ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, მალხაზ ჩოხარაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა და მისი დოკუმენტური ფილმის „ამბავი ჭოროხზე ნაოსნობისა“ ჩვენება გაიმართა. შეხვედრა გახსნა ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ბარამიძემ. იუბილარის ღვაწლზე ისაუბრა პროფესორმა მამია ფაღავამ. ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ მკვლევარს იუბილე მიულოცა და წარმატებული სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა. იუბილარის ღვაწლზე ისაუბრეს და წარმატებები უსურვეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თეონა ბერიძემ, პროფესორებმა: ზაზა შაშიკაძემ, რამაზ ხალვაშმა, მურმან გორგოშაძემ, ჯემალ კარალიძემ, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, პოეტმა დავით თედორაძემ, პოეტმა ვახტანგ ღლონტმა.
დოკუმენტური ფილმი, „ამბავი ჭოროხზე ნაოსნობისა“ „დაკარგული ისტორიის“ ვიდეო-ქრონიკების მეორე ნაწილია (პირველი, ,,ამბავი ათორმეტი სავანისა“ 2019 წელს იხილა მაყურებელმა). ფილმში წარმოდგენილია ჭოროხის სანაოსნო სივრცის წარსული და თანამედროვეობა, ნავთმშენებლობისა და ნაოსნობის თავისებურებები, ასევე ზეპირი ისტორიები ჭოროხისპირა დასახლებებიდან. ფილმი შედგება ექვსი ნაწილისგან, რომელთაგან თითოეული უნიკალური ისტორიული მასალით აღწერს ჭოროხის ქვეყნების მრავალფეროვან მემკვიდრეობას. ფილმში გამოყენებულია 2005-2024 წლების სამეცნიერო ექსპედიციების მასალები.
პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ქართული ლიტერატურის ისტორიას, ასევე ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს წარსულისა და თანამედროვეობის შესწავლას. მალხაზ ჩოხარაძე კომპლექსური მონოგრაფიების, „ტაო,“ „კლარჯეთი,“ „შავშეთი,“ „მარადიდი“ და „სარფი,“ თანაავტორია, რომლებმაც ისტორიული სამხრეთ საქართველოსა და მუჰაჯირთა დასახლებების შესწავლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. იგი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რამდენიმე საგრანტო პროექტის ხელმძღვანელია.
2018 წელს მონოგრაფიისათვის ,,კლარჯეთი“ ავტორთა ჯგუფთან ერთად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის პრემია მიენიჭა. მალე 35 წელი შესრულდება, რაც მალხაზ ჩოხარაძე ბათუმის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, სადაც გაიარა გზა მასწავლებლობიდან პროფესორობამდე, სხვადასხვა დროს იყო ფაკულტეტის დეკანი (1996-2002), პრორექტორი ჰუმანიტარული მუშაობის დარგში (2002-2005), 2000 წლიდან დღემდე არის ქართველოლოგიის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე.
ღონისძიება მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა.
უკან |