გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა წარმატების საწინდარია“

სურათი

„მე ვარ ინგა ებრალიძე, 17 წლის, მაღალმთიანი აჭარიდან. გახლავართ სსიპ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და აბიტურიენტი. სკოლაში სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა სახის აქტივობაში, მათ შორის, როგორც შიდა სასკოლო, ასევე რაიონულ თუ ეროვნულ დონეზე მოვიპოვე არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება.

სკოლაში ყოველი დღე იყო განსხვავებული, თბილი და ტკბილად მოსაგონარი, რადგან  საგაკვეთილო პროცესი ის გარემო იყო, სადაც თავს ოჯახში ვგრძნობდით. განსაკუთრებით მახსენდება ბოლო ზარი, რომელიც ჩემთვის ემოციით აღსავსე იყო. სიცილისა და ამავდროულად ტირილის ფონზე, სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთიანი გაცილება, საღამოს მეტად მრავალფეროვანსა და დასამახსოვრებელს ხდიდა.

ჩვენი სოფელი მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს - იქ, სადაც, ერთი შეხედვით, ყველაფერია, რომ ოჯახმა სოფლისთვის შესაფერისად იცხოვროს, თუმცა სულ უფრო ხშირად ვხედავთ სახლებს, რომლებიც მოუვლელობისა და უყურადღებობისგან გაპარტახებულია. რატომ იცლება სოფელი? - ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ყველაზე რთული და მტკივნეულია.

ალბათ უმუშევრობა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები სოფელში დარჩენის პერსპექტივას ვერ ხედავენ. ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა. გარდა ამისა, სოფელი ქალაქისგან შორსაა, დაახლოებით 100 კილომეტრი, რის გამოც კავშირი ქალაქთან გვიძნელდება. ბოლო დროს, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგა. ვფიქრობ, სახელმწიფომ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს სოფლის განვითარებასა და მოსახლეობის გადინების შეჩერებას. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, მით უფრო მაღალმთიან საზღვრისპირა სოფლებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ერთგვარად მესაზღვრის როლსაც ითავსებს. ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია.

სტუდენტობის გატარებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ, რადგან ბსუ რეგიონის ერთ-ერთი პრესტიჟული საგანმანათლებლო კერაა. აქ  ყოველწლიურად აბიტურიენტთა დიდი რაოდენობა აბარებს, რაზეც მოწმობს ის  ფაქტი, რომ ის საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგის ხუთეულშია. ბსუ თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებთან და აქვს გაცვლითი პროგრამები. იგი გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით. ამავდროულად, მთავარი ფაქტორი ისაა, რომ იგი ტერიტორიულად ჩემთვის მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს.

გეოგრაფიის სპეციალობაზე ვაბარებ. რუკების მიმართ სიყვარული ბავშვობიდანვე მომდევს, ხოლო უფრო მეტი დაინტერესება კი მე-7 კლასიდან პედაგოგმა ციური აბაშიძემ განაპირობა. მისმა მოტივაციამ და სწავლების ტაქტიკამ, ჩემი პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, რამაც მიბიძგა ამ საქმიანობას დავეუფლო და კარგად შევისწავლო.

მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ნუ დაელოდებიან გამოცდების მოახლოებას და სასკოლო პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნის მისაღებად. ვფიქრობ, ფულის ზედმეტი ხარჯვა რეპეტიტორებთან, სულაც არაა აუცილებელი, რადგან შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა წარმატების საწინდარია.

წლების შემდეგ საკუთარი თავი წარმომიდგენია სკოლაში. აუცილებლად ვიქნები საუკეთესო, მისაბაძი და ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი მასწავლებელი“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა