ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება ,,კავკასიის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და თანამედროვე მასალებში“. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფორუმში 10 ქვეყნის 80-მდე მკვლევარი მონაწილეობს. სიმპოზიუმის მიზანია პოლიმერებსა და ინოვაციური მასალების სფეროში მომუშავე მეცნიერებს დაეხმაროს წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, დარგში არსებული პრობლემები და აღმოჩენები. სიმპოზიუმი ასევე ხელს შეუწყობს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქართული და კავკასიური სამეცნიერო ჯგუფების ახალი სამეცნიერო კვლევების წარმატებით გაცნობას.
მკვლევარები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებიდან ოთხი დღის განმავლობაში პოლიმერების სინთეზის ახალ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე იმსჯელებენ. დარგის განვითარება იმ პრობლემების მოგვარებას დაეხმარება, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დგას. სიმპოზიუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ საერთაშორისო კავშირებს, ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, სამეცნიერო პოტენციალის სრულყოფილად გამოყენებას.
უკან |