გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ჩვენ ვირჩევთ ბსუ-ს

სურათი

2 მარტს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. უპირველესად, ისინი სამ აპრილამდე ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ (https://online.naec.ge/defonline/). აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპისგან შედგება (https://online.naec.ge/defonline/).

ძმები, ნიკა და ზური დარჩიძეები, შუახევის რაიონის სოფელ მახალაკიძეების მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. ოქროსმედალოსანი ბიჭები გეგმავენ, რომ მომავალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ანდონ, რაც განაპირობა როგორც უნივერსიტეტის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ასევე გაცვლითი პროგრამების სიმრავლემ.  ნიკა მომავალი სამართალმცოდნეა, ზური კი - ბიზნესმენი.

„მთავრდება ბავშვობა და იწყება ახალი ეტაპი. ეს წლები  დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.  მადლობელი და მადლიერი ვარ ჩემი მშობლიური სკოლის, პედაგოგების, რომლებმაც 12 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მასწავლეს და ჩემ ცხოვრებას აზრი შესძინეს“, _ ამბობს ნიკა.

„სკოლაში სწავლების პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. საბედნიეროდ, ჩემთვის სასკოლო ცხოვრება ასოცირდება  როგორც საგაკვეთილო პროცესებთან, ასევე საშუალება მქონდა მონაწილეობა მიმეღო მონაწილეობა არაერთ ოლიმპიადაში. გარდა ამისა, სკოლაში ვაწყობდით სხვადასხვა აქტივობას, ლიტერატურულ  საღამოებსა და ღონისძიებებს, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული როგორც მე, ასევე ჩემი ძმა ნიკა“, _ გვიზიარებს სასკოლო ცხოვრებას ზური.

ძმები ტყუპები არ არიან. ნიკა ზურიზე ერთი წლით უფროსია, თუმცა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ერთ კლასში ესწავლათ. შესაბამისად, ძმობას თანაკლასელობაც ემატება, მაგრამ სამომავლოდ ისინი თანაკურსელები აღარ იქნებიან.

„ჩემი აზრით, ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე ჩავაბარო. საკუთარ თავს მხოლოდ ამ პროფესიაში ვხედავ და მომავალსაც მასვე ვუკავშირებ.

პროფესიის არჩევის შემდეგ, დადგა უნივერსიტეტის ჯერიც. ბევრისგან მივიღე რჩევა, რომ მესწავლა ამა თუ იმ სასწავლებელში. ვფიქრობ, ბსუ ის უნივერსიტეტია, რომელიც  ახალგაზრდებს აძლევს უამრავ შესაძლებლობას.   კერძოდ, უცხოეთში სწავლას ვგულისხმობ, რაც ბევრი ახალგაზრდისთვის ოცნებაა“, _ გვიმხელს გადაწყვეტილებას ნიკა.

ძმის პოზიციას იზიარებს ზურიც იმ განსხვავებით, რომ ის ბიზნესის ადმინისტრირებაზე აბარებს. ამბობს, რომ თავდაუზოგავი შრომით, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

ბიჭებს სტუდენტურ ცხოვრებაზე წარმოდგენა სოციალური ქსელის საშუალებით აქვთ. „ვიცით, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ლამაზი სივრცე გველოდება, რაც თანამედროვე სტუდენტისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გველოდება მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, სტუდენტური კაფე, არაერთი მოსასვენებელი სივრცე. ვიცით, რომ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი და სპორტული წრე. ვისწავლით საინტერესო საგნებს და მას წაგვიკითხავს კვალიფიციური პროფესურა. ვიმედოვნებთ, ჩვენი გეგმები გამართლდება და სექტემბრიდან ამ საინტერესო გარემოს აქტიური ნაწილი ჩვენც გავხდებით“, _ ამბობს ზური.

ნიკა და ზური დარჩიძეები იმედოვნებენ, რომ  აქ მიღებული განათლებით, წლების შემდეგ, სამშობლოს ერთგულად ემსახურებიან და მომავლის საქართველოს მშენებლობაში მათ წილ სიტყვას იტყვიან, საქმეს გააკეთებენ...


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა