გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ინდოელი სტუდენტების ბათუმური ცხოვრება

სურათი

მილ ნარაიანი და დჰარმიკ მენდაპორა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის სპეციალობაზე სწავლობენ. ისინი აქ განათლების მისაღებად ინდოეთიდან ჩამოვიდნენ. ამბობენ, რომ ბათუმი ლამაზი, მშვიდი და კომფორული ქალაქია, ხალხი კი - თბილი. განსაკუთრებით მოსწონთ ქართული სამზარეულო. მომავალ ექიმებს საერთო მიზანი აქვთ - იყვნენ წარმატებულები.

„ _ მე ვარ მილ ნარაიანი,   21 წლის. ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის სპეციალობაზე.  ვარ ინდოეთიდან. ბათუმში გასულ წელს ჩამოვედი. მიყვარს ინდური და ინგლისური მუსიკები, ასევე სწავლა. ვფლობ ინგლისურ, ინდურ, ფრანგულ და იაპონურ ენებს. ძალიან მიხარია აქ ყოფნა.

მე ავირჩიე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რადგან ის საუკეთესო სასწავლებელია. ბათუმი ძალიან უსაფრთხო და ლამაზი ქალაქია. ხალხი, სტუდენტები ძალიან მეგობრულები არიან. ჩემი მასწავლებლები უნივერსიტეტში კეთილშობილები და პროფესიონალები გახლავთ. მათგან ბევრი რამის სწავლა შევძელი. ამ უნივერსიტეტის სამედიცინო განათლება ნებისმიერი სხვა ქვეყნის განათლების ანალოგიურია. ჩვენ ერთად ვაკეთებთ პროექტებს და ვმუშაობთ ჯგუფურად. ბიბლიოთეკა ძალიან დიდია და სასწავლო მასალაც ძალიან მდიდარი. ლექტორები გვეხმარებიან.
ბევრი ქართველი მეგობარი მყავს ბათუმში. ისინიც სწავლობენ ამ უნივერსიტეტში. ესენი არიან: ანა, მარი, ნათია და გიო. ჩვენ ერთმანეთი ლექციებზე გავიცანით. ხშირად მივდივართ ერთად საყიდლებზე, ვსეირნობთ ბულვარში... ძალიან მიყვარს ქართული ხინკალი და ხშირად ერთად მივირთმევთ ხოლმე.  ბევრს ვხალისობთ. ჩემი საუკეთესო მეგობარია მარი. ის 21 წლისაა. ჩვენ ერთად ბევრს ვსწავლობთ და მან ძალიან კარგად იცის ინგლისური ენა. ტანსაცმლისა და ბევრი ნივთის საყიდლად მივდივართ ერთად, რაც  ძალიან მსიამოვნებს.

ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო, ხინკალი განსაკუთრებით და მეგობრები ხშირად დავდივართ „ხინკლის სახლში“. ასევე მიყვარს ლავაში და ხაჭაპური. ქართული ღვინო ძალიან გემრიელია.
როცა სადმე ვსხდებით, ქართულ ღვინოს ვუკვეთავთ. ტოკიოს სახლი და მაკშაურმა ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია. მეგობრებთან ერთად ხშირად მივირთმევ ოჯახურს და შემწვარ ხორცს“.

ვინ და რა მენატრება ყველაზე მეტად ინდოეთში

„ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი და მეგობრები მენატრება. ყველაზე მეტად ჩემი უმცროსი და მიყვარს, ამიტომაც მენატრება ძალიან. ასევე ძალიან მიყვარს დედაჩემის სამზარეულო და ინდური საჭმელი, რაც მონატრების ნაწილია. ჩემს ინდოელ მეგობრებთან ერთად ბევრს ვსეირნობდი. მენატრება ზაფხული  ინდოეთში, რადგან ბათუმი ხშირად ძალიან ცივია“.

რატომ მინდა ექიმობა
„მინდა დავეხმარო ავადმყოფებს. მე მაქვს იმის უნარი, რომ ვუმკურნალო ადამიანებს. მინდა ვიყო საუკეთესო ექიმი ჩემს ქვეყანაში“.

ერთი დღე ბათუმში

„ყოველდღე ვიღვიძებ 7 საათზე. შემდეგ ვსაუზმობ. თითქმის ყოველდღიურ მენიუს წარმოადგენს ხაჭაპური და რძიანი ყავა. უნივერსიტეტში 9 საათზე მივდივარ. ხშირად მაქვს 6 ლექცია. ლექტორებთან ერთად ვმუშაობთ და ვსწავლობთ. პროექტებს ვაკეთებთ და ხშირად დავდივართ ბიბლიოთეკაში. გაკვეთილის შემდეგ მეგობრებთან ერთად მივდივარ ბულვარში ან ბათუმის  რომელიმე სავაჭრო ცენტრში. ჩვენ ვყიდულობთ ყოველდღიური მოხმარების ნივთებს.  ჩვენ დავდივართ კლუბებში. ასევე მიყვარს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნების კითხვა. ბათუმი ძალიან ლამაზი ქალაქია  და მე აქ ვტკბები“.

მე ვარ დჰარმიკ მენდაპარა, 21 წლის, მეოთხეკურსელი.   ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის სპეციალობაზე. ვარ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრი.

როცა დავამთავრე სკოლაში სწავლა,  მამაჩემი ესაუბრა ჩემს ერთ-ერთ ძმას  (ასე ვეძახით მეგობარს), რომელიც სწავლობდა სამედიცინოზე ბსუ-ში. სწორედ მან შემომთავაზა, რომ აქ მესწავლა.    ჩემმა ძმამ გვითხრა, რომ უნივერსიტეტში საინტერესო კვლევები ხორციელდება და ბათუმში ცხოვრება არის უსაფრთხო.

როცა აქ ჩამოვედი, თავიდან ჰოსტელში მოვეწყვე, ახლა ბინაში ვცხოვრობ, ასევე გვაქვს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები ძალიან კეთილი და ბუნებით კარგი ადამიანები არიან. კარგად გვასწავლეს ქართული ენა, ენის პრობლემა არსად მექმნება.   ჩვენი დეკანი ქალბატონი მარინა და მოადგილე - ქალბატონი სოფიკო - ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარებისთვის. დიდი ბიბლიოთეკა და ლაბორატორიები განათლების მიღებაში გვეხმარება. 

ბევრი ქართველი მეგობარი მყავს როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის გარეთაც.  ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ აქ, ისინი ნებისმიერ დროს მხარში მიდგანან.  საინტერესო სტუდენტური ცხოვრება გვაქვს - ვმოგზაურობთ, ვმართავთ ღონისძიებებს. ვესტუმრე მეგობრებს მაღალმთიან აჭარაში.

მომწონს ქართული კერძები:  ხაჭაპური, ლობიანი, ოჯახური, სალათები. მიყვარს სახლში დამზადებული ნამცხვრის კრემი. ჩვენ უკვე ყოველდღიურად ქართულ სამზარეულოს მივირთმევთ და ეს იმიტომ, რომ ძალიან მოგვწონს“.

მონატრების ფაქტორი

„მენატრება ჩემი ოჯახის წევრები, ტრადიციული სამზარეულო, აქ დედაჩემის მომზადებულ საჭმელებს ვერ მივირთმევ... ასევე მენატრება ჩემი მეგობრები, რადგან ბავშვობიდან ჩვენ ერთად ვცხოვრობთ. ოთხი წელი ბათუმში ვარ, დარჩენილი ორი წელიწადიც მალე გაივლის“.

ექიმობა - მამის ოცნება

„მიყვარს ჩემი მომავალი პროფესია. მამაჩემის ოცნებაც ის იყო, რომ ექიმი გავმხდარიყავი. გადაწყვეტილება მეც ამიტომ მივიღე.    რამდენიმე წელიწადში ექიმი ვიქნები არა მხოლოდ ფულის შოვნის მიზნით, არამედ უნდა დავეხმარო გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ იმკურნალონ საავადმყოფოში, გადაიხადონ მკურნალობის ხარჯები. ასე რომ, რამდენიმე წელიწადში ინდოეთში წავალ და კარგი ექიმი ვიქნები.  ასევე ჩემი ოჯახის წევრებიც ამაყობენ ჩემით და ჩემი მეგობრებით.

აქ სწავლის დასრულების შემდეგ, კარდიოლოგიის მიმართებით ვაპირებ სპეციალიზაციას. მომწონს ეს მიმართულება“.

ერთი დღე ბათუმში

„თუ ლექციები მაქვს, დილით უნივერსიტეტში მოვდივარ, ლექციას ან ჯგუფში მუშაობას ვესწრები. თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში მივდივარ, ვმეცადინეობ ან დამატებით ლიტერატურას ვკითხულობ.

ასევე, როცა თავისუფალი ვარ, ჩვეულებრივ მეგობრებთან ერთად დავდივარ ბულვარში. ზაფხულში ვსეირნობთ, ზამთარში კი მივდივართ სამოგზაუროდ იქ, სადაც შევძლებთ თოვლის ნახვას.    ასევე ჩვეულებრივ დავდივარ საავადმყოფოებში,  ქართული ენა უკვე კარგად ვიცი და შემიძლია ექიმებთან და პაციენტებთან კომუნიკაცია.  ყველა ექიმი ძალიან მეგობრულია, ერთად გაგვიკეთბია ოპერაცია. ხშირად დავდივართ სასადილოდ კაფესა და რესტორანში როგორც მეგობრებთან, ასევე ექიმებთან ერთად.   ბათუმი ძალიან უსაფრთხო, პატარა და სუფთა ქალაქია,  ამიტომაც მომწონს აქ ცხოვრება“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა