაბინძურებას მიკრონაწილაკებითა და მძიმე ლითონებით კოლხეთის დაცული ტერიტორიის რამსარის ჭაობებში და მდინარე ჭოროხში. პირი სამხრეთ კოლხეთის საზღვრებში, თურქეთის საზღვართან.

ანალოგიურად,  KTU შეაფასებს მიკროპლასტიკების არსებობას და განაწილებას საზღვაო და სანაპირო გარემოში თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთ ზონაში და მდინარე ჭოროხის მძიმე ლითონის დაბინძურებას თურქეთის საზღვრებში. ამ მდინარის მიკროპლასტიკისა და ქიმიური დაბინძურების შესახებ მიღებული მონაცემების შედარებითი ანალიზი ჩატარდება ჭოროხის ქართული ნაწილისთვის მიღებულ მონაცემებთან, რომლის მიზანია შეაფასოს თითოეული მხარის წვლილი შავი ზღვის მთლიან დაბინძურებაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება პლასტიკური დაბინძურების სიმულაციური მოდელი, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პლატფორმებზე. ეს ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს ერთად იმუშაონ და დაბინძურების ეფექტურად აღმოფხვრაზე შესაბამისი ღონისძიებები განახორციელონ.

CARE SEA პროექტი დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს ეკოლოგიური პოლიტიკის განვითარებასა და მართვაში. ბიზნეს სექტორს, საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. პროექტის საბოლოო მიზანია შავი ზღვის სისუფთავისა და ეკოლოგიური მდგრადობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ბუნებრივი გარემოს, ასევე საზოგადოების კეთილდღეობას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა