მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან ინსტიტუტის ცხოვრების სხვადასხვა სფერო სტუდენტთა მიერ მომზადებულ კედლის გაზეთებში შუქდებოდა. ჯერ კიდევ 1935 წლის 17 დეკემბერს მიიღეს გადაწყვეტილება კედლის გაზეთ „კადრების სამჭედლოს“ გამოშვების თაობაზე. მის რედაქტორად დაინიშნა წარმატებული სტუდენტი ილია თხილაიშვილი, თანამშრომლად - ფერიდე ნიჟარაძე. კედლის გაზეთი არსებობდა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელშიც, სახელწოდებით - „ვიცხოვროთ კულტურულად“.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ბეჭდური სახით გამოდის 2006 წლიდან. ის წარმოადგენს საუნივერსიტეტო გამოცემას, სადაც წლების მანძილზე შუქდებოდა უნივერსიტეტის ცხოვრება, სწავლება, მეცნიერება, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მიღწევები, მხატვრული შემოქმედება, სხვადასხვა ღონისძიება, აქტუალური და საჭირბოროტო საკითხები, კულტურული მიღწევები, სპორტული მიღწევები და სხვა. გაზეთში აქტიურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟანრის საგაზეთო პუბლიკაციები, რაც ხელს უწყობდა სტუდენტთა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინტეგრაციას. ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაცია, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა, სწავლებისა და სწავლის პროცესისთვის ხელშეწყობა და ამ ყველაფრის აუდიტორიისთვის სრულყოფილად მიწოდება - ეს იყო გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ უმთავრესი მიზანი. გაზეთს 2007-2021 წლებში რედაქტორობდა იოსებ სანიკიძე.
2022 წლიდან გაზეთი გადავიდა მუშაობის ელექტრონულ ფორმატზე. თანამედროვეობის უპირობო მოთხოვნაა - მივყვეთ დროსა და სივრცეს და ვუპასუხოთ შესაბამის ამოცანებს. ამავდროულად, ჩვენ ვინარჩუნებთ ტრადიციებს და გაზეთის ბეჭდური ვერსიის რამდენიმე ნომერს მკითხველი ყოველწლიურად აუცილებლად იხილავს.
უკან |