გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მათემატიკოსთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა მე-13 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონფერენციაში ადგილობრივი და უცხოელი 600-მდე მეცნიერი მონაწილეობდა. გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტს“ კონფერენციის მიმდინარეობისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ, პროფესორი დალი მახარაძე ესაუბრა.

_ ქალბატონო დალი, ბსუ-ში მათემატიკოსთა მე-13 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. გთხოვთ, გვიამბეთ კონფერენციის შესახებ?

_  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 4-9 სექტემბერს გაიმართა ერთობლივი XIII  საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის მიზნებს წარმოადგენდა: მათემატიკის სხვადასხვა დარგებში მიღებული ახალი შედეგების გავრცელება, აქტუალური პრობლემების გაცნობა და მეცნიერთათვის აზრების, იდეების და შედეგების გაზიარებისთვის შესაფერისი ფორუმის მოწყობა; ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთმანეთთან დაკავშირება, რისი მიზანიცაა სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობა, არსებულის გაღრმავება და საერთო მათ შორის ევროპულ პროექტებში ჩართვა. ამ მიზნების მისაღწევად საჭირო იყო წამყვანი მეცნიერების ჩართულობის და მონაწილეთათვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  ორგანიზების უზრუნველყოფა.

_ რამდენი ქვეყნის მონაწილე იყო ჩართული?

კონფერენციაში მონაწილეობდა 35 ქვეყანა. როგორც  საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან, ასევე სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი იყო  200-ზე მეტი მოხსენება  მათემატიკური კვლევებისა და სამეცნიერო მიღწევების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება კონფერენციის თეზისების კრებულში.

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალში „Journal of Mathematical Sciences” (Springer), რომელიც ინდექსირებულია  Scopus -ბაზაში.

_ ქალბატონო დალი, კონფერენცია თემატურადაც მრავალფეროვანი იყო...

_ დიახ, კონფერენციაზე  შერეული ფორმატით  მუშაობდა პლენარული და  11 თემატური სექცია:

·         ალგებრა და რიცხვთა თეორია

·         გამოყენებითი მათემატიკა, ინფორმატიკა და გამოთვლები გარემოს შემსწავლელ მეცნიერებებში;

·         დიფერენციალური განტოლებები და გამოყენებები

·         გეომეტრია და ტოპოლოგია;

·         ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი;

·         მათემატიკური განათლება და ისტორია;

·         მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა;

·         მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;

·         მათემატიკური ფიზიკა;

·         ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა;

·         ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი.

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს როგორც ქართველმა, ისე  უცხოელმა მათემატიკოსებმა. კერძოდ, უცხოელი პლენარული მომხსენებლები იყვნენ: 

1. პროფესორი ტომას კუნი, ლაიფციგი, გერმანია

„მაღალგანზომილებიანი აპროქსიმაცია პერიოდულ ფუნქციათა სივრცეში“

 2. პროფესორი მარია ალესანდრა რაგუზა,  კატანიის უნივერსიტეტი,  იტალია

„ლოკალური და არალოკალური ამოცანების შესახებ“

3. პროფესორი ფრანკ ნოიმანი, პავიის უნივერსიტეტი, იტალია.

„ვეილის ჰიპოთეზა, კონების მოდულები  და ჰომოტოპიური ტიპები“.

4. პროფესორი პიტერ ოლვეცკი, ოსლოს უნივერსიტეტი, ნორვეგია

„გადაწერის ლოგიკა და მისი ზოგიერთი გამოყენება დისტრიბუციულ და რეალური დროის სისტემებში“.

 5. პროფესორი ალექსანდერ სტოკოლოსი, ვროცლავის უნივერსიტეტი, პოლონეთი

„ინტეგრალთა დიფერენცირებადობა და ჯერადი ფურიეს მწკრივები“

და სხვები.

_  კონფერენციას ჩვენს უნივერსიტეტში ტრადიციული სახე ხომ არ მიეცემა?

_   მათემატიკოსთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე  ტრადიციული სახე აქვს და როგორც თანაორგანიზატორი, მისი ვალდებულება არის კონფერენციის მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა და საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის გარდა, კონფერენციის თანადამფინანსებელი და მხარდამჭერი გახლდათ  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საერთაშორისო მათემატიკოსთა კავშირის (IMU).  მათ მიერ დაფინანსდა კონფერენციის სხვადასხვა სახის  ხარჯები.

_ რა პრინციპით შეირჩევა ის ნაშრომები, რომლებიც საერთაშორისო ჟურნალში დაიბეჭდება?

_ საუკეთესო ნაშრომები გაივლის როგორც შიდა, ასევე გარე ექსპერტიზას და ექსპერტების დასკვნების საფუძველზე მოხდება მათი შერჩევა  საერთაშორისო ჟურნალში „Journal of Mathematical Sciences” (Springer) დასაბეჭდად.

_ სექციათაგან რომელი იყო ყველაზე დატვირთული და რით ახსნით ამას?

_  ყველაზე დატვირთული იყო ნამდვილი და კომპლექსური ცვლადის ანალიზის სექცია, შემდეგ კი დიფერენციალური განტოლებებისა და გამოყენებების, მათემატიკური მოდელირებისა და რიცხვითი ანალიზის,  ალგებრისა  და რიცხვთა თეორიის სექციები. ამის მიზეზი გახლდათ აღნიშნული დარგების განვითარება საქართველოში.

აღნიშნული საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია    კიდევ უფრო აამაღლებს აჭარის, როგორც რეგიონის და ზოგადად, ქართველი მათემატიკოსების ცნობადობას და ხელს შეუწყობს შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა