ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

კლინიკური ქირურგიის დეპარტამენტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულ-ტეტზე სამედიცინო სპეციალობების კათედრის ბაზაზე 1994 წელს ჩამოყალიბდა ზოგადი ქირურგიის კათედრა და რეორგანიზაციამდე (2006 წლამდე) კათედრის გამგე იყო მ.მ.კ. დოცენტი ზ. თედორაძე, სამეცნიერო სტატიების ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. დოცენტი ზ. თედორაძე არის აჭარაში დამწვრობის ცენტრისა და ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების ორგანიზატორი, მისი დაარსების დღიდან (1995 წელი) უცვლელი განყოფილების გამგე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. ზოგადი ქირურგიის კათედრის შემადგენლობაში შედიოდა ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია, ნორმალური ანატომია, დეონტოლოგიისა და ავადმყოფის მოვლის კურსები. სასწავლო პროცესში მონაწილეობდნენ მასწავლებლები მ. ჩხაიძე, ც. თედორაძე, ე. იფშირაძე.

შემდგომ, 1995 წელს ჩამოყალიბდა კერძო ქირურგიის კათედრა, რომელშიც შედიოდა უროლოგიის, ონკოლოგიის, ოფთალმოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის, ანესთეზიოლოგია რეანიმაციის, ტრავმატოლოგიის, ნეიროქირურგიის, რადიოლოგიისა და პათანატომიის ციკლები.

კერძო ქირურგიის კათედრას მისი ჩამოყალიბებიდან 2006 წლამდე სათავეში ედგა მედიცინის მეცნ. დოქტორი, ა. ბერიძე, 2000 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. კათედრის გამგის მოადგილედ 1996-2004 წლებში მუშაობდა მედიცინის მეცნ. დოქტორი გ. ცეცხლაძე, პროფესორის წოდება მიენიჭა 2003 წელს. სას-წავლო პროცესში მონაწილეობდნენ ქირურგები: მედიცინის მეცნ. კანდიდატები ზ. ჩიხლაძე, კ. ქაშიბაძე, ვ. თედორაძე, პედაგოგები ლ. დავითაძე, დ. შაინიძე, უროლოგები მ.მ.კ. მ დიდმანიძე და გ. ლომიძე, მ.მ.კ. მ. ჯინჭარაძე (ონკოლოგიის კურსი), მ.მ.კ. ა. დიასამიძე (ტრავმატოლოგიის კურსი), მ.მ.კ. ნ. გურგენიძე, მ.მ.კ. ი. ჩოთრაძე, მ.მ.კ. გ. ვალიშვილი (ნეიროქირურგიის კურსი), მ.მ.კ. დ. ცეცხლაძე და მ.მ.კ. ს. ფუტკარაძე (რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კურსი), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატები: დ. დიასამიძე, ბ. დიასამიძე, თ. ბოლქვაძე; პედაგოგი ნ. ბოლქვაძე (ოტო-რინო-ლარინგოლოგიის კურსი), მ. გორგილაძე (ოფთალმოლოგიის კურსი), მ.მ.კ. მ. ფუტკარაძე (პათანატომიის კურსი).

სამედიცინო ფაკულტეტზე 1993 წელს, პედიატრიის სპეციალობის გახსნის შემდეგ, შეიქმნა პედიატრიის კათედრა, რომლის ბაზაზე 1996 წლიდან ჩამოყა-ლიბდა ბავშვთა ქირურგიის კურსი. სასწავლო პროცესში მონაწილეობდნენ მ.მ.კ. თ.კონცელიძე, მ.მ.კ. რ. თანდილავა, მ.მ.კ. ჯ. დიასამიძე, პ. ცინცაბაძე, მ. იმნაძე. ხოლო 1997 წლიდან - მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის კურსი (ხელმძღვანელი მ.მ.კ. ჯ. უნგიაძე, მასწავლებლები ი. ნიკურაძე, ი. რამიშვილი, ნ. ზამთარაძე, ხ. ვარშალომიძე).

კერძო ქირურგიის კათედრაზე მისი ჩამოყალიბების დღიდანვე მიმდინარეობდა აქტიური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. კათედრის სამეცნიერო კვლევის პრიორიტეტული მიმართულება იყო პოლიტრავმული დაზიანება და მათ დროს სისხლის ფორმიანი ელემენტების სტრუქტურულ ციტოქიმიური შესწავლა. თემის ირგვლივ გამოქვეყნებული იყო მრავალი სამეცნიერო სტატია, შედეგები მოხსენებული იქნა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებზე, აღებულია საავტორო მოწმობები, დაცული იქნა სადოქტორო (ა. ბერიძე, 1995 წელი) და 2 საკანდიდატო დისერტაცია (კ. ქაშიბაძე, ი. ნაკაშიძე, 1997-1998 წლები). ასევე კათედრაზე მიმდინარეობდა სამეცნიერო კვლევა ელენთის მნიშვნელობისა და მისი დაზიანებისას ორგანოშემნარჩუნებელი ოპერაციების შესახებ. თემის ირგვლივ გამოქვეყნებული იყო სამეცნიერო სტატიები, შედეგები მოხსენებული იქნა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებზე, აღებულია საავტორო მოწმობები, დაცული იქნა სადოქტორო დისერტაცია (გ. ცეცხლაძე, 2003 წელს).

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული რეფორმების შედეგად 2006 წელს სამედიცინო ფაკულტეტი შეუერთდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს. ხოლო ქირურგიული პროფილის კათედრების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა ქირურგიის დეპარტამენტი. დეპერტამენტში არჩეული აკადემიური პერსონალი: სრული პროფესორები ა. ბერიძე, გ. ცეცხლაძე, კ. ქაშიბაძე, ასოცირებული პროფესორები რ. თანდილავა, ჯ. უნგიაძე, ი. ნაკაშიძე, გ. ჟღენტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა ასოცირებული პროფესორი რ. თანდილავა. უნივერსიტეტში დეპარტამენტების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით 2007 წელს ქირურგიის დეპარტამენტი თერაპიისა და სტომატოლოგიის დეპარტამენტებთან ერთად გაერთიანდა მედიცინის დეპარტამენტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სრული პროფესორი კ. ქაშიბაძე.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წელს მედიცინის მიმართულებები გამოიყო დამოუკიდებელი - ჯანდაცვის ფაკულტეტის სახით და ქირურგიის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურულ ერთეულად რომელსაც ხელმძღვანელობდა სრული პროფესორი კ. ქაშიბაძე. 2009 წელს მას ეწოდა კლინიკური ქირურგიის დეპარტამენტი.

2009 წელს უნივერსიტეტში ჩატარებული აკადემიური პერსონალის არჩევნების ჩატარების შემდეგ დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა ასოცირებული პროფესორი რ. თანდილავა.

დეპარტამენტში მიმდინარეობს შემდეგი კლინიკური დისციპლინები:
_ კლინიკური ქირურგია;
_ ჰოსპიტალური ქირურგია;
_ პლასტიკური ქირურგია;
_ უროლოგია;
_ ონკოლოგია;
– მეანობა-პერინატოლოგია;
_ გინეცოლოგია;
_ რეპროდუქტოლოგია;
_ ბავშვთა ქირურგია;
_ ოფთალმოლოგია;
_ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებანი;
– ტრავმატოლოგია;
_ ორთოპედია;
_ სამხედრო-საველე და ურგენტული ქირურგია;
_ ნეიროქირურგია;
_ სასამართლო მედიცინა, საექიმო სამართალი.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2009 წლის დეკემბერში ფართოდ აღნიშნა ცნობილი ქირურგის, ღვაწლმოსილი პედაგოგის, კლინიკური ქირურგიის სრული პროფესორის აკაკი ბერიძის დაბადებიდან 70 წლის იუბილე.

ა. ბერიძე არის ქირურგთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, სამედიცინო სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აჭარის ქირურგთა საზოგადოების თავმჯდომარე, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიაში სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. მიღებული აქვს ორი საავტორო უფლება, არის ხუთი პატენტის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 70 სამეცნიერო სტატია და სამი მონოგრაფია, არის სამი მონოგრაფიის რედაქტორი, ოთხი საკანდიდატო დისერტაციის მეცნიერ ხელმძღვანელი, ერთი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ კონსულტანტი და საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი; მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და კონგრესის მონაწილე (პოლონეთი, უკრაინა, აშშ, გერმანია, რუსეთი). პროფესორი ა. ბერიძე არის აჭარაში ლაპარასკოპიული ქირურგიის დანერგვის ინიციატორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

პროფესორ ა. ბერიძეს 2010 წლის თებერვალში მიენიჭა ემერიტუსის საპატიო წოდება.

ამიერიდან (2010 წლიდან დღემდე) კლინიკური ქირურგიის მიმართულებას დეპარტამენტში ხელმძღვანელობს მისი მოწაფე მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი კ. ქაშიბაძე, ქირურგთა, გასტროენტეროლოგთა და ონკოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის, ევროპის ქირურგთა ასოციაციის, ევროპის ჰერნიოლოგთა ასოციაციის, მსოფლიო ქირურგთა კოლიჯის ნამდვილი წევრი, ევროპისა და საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის ნამდვილი წევრი, საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი, 52 სამეცნიერო სტატიის ავტორი, 4 მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და კონგრესის მონაწილე (პოლონეთი, უკრაინა, საბერძნეთი, უნგრეთი, თურქეთი). მოპოვებული აქვს ხუთი საავტორო უფლება გამოგონებაზე.

მეან-გინეკოლოგიის მიმართულებას დეპარტამენტში უძღვებოდა მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი ჯ. უნგიაძე, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, 60 სამეცნიერო სტატიის ავტორი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და კონგრესის მონაწილე (ესპანეთი, მალაიზია, ჰონგ-კონგი). მოპოვებული აქვს საავტორო უფლება გამოგონებაზე.

ბავშვთა ქირურგიის მიმართულებას დაპარტამენტში ხემძღვანელობდა მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი რ. თანდილავა, ევროპისა და რუსეთის ანდროლოგთა პროფესიონალური ასოციაციის წევრი, 28 სამეცნიერო სტატიის ავტორი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და კონგრესის მონაწილე (პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, ტაჯიკეთი). მოპოვებული აქვს საავტორო უფლება გამოგონებაზე, რაციონალური წინადადება.

ტრავმული დაავადებების მიმართულებას კურირებდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი გ. ჟღენტი, 30 სამეცნიერო სტატიის და 4 მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი, საერთაშორისო კონფერენციისა და კონგრესის მონაწილე (რუსეთი).

დეპარტამენტში აკადემიურ პერსონალთან ერთად სასწავლო პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ მედიცინის დოქტორები: ქირურგი ვ. თედორაძე (უკრაინის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ტოპოგრაფ-ანატომთა საზოგადოების წევრი, 17 სამეცნიერო სტატიისა და 3 მონოგრაფიის თანაავტორი, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, მიღებული აქვს ორი პატენტი და ერთი საავტორო უფლება); ონკოლოგი მ. ჯინჭარაძე (საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ასოციაციის აქტიური წევრი, მოპოვებული აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გრანტი “სხივური თერაპიის რეაბილიტაციის პროგრამა საქართველოში”); უროლოგი მ. დიდმანიძე (ევროპისა და საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრი, ექვსი სამეცნიერო სტატიის ავტორი, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე (რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი); ნეიროქირურგი მ. ხინიკაძე (ექვსი სამეცნიერო სტატიის ავტორი).

სასწავლო პროცესში ასევე მონაწილეობდნენ მოწვეული მასწავლებლები ე. დიასამიძე (ქირურგი), მ.გორგილაძე (ოფთალმოლოგი), ნ. ბოლქვაძე და ო. ფუტკარაძე (ოთო-რინო-ლარინგოლოგები), ი. ნიკურაძე და ნ. ზამთარაძე (მეან-გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები), ზ. აბაშიძე (სასამართლო სამედიცინო ექსპერტი).

გარდა სასწავლო პროცესისა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ შესწავლილი იქნა ნაწლავთა სუბტოტალური კრიტიკული იშემიით მიმდინარე დაავადებებისას იშემია-რეპერფუზიული სინდრომის მართვის საკითხები. სულ თემის ირგვლივ გამოქვეყნდა 14 სამეცნიერო ნაშრომი. მოპოვებული იქნა სამი საავტორო მოწმობა. ჩატარებულია მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა განივი ფასციის მნიშნელობის შესახებ მუცლის კედლის ენდოპროტეზირებისას. მიღებული შედეგები მოხსენებული იქნა ქ. ევპატორიაში მიმდინარე ჰერნიოლოგთა საერთაშორისო კონფერანციაზე, საქართველოს ქირურგთა ასოციაციის სხდომაზე და გამოქვეყნდა 4 ნაბეჭდი შრომა, აღებული იქნა საავტორო მოწმობა. დეპარტამენტში შესწავლილია თირკმლის ქრონიკული ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში არტერიო-ვენური მიდგომის სრულყოფა (პირველადად არახელსაყრელ და ოპერაციის შემდგომ განვითარებული გართულებების პირობებში). თემის კევლევის მოკლე პერიოდში შესრულებულია ერთი სამეცნიერო ნაშრომი, სადაც გამოვლინდა ენდოპროთეზების ფართო გამოყენების აუცილებლობა. დასრულებულია სამეცნიერო კვლევა კრიპტორქიზმის ქირურგიული მკურნალობის შესახებ ბავშვთა ასაკში. გამოყენებული იქნა ორქიდოპექსიის მოდიფიცირებული მეთოდი. დადასტურებულია მეთოდის გამოყენების მაღალი ეფექტურობა კრიპტორქიზმის ქირურგიული კორექციის დროს. სულ თემის ირგვლივ გამოქვეყნდა 4 სამეცნიერო ნაშრომი.

კლინიკური ქირურგიის დეპარტამენტში ასევე მიმდინარეობდა ადრე დაწყებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო პროფუზული გასტრო-ენტერალური სისხლდენებისას ენდოსკოპიური მეთოდების გამოყენების სრულყოფისათვის. კვლევა კლინიკურ-ექსპერიმენტული ხასიათისაა, სადაც დასახული მიზნით პირველად იქნა გამოყენებულია პრეპარატი Ancafer Blood Stopper.

ასევე გრძელდებოდა მუცლის კედლის თიაქრების ორიგინალური მეთოდის მოწოდება განივი ფასციის გამოყენებით. მოწოდებულია ახალი ტიპის ოპერაცია, რაც საზარდულის თიაქრისას მუცლის კედლის ბადის პლასტიკისას განივი ფასციის აღდგენას ითვალისწინებს.

სასწავლო პროცესი კლინიკური ქირურგიის დეპარტამენტში შემავალ დისციპლინებში ტარდებოდა ისეთ კლინიკურ ბაზებზე, როგორიცაა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი, ქალაქ ბათუმის № 1 კლინიკური საავადმყოფო, კლინიკა “მედინა”. აღნიშნულ კლინიკებში ხორციელდებოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობა.

დეპარტამენტში შემუშავებული და წარდგენილი იქნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წინაშე აკრედიტაციის მისანიჭებლად რეზიდენტურის პროგრამა “მეანობა-გინეკოლოგია”.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა