გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

აბიტურიენტი უმაღლესი შეფასებებით სოფელ დიდაჭარიდან

სურათი

_ დავიბადე და გავიზარდე მაღალმთიან აჭარაში, იმ ბუნების, კულტურისა და ხალხის გარემოცვაში, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი ჩაანაცვლებს. სამწუხაროდ მაშინ, როცა  წესით ბაღში უნდა მევლო, ამის საშუალება არ მქონდა, ვინაიდან სოფელში ფაქტობრივად არ არსებობდა მსგავსი დაწესებულება და ჩემმა ოჯახმა ბოლომდე საკუთარ თავზე აიღო ჩემი და შემდგომში ჩემი და-ძმის შემეცნებისა და განვითარების საქმე. ბებია და ბაბუა მასწავლიდნენ ლექსებს, მოთხრობებს. ბაბუაჩემმა შეძლო და 5 წლის ასაკში 5 ენაზე თვლა მასწავლა.  სოფლის ხიბლიც ხომ ეგაა, პატარაობიდან ჩართული ხარ ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს იქნება სახლში თუ მიწაზე. ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს გასწავლის სამყარო, რაც არ არის მხოლოდ წიგნის ფურცლებზე ამოკითხული.  ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა პერიოდი, როცა ჩემი ოჯახი არ ცდილობდა ჩემთვის ჩაენერგა განათლების მნიშვნელობა და როლი. ახლაც მახსოვს, ჯერ სკოლის ასაკისაც არ ვიყავი, მაგრამ მეც მინდოდა ჩემი უფროსი მეგობრებივით ზურგჩანთა მომეკიდა და სკოლაში წავსულიყავი.  უამრავი კითხვა მქონდა, რომლებსაც ვიცოდი, სკოლის კედლებში გაეცემოდა პასუხები.  ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ გამიჩნდა ახალი ჰობი - კითხვა. მახსოვს, მე-8 კლასში როგორ მივრბოდი ბიბლიოთეკაში და კვირაში რამდენიმე წიგნს როგორ ვკითხულობდი სულმოუთქმელად. ლიტერატურამ უდიდესი როლი ითამაშა იმ ადამიანის ფორმირებაში, ვინც დღეს ვარ.

_ სასკოლო წარმატებები, აქტივობები და მიღწევები...

_ მე და ჩემს მეგობრებს არაერთხელ მიგვიღწევია წარმატებისთვის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“,  თანატოლებისთვის არაერთი ღონისძიების ორგანიზატორიც ვიყავით. ე.წ. „მწვანე აქციები“ სოფლის ტერიტორიაზე ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება. თანაკლასელებთან ერთად მოვიპოვე დაფინანსება, რომლის საშუალებითაც ვითანამშრომლეთ კვალიფიციურ პირთან და რაიონის მასშტაბით 3 სკოლაში ჩავატარეთ ტრენინგი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

_ მშობლიური სკოლა, როგორც წარმატების საფუძველი...

_12 წელი სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში გავატარე და ალბათ, როგორც უმრავლესობისთვის, სკოლა ჩემი მეორე ოჯახი გახდა.  იმ არაერთ პედაგოგთან ერთად, რომლებსაც ერთი გაკვეთილი მაინც ჩაუტარებია ჩემთვის 12 წლის მანძინზე, ჩემი დაწყებითების მასწავლებელი მავი წულუკიძე  და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამაზ წულუკიძე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებსაც მასწავლებლის იდეალად აღვიქვამ. სწორედ მათი  დამსახურებითაც აღმოჩნდა ჩემი სახელი და გვარი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაფაზე. რომ არა ის ხელშეწყობა, სიყვარული და სითბო, რაც თითოეული მასწავლებლისგან მოდიოდა, ვფიქრობ, რომ დღეს სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება მექნებოდა განათლებაზე. როგორც ბავშვი იდგამს ფეხს პატარა ნაბიჯებით, ასე გეხმარება სკოლა, რომ მიუახლოვდე უდიდეს აკადემიურ და ცხოვრებისეულ წარმატებას. ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, „ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმავეს ამოგძახებსო“.  სწორედ სკოლა ასრულებს იმ უდიდეს როლს, რასაც ჰქვია ახალგაზრდაში მოტივაციის გაღვიძება.

_ სალომე, შენ მაღალმთიანეთში ცხოვრობ. დაგჭირდა თუ არა რეპეტიტორთან მეცადინეობა და მანძილიდან გამომდინარე,  როგორ უმკლავდებოდი ამ სირთულეს?

_ როგორც აბიტურიენტების სრულ უმრავლესობას, მეც მომიწია რეპეტიტორებთან მეცადინეობა ეროვნული გამოცდებისთვის. თანაც ერთ-ერთი საგანი, რომელსაც ვაბარებდი, სამოქალაქო განათლება იყო, რომლის რეპეტიტორიც მხოლოდ ბათუმში ცხოვრობდა. ამ გარემოებამ უამრავი დამატებითი საზრუნავი შემიქმნა: გადაადგილების დრო და ხარჯი, დაღლილობა და სტრესი.

_ შენი გადასახედიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, რა გამოწვევების წინაშე დგას აბიტურიენტი მაღალმთიანეთში?

_აბიტურიენტობა ის პერიოდია, როცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ, როცა წყდება შენი მომავალი. ამ სტრესსა და დაძაბულობას, რაც ამ პროცესს მოაქვს, ემატება ის, რომ ჩემი მსგავსი ახალგაზრდები ცხოვრობენ მაღალმთიანეთში და აწყდებიან დამატებით გამოწვევებს: დაწყებული მანძილის პრობლემით, რასაც ემატება გაუმართავი ინფრასტრუქტურა, დამთავრებული ზოგიერთი საგამოცდო საგნის რეპეტიტორის პრაქტიკულად არარსებობით რაიონში. მართალია, დატაიზმის ეპოქაში ინტერნეტი გვაძლევს უამრავ შესაძლებლობას, თუმცა მაშინ, როცა გარეთ მეტრა თოვლია და ფიზიკურად შეუძლებელია კავშირის შენარჩუნება, ონლაინ გაკვეთილებიც აღარ არის საუკეთესო ალტერნატივა. რეპეტიტორის გამო გადაადგილება კი დამატებითი წნეხია მთელი ოჯახისთვის როგორც ემოციური, ასევე ფინანსური.

_ სალომე, რატომ ბსუ?

_ რეალურად, სულ ვიცოდი, რომ ერთ დღეს მეც იმ უნივერსიტეტში მინდოდა მესწავლა, სადაც ჩემი მეგობრები და ნაცნობები სწავლობენ. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ  ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოვაჩინე,  ბსუ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ გარემოს, ხარისხიან განათლებას და განვითარების არაერთ შესაძლებლობას.  შესაბამისად, არასწორია ხელიდან გავუშვა შანსი. უნდა მივიღო განათლება მშობლიურ მხარეში და ვისარგებლო იმ სიკეთეებით, რომელსაც მთავაზობს ბსუ.

_ რატომ სამართალმცოდნეობა?

_ ბავშვობიდან მიყვარდა ისეთი ფილმები და წიგნები, სადაც სამართლის აღდგენისთვის და მის დასაცავად იბრძოდნენ პროტაგონისტები. ვოცნებობდი, რომ მეც დეტექტივი ან პოლიციელი გამოვსულიყავი, თუმცა საბოლოოდ მაინც იურისტის პროფესია ავირჩიე. ბოლო წლებში ჩემს თავში აღმოვაჩინე ის თვისებები, რაც ვფიქრობ, რომ კარგ იურისტს უნდა გააჩნდეს. როცა მისვამენ კითხვას „სად ხედავ შენს თავს მომავალში“, ვფიქრობ, რომ მომავალში მინდა თავი სხვების კეთილდღეობას მივუძღვნა და მათი უფლებები დავიცვა.

_ როგორ ფიქრობ, შენ მიერ მიღებული უმაღლესი ქულები, ვისი დამახურებაა?

_ ვფიქრობ, ჩემ მიერ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული კარგი შედეგი არის ჩემი ოჯახის, სკოლისა და რეპეტიტორების დამსახურება, - იმ გარემოსი, სადაც გავატარე მე 18 წელი. მართალია, შრომა და სწავლა სჭირდება ამ ყოველივეს, თუმცა მხარდაჭერის, მოტივაციისა და გამხნევების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ასევე, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა ჩემმა ჩართულობამ არაფორმალურ განათლებაში, რომელიც გზრდის და გავითარებს, როგორც ინდივიდს.

_ სალომეს სამომავლო გეგმები და მიზნები...

_ რეალურად, არ მჩვევია ყოველი შემდეგი ნაბიჯის გაწერა და განსაზღვრა, თუმცა ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, რომ იმ განათლებასა და ცოდნას, რასაც მომავალში მივიღებ, აუცილებლად მოვახმარ ჩემს ქვეყანას და განსაკუთრებით ჩემს რაიონს. მინდა, რომ წვლილი შევიტანო ჩემი ხალხის რთული ყოველდღიურობის შემსუბუქებაში, უმცირესობების დაცვასა და მათი უფლებების აღდგენაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა