გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

"აღნიშნული პოზიციები საშუალებას მაძლევს ყველაზე ახლოს ვიყო ჩემს საყვარელ პროფესიასთან - არქეოლოგიასთან"

სურათი

არქეოლოგიის დოქტორი, გურამ ჩხატარაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია.  ლექციებს არქეოლოგიის საფუძვლებში, საქართველოსა და ზოგადად, კავკასიის პრეისტორიაში კითხულობს.  აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში ის მეცნიერ-თანამშრომელია და 20-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპედიციების მუშაობაში მიუღია მონაწილეობა. დღემდე აგრძელებს აჭარის ტერიტორიაზე ქვის ხანის შემსწავლელ არქეოლოგიურ ექსპედიციების ხელმძღვანელობას, რომელსაც უკვე  საერთაშორისო ექსპედიციის (ქართულ-უკრაინული) სტატუსი გააჩნია. მას გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან რამდენიმე საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებშია (ნიდერლანდები, სლოვენია, პოლონეთი, უკრაინა) დაბეჭდილი.

_ აღნიშნული პოზიციები საშუალებას მაძლევს ყველაზე ახლოს ვიყო ჩემს საყვარელ პროფესიასთან - არქეოლოგიასთან: მონაწილეობა მივიღო საველე გათხრით სამუშაოებში, ახალი აღმოჩენების შესახებ ინფორმაცია წარვადგინო სამეცნიერო ღონისძიებებზე, დავბეჭდო ნაშრომები საზღვარგარეთის წამყვან ჟურნალებში და სხვ.

_ ბატონო გურამ, ფაქტია, რომ თქვენი პროფესია გიყვართ. ახლახან თქვენ, როგორც ბსუ-მკვლევარს ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის რექტორმა მადლობის სიგელი გადმოგცათ. რას მოიცავს თქვენი არქეოლოგიური კვლევების ქრონიკა?

_ თავდაპირველად, მინდა დიდი გულისტკივილი გამოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, არქეოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ამირან კახიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ამირანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებისთვის, კოლეგებისთვის, უნივერსიტეტისთვის, მუზეუმისთვის, სტუდენტებისთვის და ზოგადად, მთელი ქვეყნისთვის. ღმერთმა გაანათლოს ბატონი ამირანის სული.

_  რაც შეეხება ჩემს ბსუ-ში მოღვაწეობას, უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩვენი მუშაობის ღირსეული შეფასებისა და დაფასებისთვის. რა თქმა უნდა, აღნიშნული ჯილდო იქნება დიდი მოტივაციის მომცემი არამარტო ჩემთვის, არამედ ყველა უნივერსიტეტელისთვის, რაც მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატების მომტანი იქნება.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, თქვენის ნებართვით პასუხის გაცემას ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, როგორც ამას არქეოლოგიური კვლევა-ძიებები ადასტურებს ათვისებული ჩანს კაცობრიობის ისტორიის უძველესი საფეხურიდან, ქვის ხანიდან. ამას მოწმობს ასობით მღვიმე-გამოქვაბულებისა და ,,ღია ტიპის“ ნამოსახლარების არსებობა. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (აჭარა-გურია), სადაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში პრეისტორიული ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლები აღმოჩნდა. პრეისტორია ჩვენი კვლევის სფეროში ჯერ კიდევ სტუდენტობის ადრეული პერიოდიდან მოექცა, რასაც ადასტურებს მოგვიანებით (2017 წ.) ბსუ-ში დაცული დისერტაცია - ,,სამხრეთ კავკასიის ფინალური ზედა პალეოლითის რეგიონალური თავისებურებანი (საწურბლიას და ძუძუანას მღვიმეების მიხედვით“). ჩვენი ინტერესის სფეროა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში უძველესი ადამიანის ცხოვრების, მისი განსახლების, საქმიანობის, პალეოკლიმატური პირობების, მიგრაციული პროცესების და სხვა საკითხების კვლევა.

2011 წ. ჯერ კიდევ მაგისტრატურაში სწავლის დროს მუშაობა დავიწყეთ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუზეუმსა და ჩოხატაურის ნ. ბერძენიშვილის მუზეუმს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში როგორც ქვის ხანის სპეციალისტს საინტერესო ცნობა მოგვაწოდეს (ცნობა ეკუთვნის ქალბატონ ნათელა კალანდაძეს) ამავე მუნიციპალიტეტის სოფ. ჯვარცხმიდან. აღმოჩნდა, რომ კერძო მესაკუთრეთა საკარმიდამო ნაკვეთში (კლოდ კედელიძის ნაკვეთი), საგაზაფხულო მიწის სამუშაოების დროს ადგილი ჰქონდა ქვის არტეფაქტების (კაჟი, ობსიდიანი, ბაზალტი) აღმოჩენას. მონაპოვრებს შეფარდებითი (ტიპოლოგიური) მეთოდის გამოყენებით განვუსაზღვრეთ ასაკი - ძვ.წ. VIII ათასწლეული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ჯვარცხმის ნამოსახლარის აღმოჩენა, საველე გათხრითი სამუშაოების ჩატარება და პირველი მეცნიერული პუბლიკაცია ჩვენს სახელთანაა დაკავშირებული. ცოტა მოგვიანებით, 2018 წ. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დაფინანსებით შესაძლებლობა მოგვეცა საველე არქეოლოგიური სამუშაოები ჩაგვეტარებინა ჯვარცხმის ზემოთაღნიშნულ ნამოსახლარზე. გამოვლინდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა, და რაც ყველაზე მთავარია, დაზუსტდა ქრონოლოგია. აღნიშნული მონაპოვრები ვრცლად გამოვეცით მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში.

2019 წელს, გავიმარჯვეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში, რომელმაც საშუალება მოგვცა საველე არქეოლოგიური სამუშაოები ჩაგვეტარებინა სოფ. ქობულეთის ქვის ხანის ნამოსახლარზე. უნდა აღინიშნოს, რომ სოფ. ქობულეთში არქეოლოგიური გათხრები ბოლოს, 1986 წ. ჩატარდა. შესაბამისად, საგრანტო პროექტმა საშუალება მოგვცა 33 წლიანი პაუზის შემდეგ გაგვეგრძელებინა საველე გათხრითი სამუშაოები. უკრაინელ სპეციალისტებთან მჭიდრო კონტაქტებისა და ერთობლივი თანამშრომლობის ფონზე, ჩვენი ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართულ-უკრაინული საერთაშორისო ექსპედიცია, სადაც არქეოლოგების გარდა შედიოდნენ საბუნებისმეტყველო დარგის სხვადასხვა სპეციალისტებიც. საველე და ლაბორატორიულმა სამუშაოებმა მოგვცა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია აჭარის ტერიტორიაზე ადრე ჰოლოცენის ხანაში (ძვ.წ. X ათ.) მცხოვრები მონადირე-შემგროვებელი ადამიანის შესახებ.

_ რომელ არქეოლოგიურ ექსპედიციას გამოარჩევდით?

გულწრფელად გითხრათ რთული კითხვაა. არქეოლოგიური ველის მოყვარულისთვის ძნელია გამოარჩიო რომელიმე ექსპედიცია. თუმცა, ჩემთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპედიცია, რომელმაც ფაქტობრივად, კონკრეტულად განსაზღვრა ჩემი არჩევანი - პრეისტორია, იყო ჭიათურა-საჩხერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 2010 წლის ივლისს-აგვისტოში ჩატარებული ექსპედიციები. აღნიშნულ რეგიონებში 2 ათეულ წელზე მეტია მუშაობდა საქართველო-აშშ-ისრაელი-ირლანდიას საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია, რომლის მიზანს შეადგენდა პალეოლითური მღვიმე-გამოქვაბულების კვლევა ინტერდისციპლინური მეთოდების გამოყენებით. ექსპედიციებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტ. თენგიზ მეშველიანი, რომელიც არამარტო ჩვენი ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც საკმაოდ მაღალი ავტორიტეტითა და სამეცნიერო მიღწევებით სარგებლობს. საერთაშორისო ექსპედიციაში მონაწილეობა ბევრი რამით იყო გამორჩეული. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სკოლა, სადაც გარდა არქეოლოგიური კვლევა-ძიების თანამედროვე მეთოდების გაცნობა-შესწავლისა, უმნიშვნელოვანესი იყო უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა. ყოველ საღამოს იმართებოდა ლექციები ქვის ხანის სხვადასხვა პერიოდის, მათი მახასიათებლების, ცალკეულ იარაღთა ფუნქცია-დანიშნულების დადგენისა და სხვათა შესახებ. უმნიშვნელოვანესი იყო სამეცნიერო დისკუსიებში მონაწილეობა, სპეციალური დოკუმენტური ფილმების ყურება და ა.შ. განსაკუთრებული იყო  მოპოვებული ნივთების კამერალურ სამუშაოებში მონაწილეობა, რომელსაც ჩვეული სიდინჯით, საინტერესოდ და მაღალპროფესიონალურ დონეზე უძღვებოდა ქალბატონი ნინო ჯაყელი. აქ გავიცანი ბევრი უცხოელი კოლეგა, რომლებმაც შემდგომში ჩემს პროფესიულ ზრდაშიც დიდი წვლილი შეიტანეს. აქ გატარებულმა პერიოდმა, მიღებულმა ინფორმაციამ და ახლის ძიების სურვილმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა ჩემი სადოქტორო ნაშრომი ქვის ხანასთან დამეკავშირებინა.

_ რა არის თქვენი სამეცნიერო შრომების ძირითადი თემატიკა, მიზნები და ამოცანები?

_ სამეცნიერო ინტერესის სფეროდან გამომდინარე, ჩვენი ნაშრომები ეხება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უძველეს მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოების შესწავლას და მათი ცხოვრების რეკონსტრუქციას. ამ მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაოები გვაქვს ჩატარებული, რაც საველე გათხრითი სამუშაოების გარდა მოიცავს საჭირო ლაბორატორიულ კვლევებსაც. ჩვენი მიზანია თანამედროვე მეთოდების გამოყენებით რეგიონის უძველესი მცხოვრების საცხოვრებელი გარემოს, მეურნეობის, კონტაქტების/მიგრაციების, ქვის დამუშავების ტექნიკის და სხვა საკითხების სიღრმისეული შესწავლა. ამ მიზნის განსახორციელებლად აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ახალი სამეცნიერო მიღწევებისა და უახლესი ინფორმაციის საზოგადოებაში დისემინაციის მიზნით აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა სახის კონფერენციებზე, ვორქშოფებზე, სემინარებზე და ა.შ. მართალია, საზღვარგარეთის სამეცნიერო ღონისძიებებზე მონაწილეობა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ფინანსურ მხარეს უკავშირდება, თუმცა, ამ მხრივ მეტად კომფორტულ გარემოს ქმნის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც ყოველწლიურად აცხადებენ კონკურსებს უცხოეთის სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით.

სამეცნიერო მიღწევებისა და იდეების გავრცელებისთვის მეტად აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაშრომების პუბლიკაცია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, რომლებიც ხილვადია ELSEVIER (ScienceDirect, Scopus) ბაზებში. აღსანიშნავია, რომ ბსუ დარეგისტრირებულია პროექტში ,,ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისთვის - EIFL“ კონსორციუმის წევრად, რაც იძლევა შესაძლებლობას გამოყენებული იყოს შემდეგი ელექტრონული რესურსები: Elsevier, Science Direct, Scopus, EBSCO, Jstor და სხვ.

_ არქეოლოგია საველე კვლევების მეთოდებს მოიცავს, როგორია  ლაბორატორიული  სწავლების თანამედროვე მიდგომები?

_ თანამედროვე არქეოლოგიაში აქტიურად გამოიყენება საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა დარგები, რომელთა კვლევების საფუძველზე შესაძლებლობა გვექმნება სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ ჩვენი წარსულის შესახებ. ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეისტორიული საკითხების შესწავლის დროს, როდესაც საქმე ეხება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ადრეული პერიოდის (ქვა, ბრინჯაო) ძეგლების კვლევას. ქვის ხანის ძეგლებზე ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელება განსაკუთრებით გაიზარდა გასული საუკუნის 90-იანი წლებში, როდესაც პალეოლითური ხანის ძეგლების კვლევა-ძიების საქმეში ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით არაერთი საერთაშორისო ექსპედიცია ჩატარდა. დღესდღეობით კი საბუნებისმეტყველო დარგების გამოყენების გარეშე არქეოლოგიური კვლევა-ძიება არასრულყოფილი და არადამაკმაყოფილებელია.

2019 წელს ბსუ-ს ფინანსური მხარდაჭერით პირველად აჭარის ქვის ხანის არქეოლოგიის ისტორიაში ჩატარდა საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია სოფ. ქობულეთში, სადაც არქეოლოგებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტებიც. ექსპედიციის მიზანს შეადგენდა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მომხდარიყო სოფ. ქობულეთში მცხოვრები პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელი გარემოს და მასთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეული შესწავლა. ჩატარებული ლაბორატორიული სამუშაოების შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია უძველესი პალეოკლიმატისა და გარემოს შესახებ. დაფიქსირდა რეგიონში სელის და კანაფის ქსოვილის გამოყენების ყველაზე ძველი ფაქტი. დადგინდა იმდროინდელი ადამიანის საქმიანობა. ობსიდიანის არტეფაქტებზე ჩატარებული გეოქიმიური ანალიზის შედეგად მივიღეთ მეზობელ რეგიონებთან კონტაქტების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პირველად რეგიონის ქვის ხანის არქეოლოგიის ისტორიაში მივიღეთ ძეგლთა აბსოლუტური თარიღები.

სოფ. ქობულეთში ჩატარებულმა ინტერდისციპლინურმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგების გამოყენება.

მისასალმებელია, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ექსპედიციას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევები დააფინანსა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, რომელსაც დიდ მადლობას გადავუხდით.

_ რას გვეტყვით, არქეოლოგიის მიმართულებით ბსუ-სტუდენტების აქტივობებზე და დარგობრივ პროექტებში ჩართულობაზე?

_ ბსუ-ს სტუდენტები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ,,საველე არქეოლოგიური პრაქტიკა“-ს ფარგლებში გადიან სრულ პრაქტიკულ კურსს, რომელიც ამჟამად ხორციელდება პეტრა-ციხისძირისა და გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ ძეგლებზე. პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ღებულობენ სრულფასოვან მონაწილეობას საველე გათხრით და კამერალურ სამუშაოებში. სპეციალისტების დახმარებით სწავლობენ შემდგომი ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო საანალიზე ნიმუშების შერჩევის, აღებისა და შენახვის სპეციფიკას. გარდა ამისა, სწავლობენ არქეოლოგიური დღიურის წარმოების აუცილებლობას, კვადრატული ბადის აგებას, არტეფაქტების ფიქსაციას, მოპოვებული მასალის ეტიკეტირებას და სხვ. სამომავლოდ, იგეგმება საველე პრაქტიკის არეალის გაფართოება, რაც გულისხმობს სხვა პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებზეც აუცილებელი პრაქტიკის გავლას.

მიმდინარე წელს, ჩვენს უნივერსიტეტში აკრედიტაცია გაიარა არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამამ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტები. ჩვენი რეგიონისთვის საბაკალავრო პროგრამის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამისთვის აქ ყველა პირობა არსებობს დაწყებული შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დამთავრებული მდიდარი ადამიანური რესურსით.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს კვლევებში აქტიურად არის ჩართული სტუდენტები, რაც უპირველეს ყოვლისა მათი პროფესიული ზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად, მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს ისტორიის სპეციალობის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ მოლდოვეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმის მიერ გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, სადაც წარვადგინეთ მოხსენება ინგლისურ ენაზე. დაგეგმილია მისი გამოცემაც ამავე კონფერენციის კრებულში.

_ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციისთვის?

_ მეცნიერებას, ისევე როგორც ადამიანის მოღვაწეობის ბევრ სხვა სფეროს, მისი არსებობისა და განვითარებისათვის სჭირდება ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ჩვენს პროფესიაშიც საკმაოდ დიდია. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს რეგიონში არსებულ ყველაზე დიდ საგანმანათლებლო დაწესებულებას (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დავინახავთ, რომ უკანასკნელ პერიოდში მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე არქეოლოგიით დაინტერესებულთა რიცხვი ძალიან დაბალი იყო. არაფერს ვამბობთ პრეისტორიული ეპოქის მიმართ ინტერესზე, სადაც დღემდე რეგიონში სპეციალისტების ნაკლებობაა, სამწუხაროდ. ალბათ, ეს პრობლემა ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ჩვენს სფეროში.

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის უმთავრესი გზა იქნება მეცნიერების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ამ მიზნით ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მნიშნელოვან ღონისძიებას/აქტივობას, მათ შორის: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ვხელმძღვანელობთ საგანმანათლებლო პროგრამას ,,საბავშვო არქეოლოგია“ (სამიზნე ჯგუფი: V-VIII კლასი), სადაც მოსწავლეებს სპეციალურად შექმნილ, ხელოვნურ მოედანზე შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ ,,არქეოლოგიურ გათხრებში“. პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია არქეოლოგიის შესახებ, აზიაროს არქეოლოგიის საინტერესო პროფესიას, განუვითაროს შემოქმედებითი ანალიზის უნარ-ჩვევები. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა. ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამა ,,საბავშვო არქეოლოგია“ კვირაში რამდენჯერმე ტარდება როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზეც. 

 აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსში წარვადგინეთ პროექტი (,,ცხოვრება ქვის ხანაში“), რომელიც ითვალისწინებდა სსიპ აჭარის მუზეუმის ბაზაზე ,,საბავშვო უნივერსიტეტი“-ს დაარსებას (სამიზნე ჯგუფი: IX-XII კლასი). პროექტის მიზანი იყო მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის საქართველოს პრეისტორიული არქეოლოგიის მიღწევების გაცნობა, ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე ინფორმაციის მიწოდება, გამოჩენილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან შეხვედრა და ა.შ. პროექტის მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო თეორიულ ლექციათა კურსი ქვის ხანის სხვადასხვა პერიოდების და მათი მახასიათებლების შესახებ. მეორე ნაწილი ეხებოდა პრაქტიკულ გაკვეთილებს, სადაც ,,საბავშვო უნივერსიტეტი“-ს მსმენელები გაეცნენ ქვის დამუშავების ატკეცვით ტექნიკას, ანატკეცების მეორად დამუშავებას და იარაღებად გარდაქმნის პროცესს, თიხის ჭურჭლის დამზადებას, არტეფაქტების კვლევას მიკროსკოპის გამოყენებით და სხვ. პროგრამაში მონაწილეობდა ბათუმის ათზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.

   ასევე უნდა გითხრათ, მე რომ როგორც  უნივერსიტეტის ლექტორი სტუდენტებთან ერთად ყოველწლიურად ვმონაწილეობ ექსპედიციაში, სადაც ჩანს მათი მხრიდან სათანადო ინტერესიც. რამდენიმე მათგანმა სადიპლომო ნაშრომის თემად ქვის ხანა აირჩია. ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ მათ პროფესიულ ზრდაზეც. კერძოდ, ჩვენი ხელმძღვანელობით რამდენიმე სტუდენტმა უკვე მოამზადა საკონფერენციო თემა, მონაწილეობა მიიღეს საგრანტო პროექტში და კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული.

ამ მოკლე ხანში უკვე საგრძნობი გახდა სტუდენტ-ახალგაზრდების და მოსწავლეთა დაინტერესება არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების მიმართ.

_ თქვენი, როგორც  მეცნიერის სამომავლო გეგმები...

_რეგიონის პრეისტორიული კვლევის გაძლიერება, არქეოლოგიის პოპულარიზაცია, ბსუ-ს განვითარებასა და წარმატებაში წვლილის შეტანა, სტუდენტ-ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რაც დაგეგმილი გვაქვს მომავალში.  ამასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაგრძელება, რაც გულისხმობს არამარტო საკუთრივ ჩვენს რეგიონში საველე გათხრითი სამუშაოების წარმოებას, არამედ ჩვენი მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზეც სამეცნიერო ექსპედიციის მოწყობას. სხვათა შორის ამ მხრივ უკვე სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და არაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ბსუ-სა და კარადენიზის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ქ. ტრაპიზონის მიდამოებში დაფიქსირებული პრეისტორიული მღვიმე-გამოქვაბულების შემსწავლელ კვლევით პროექტში მივიღოთ მონაწილეობა.

და ბოლოს, რა თქმა უნდა ჩვენი მომავალი გეგმები დაკავშირებულია ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაზე. უკვე გვაქვს გარკვეული მონახაზიც, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტებთან ერთად ჩვენი რეგიონის უძველესი პრეისტორიელი მეთევზეების შესახებ საინტერესო მონოგრაფიის გამოცემას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა