გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

წარმატებული ექიმი

სურათი

„სარეკლამო ბანერზე წარმოდგენილი ლამაზღიმილიანი ექიმის მიღმა, არის სიძნელეები და სტრესი“

რუბრიკაში - წარმატებული კურსდამთავრებული, გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ წარმოგიდგენთ ექიმ ლადო ბაზიაშვილს.  ცნობილი ნეიროქირურგი ჩვენი ქალაქის მკვიდრია. სტუდენტობა მისთვის ხალისიან წლებთან ასოცირდება. დღეს უკვე წარმატებული ექიმი, სახელმძღვანელოს ავტორი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სტუდენტებს მოუწოდებს, მედიცინის დარგის არჩევისას სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. ლადო ექიმი ფიქრობს, რომ წარმატებული მკურნალობის შემდეგ, სახლში საკუთრი ფეხით წასული პაციენტის ისტორია ბევრად უფრო სრულყოფილი და სასიამოვნოა თავის შესავლით, კვანძის გახსნითა და ფინალით, ვიდრე ნებისმიერი საოპერო ნაწარმოებით ტკბობა თუ სქელყდიანი რომანის წაკითხვა...

_ რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა...

_ რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ ერთხელ მამაჩემმა ისეთი რამ მითხრა (ვერ გეტყვით), სხვა პროფესიაზე დავიწყე ფიქრი და ასე მივედი ექიმობასთან.

_ გთხოვთ, გაიხსენოთ სტუდენტობის წლები...

_ 1998 წელს ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე. ეს იყო ძვირფასი წლები ჩემთვის. იმ დროისთვის ბიბლიოთეკა რემონტდებოდა, წიგნები ფიზკულტურის დარბაზში ელაგა და შეკრული იყო, კატალოგები არეული, ბიბლიოთეკარები გვიცნობდნენ, გვენდობოდნენ და გვიშვებდნენ დარბაზში, ჩვენც „შევესეოდით“ ხოლმე წიგნებს. ზეპირად ვიცოდით თემატიკის მიხედვით - სად რომელი წიგნი ელაგა. გამიმართლა ჯგუფელებში, რომლებთანაც დავმეგობრდი. სწავლისა და ინტელექტუალური ზრდის სურვილი იყო ის, რაც გვაერთიანებდა, ამას ავსებდა იუმორით სავსე, ხალისიანი სტუდენტური მანსანკანი, რომელშიც აქტიურად ვიყავით ჩართულნი.

_ დღეს უკვე ლექტორის გადასახედიდან, რას ურჩევთ თქვენს სტუდენტებს?

_ პირველი ლექცია ყოველთვის გაცნობითი ხასიათის არის და საგნის ზოგად მიმოხილვას ეხება, ნეიროქირურგიის განვითრების ისტორიას, შემდეგ იმ წიგნებს, რომლითაც უნდა ისწავლოს თანამედროვე სტუდენტმა საგანი. სამწუხაროდ, ნეიროქირურგიის ქართულენოვანი სახელმძღვანელო სულ სამია, აქედან ერთი ჩემი შედგენილი. ნებისმიერი აღიარებული, რეიტინგული სამედიცინო ლიტერატურა დღეს ინგლისურენოვანია, კვლევები, კონფერენციები, რეკომენდაციები, გაიდლაინები - ყველაფერი ინგლისურ ენაზეა. შესაბამისად, ენის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია ამ პროფესიის სრულფასოვნად დაუფლება. ამიტომაც, პირველ რიგში სტუდენტებს მოვუწოდებ,  უცხო ენა საფუძვლიანად შეისწავლონ. ასევე, წინასწარ უნდა შეეგუონ, რომ ექიმობა გამარჯვებიდან გამარჯვებამდე გზაზე, ყოველთვის გამარჯვებით არ მთავრდება და იავარდებით არ არის მოფენილი. თეთრხალათიანი, ფონენდოსკოპიანი, სარეკლამო ბანერზე წარმოდგენილი ლამაზღიმილიანი ექიმის მიღმა, არის სიძნელეები და სტრესი, ამიტომ საჭიროა მდგრადი ფსიქიკა, ძლიერი ხასიათი და შეუპოვრობა, სამედიცინო დარგის არჩვისას სწორი გადაწყვეტილება.

_ ლადო ექიმო, რატომ გადაწყვიტეთ ნეიროქირურგობა?

_ ხელოვნებასთნ ყველაზე ახლოს მეჩვენება, დამიჯერეთ, თავის ტვინის ანევრიზმის კლიპირების შემდეგ, გამარჯვებით დასრულებული ოპერაცია... საკაცით შემოყვანილი, ცნობიერებადაკარგული პაციენტი, წარმატებული მკურნალობის შემდეგ, სახლში საკუთრი ფეხით წასული პაციენტის ისტორია ბევრად უფრო სრულყოფილი და სასიამოვნოა თავის შესავლით, კვანძის გახსნითა და ფინალით, ვიდრე ნებისმიერი საოპერო ნაწარმოებით ტკბობა თუ სქელყდიანი რომანის წაკითხვა. ნუ, გამონაკლისებიც არის...

_ რა გახდა თქვენი წარმატების საწინდარი?

_ შეუპოვრობა, შრომისმოყვარეობა, უძილო ღამეები, ახალი ჩემეული სწავლის მეთოდები. მაგალითად, კიევში ორდინატურის სწავლის ფულის შესავსებად 8 ტონა მანდარინის ფუთა მაქვს დაცლილი, ჟალუზების საამქროშიც ვმუშაობდი....

_ გთხოვთ, გაიხსენოთ რეზიდენტურაში სწავლის პერიოდი...

_ მე გამიმართლა, საქართველოში რეზიდენტურის უფასო პროგრამაში კონკურსის შედეგად ჩავირიცხე. ნეიროქირურგიის მოდულების პროგრამა იყო ევროპული სტანდარტის ანალოგი და პირველმა მგონი ნეიროქირურგიის ეს მოდელი მე გავიარე. რამდენიმე ბაზაზე ვესწრებოდი ოპერაციებს. ინგოროყვას კლინიკა კარგად აღჭურვილი, თანამედროვე ნეიროქირურგიული კლინიკა იყო, სადაც 3 წელი ნაყოფიერად ვისწავლე და პრაქტიკული საბაზისო უნარ-ჩვევებიც შევიძინე. პარალელურად, ნეიროქირურგიულ ატლასზე ვმუშაობდი.

_ ექიმის გადასახედიდან, რას გვეტყვით  მსგავსება-განსხვავებებზე ქართულ და უცხოურ სასწავლებლებს შორის მედიცინის მიმართულებით?

_ საბედნიეროდ როგორც უცხოურ ისე, ქართულენოვან სამედიცინო ფაკულტეტზე სილაბუსები შედგენილია  ევროპული ანალოგების საფუძველზე, ასევე ძალიან იხვეწება გამოცდების სისტემაც. მაგალითად, ოსკი არის ინტეგრირებული მეთოდი, რომელიც კარგად ავლენს სტუდენტის კომუნიკაციურ უნარებს და კლინიკურ ცოდნას, უზრუნველყოფს პაციენტების უსაფრთხოებას, გამოიყენება სტანდარტიზირებული შეფასება. ოსკი - ერთადერთი მეთოდია, რომელიც რეალობაზე დაფუძნებულ სიმულირებულ გარემოში სტუდენტის კლინიკურ უნარ–ჩვევებს ავლენს.

_ პაციენტი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ...

_ ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის მქონე 19 წლის გოგონა, რომელიც ოპერაციის შემდეგ კომიდან ღიმილით გამოვიდა.

_ ექიმ ლადო ბაზიაშვილის ერთი დღე...

_ ფაქტობრივად, ყველაფერი გაწერილი მაქვს:  09:45 საათი - ქირურგიულ დეპარტამენტში კონფერენცია, შემდეგ შემოვლა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში,  შეხვევები, ყავა, შემოსული პაციენტის ჰოსპიტალიზაცია,  10:00 საათიდან 16:00-მდე სტუდენტები მყავს,  კონსულტაციები, ოპერაცია, შეხვევები რეანიმაციაში, გასაწერი პაციენტის გაწერა, წერა, წერა და ისტორიების წერა, ყავა... ამასობაში 17:30 საათია, სერგის ბაღიდან გამოყვანის დროა...

ხვალინდელი დღე დაგეგმვას არ საჭიროებს. ფაქტობრივად, ყველაფერი იგივეა... 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა