„პედაგოგი უნდა იყოს ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული“
გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ სტუმარია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში - ბატონი ღასან ხალილი, რომელიც ამავდროულად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. ის ჩვენს უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის დაარსებას მნიშვნელოვან გამოძახილად მიიჩნევს. აქ ჩატარებული თითოეული ლექცია-სემინარი ბავშვის უფლებების პოპულარიზაცია-ხელშეწყობას ემსახურება.
_ ბატონო ღასან, ზოგადად, რას გვეტყვით გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ?
_ 1946 წლიდან, გაეროს ბავშვთა ფონდის დაარსებიდან, ორგანიზაცია მუშაობს ბავშვის უფლებებზე სხვადასხვა მიმართულებით - ეს იქნება განათლება, ბავშვთა დაცვა, ჯანმრთელობა, ჯანსაღი კვება, წყალი თუ სანიტარია. ორგანიზაცია ადვოკატირებას უწევს ბავშვის უფლებების პატივისცემას ყველა ქვეყანაში. ორგანიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტია 1989 წელს მიღებული ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის რატიფიკაცია საქართველომ 1993 წელს მოახდინა.
_ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით შეიქმნა ბავშვის უფლებების ცენტრი და გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც სხვადასხვა აქტივობას ისახავს მიზნად. თქვენი მხრივ, რას გვეტყვით ამ თანამშრომლობის შესახებ?
_ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებების ცენტრის დაარსება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მისი მიზანია, ბავშვის უფლებების პოპულარიზაცია აჭარის რეგიონში. ეს ცენტრი ერთ-ერთია საქართველოში დაარსებული შვიდი ცენტრიდან. გაეროს ბავშვთა ფონდს არაჩვეულებრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა აქვს ბათუმის უნივერსიტეტთან. მე პირადად დავესწარი ბევრ აქტივობას. ვიმედოვნებ, რომ კიდევ სხვადასხვა ტიპის აქტივობა ჩატარდება და ბევრ წარმატებას მივაღწევთ.
_ თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ლექცია და სემინარი ჩატარდა. რას გვეტყვით ამის შესახებ?
_ დიახ, ჩატარდა ბევრი აქტივობა, ლექცია. თითოეული მათგანი ემსახურება ბავშვის უფლებების ცენტრის მთავარ მიზანს - ბავშვის უფლებების პოპულარიზაცია-ხელშეწყობას. ახლო მომავალში ვისურვებდი, რომ ცენტრი უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდეს აჭარაში არსებულ სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, რათა იგი ჩამოყალიბდეს კომპეტენტურ დაწესებულებად, რომელიც შეძლებს აჭარაში ბავშვთა და მათი უფლებების მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის, ცოდნის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისთვის.
_ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინკლუზიურ განათლებასთან მიმართებაში, რა ქმედითუნარიანი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი?
_ ინკლუზიური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ამ მიმართულებით არის გარკვეული ინიციატივები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს. აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ბავშვის უფლებების ცენტრის როლი ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთ-ერთი სფეროა, სადაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სამმხრივი ხელშეკრულება თუ პარტნიორობა - უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრს, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და იუნისეფს, რათა ხელი შევუწყოთ ინკლუზიური განათლების პრაქტიკული პროექტების და მაგალითების გავრცელებას თუ დანერგვას.
_ ბავშვები და მედია ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი აქტუალური და საინტერესო საკითხია. თქვენი შეფასება ამ საკითხთან მიმართებაში მსოფლიოსა და საქართველოს მაგალითზე...
_ მედია ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედია ეთიკურად აშუქებდეს ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს და ეს სწორედ ის საკითხია, რომელზეც იუნისეფი წლებია აქტიურად მუშაობს და გააგრძელებს მუშაობას მომავალშიც. ზოგჯერ ვხედავთ მედიის მხრიდან დარღვევებს ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას, ეს კი არ ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს მედიის მიერ ბავშვთან დაკავშირებული საკითხების ეთიკურად გაშუქების ხელშეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება ბავშვის უფლებებზე.
_ ბატონო ღასან, რას ურჩევთ პედაგოგებს და ჟურნალისტებს?
_ ჟურნალისტებს და მასწავლებლებს ვურჩევ, მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა ბავშვის უფლებების შესახებ, გაეცნონ ბავშვის უფლებების კონვენციას და საქართველოს ბავშვის უფლებების კოდექსს. ბავშვის უფლებების საფუძვლიანი ცოდნა დაეხმარება მათ იყვნენ უკეთესი პროფესიონალები, უკეთ ემსახურონ ბავშვებს და უზრუნველყონ ბავშვში საუკეთესო ინტერესი.
_ ბატონო ღასან, თქვენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტებთან აქტიური ურთიერთობა გაქვთ. როგორი უნდა იყოს მომავლის პედაგოგი? თქვენი რჩევები სტუდენტ-ახალგაზრდობას....
_ ყველა პედაგოგი უნდა იყოს ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული. ბავშვის უფლებები უნდა ისწავლებოდეს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე. სწორედ ასე ხდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ბავშვის უფლებები ინტეგრირებულია კურიკულიუმში და პედაგოგიური ფაკულტეტის ყველა კურსდამთავრებულს გავლილი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი იყოს ბავშვზე ორიენტირებული და ბავშვისადმი კეთილგანწყობილი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ბავშვის განათლება ორიენტირებული მის პიროვნულ განვითარებაზე და არა მხოლოდ ცოდნის მიღებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია ბავშვის უფლებების კონვენციის 29-ე მუხლში.
უკან |