14 იანვარს ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. ტრადიციები და ახალი წელი _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ქალბატონი ნაილე მიქელაძე საუბრობს.
_ ქალბატონო ნაილე, როგორც ფოლკლორისტი, რას გვეტყვით საახალწლო ტრადიციების შესახებ?
_ საყოველთაოდაა აღიარებული, რომ მსოფლიოში უამრავი ტრადიცია არსებობს. თითოეულ მათგანს ფესვები უძველეს ხალხთა კულტურაში ეძებნება. მათ შორისაა საქართველო, რომელიც ოდითგანვე გამოირჩეოდა თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობით, მატერიალური ძეგლებით, ძირძველი წეს-ჩვეულებებით, ტრადიციებით, სულიერი ფასეულობებით, მდიდარი ფოლკლორული სიტყვიერებით. შესაბამისად, არც ჩვენი კუთხეა გამონაკლისი. აჭარის რეგიონი ოდითგანვე მრავალ საინტერესო წეს-ჩვეულებას ინახავდა და ინახავს. ხალხის წიაღში დავანებული მარგალიტები თაობიდან თაობას ზეპირი გზით გადაეცემა.
აჭარაში ყველა ტრადიციათა შორის ყურადსაღებია საახალწლო წეს-ჩვეულებები, რომელსაც ზარ-ზეიმით ეგებებიან. ნიშანდობლივია, ახალი წლის რიტუალი.
_ რომელი განსხვავებული ტრადიციებია ზემო აჭარაში დღემდე შემონახული?
_ წესისამებრ, ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები მიუსხდებიან საახალწლო სუფრას, სადაც უხვადაა ყველაფერი: ცივი და ცხელი კერძები, ტბილეულით დატვირთული სახილე, რომლის ქვეშ რკინა ან მონეტა, ,,ხურდა“ ფული უნდა იყოს მოთავსებული. ალბათ, ძველად ყველას არ ჰქონდა რკინის ფული და ამიტომაც, ჩვეულებრივ რკინის ნაჭერს მოათავსებდნენ ხილის ქვემოთ. ის ოჯახის ხვავსა და ბარაქას განსაზღვრავს. მათი რწმენა-წარმოდგენით, ეს ფული მთელი წლის განმავლობაში ბედნიერებასა და სიუხვეს მოუტანს, თანაც ოჯახი მტკიცედ და შეუდრეკლად გადაიტანს ოჯახურ განსაცდელს. ისინი ფულს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ ოჯახში და მხოლოდ წინა საახალწლოდ ხარჯავენ. თუმცა არსებობს ოჯახები, რომელთა გადმოცემითაც. ,,საახალწლო ფული“ ,,ექვსი თვის“ თავზე შეიძლება დახარჯონ საჭიროებისამებრ. პირველ რიგში, ტკბილეულს შეიძენენ და შეიტანენ ოჯახში. ნივთთაგან კი სასურველია შეიძინონ დანა ან მაკრატელი, რათა მტერი დაამარცხონ და პრობლემები მარტივად გადაჭრან.
ახალი წლის დადგომისთანავე ოჯახის წევრები ფეხზე ადგომით ეგებებიან მას. დალოცავენ, ადღგრძელებენ ახალი წლის შემობრძანებას, ქვეყანას, ოჯახის წევრებს წინსვლასა და ბედნიერებას უსურვებენ, ინატრებენ: ,,დაე, ფეხბედნიერი ახალი წელი შემოვიდეს ჩვენს ოჯახებში. ყოველივე ცუდი წაიღოს ძველ წელმაო... ახალი წელი კი სიყვარულის, გამრავლების, სიუხვისა და ბარაქის წელი ყოფილიყოსო“. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მადლობას უხდიდიან გასულ წელს და მადლიერებით აცილებენ მას.
ნიშანდობლია, ფერხაობის, ფერხვის ტრადიცია. არის ოჯახები, სადაც მფერხავი, იგივე მეკვლე, ოჯახის უფროსია ან ვაჟიშვილი, რომელიც ახალი წლის შემობრძანების მერე, რამდენიმე წუთში, გადის სახლიდან შემოაქვს თეთრი გოგრა, ახეთქებს კარის ზღურბლზე მთელი ძალით, ამტვრევს და ოჯახს, ფუძეს ღვთის წყალობას (ღმერთმა გამჩენელმა), ბედნიერებას, ხვავსა და ბარაქას (ბერექეთი) უსურვებს. მათთვის გოგრის მარცვლების სიუხვე ოჯახის ხვავთან ასოცირდება და მას დილამდე ტოვებენ, ნაწილი კი ეგრევე ხარშავს და საახლწლო სუფრაზე გააქვს. საახალწლო რიტუალი რაიონების მიხედვითაც განსხვავებულია. მაგალითად, უმეტეს სოფლებში წყლის შეტანა და მოსხურება იციან, ნაწილში კი ტკბილეულის, შაქრის, ბრინჯისა და მარცვლეულის მიმობნევა. არიიან ოჯახები, როცა ბოსლიდან ამოყვანილ ახალშობილ კაკუნას (ცხვრის შობილს) ან ხბოს ამოიყვანებენ და აფერხვინებენ ოჯახს. ასევე ზოგიერთი მათგანის ოჯახში დაცულია უძველესი წესი_ ,,ბოსლობის“ ტრადიცია. კერძოდ, დილით ოჯახის უფროსი ბოსელში ჩადის და რკინის ჯაჭვს გაათრევს, რომ საქონელიც მრავლად ჰყავდეთ, არ გაიფანტონ იალაღებზე და ერთად იარონ, ნადირისაგან დაცულები იყვნენო. დიასახლისი კი ეზოდან სახლში წყლით სავსე დოქს შეიტანდა და ოთახებს მოაპკურებდა, რათა ოჯახი ბოროტი ძალებისაგან განწმენდილიყო.
მოგეხსენებათ, აჭარის ისტორიული წარსულის გამო, ბევრი რამ შეცვლილია, ნაწილი დაკარგულია, ნაწილი კონტამინირებულია მუსლიმურ და წარმართულ რელიგიასთან.
საახალწლოდ, აჭარის ყველა სოფლის მკვიდრში ისევ ცოცხლობს სიმინდის მოხარშვის ტრადიცია, რაც მატებასთან, გამრავლებასა და გაფუფუნებასთან ასოცირდება. ქედის რაიონის, სოფელ აბუქეთას მკვიდრთათვის, ნაწილობრივ განსხვავებულია საახაწლო წეს-ჩვეულება. მაგალითად, ოჯახის უხუცესი ვაჟიშვილს ხილითა და წყლით სამჯერ შემოატარებს სახლს, მშვიდობასა და ბედნიერებას შეავედრებს ახალ წელს. ბოლოს კი, ოჯახში შემოტანილ წყალს, ტრადიციისამებრ, წევრები დალევენ.
_ ქალბატონო ნაილე, რატომ აღვნიშნავთ ქართველები ახალ წელს ორჯერ და ისტორიულად, რა არის ამის მიზეზი?
_ ახალი წელი საყოველთაოდ აღიარებული დღესასწაულია. ის მსოფლიოს რიგ ქვეყნებში აღინიშნება. ახალი წლის აღნიშვნის ისტორია და ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა ერებისთვის ყოველთვის განხილვის თემა იყო და იქნება. მსოფლიო ახალ წელს ორი კალენდრის მიხედვით ზეიმობს: ერთნი გრიგორიანულ კალენდარს ეყრდნობიან და მათთვის ახალი წელი 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, ანუ 1 იანვარს დგება, ხოლო იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვარს, ღამის 12 საათზე ანუ 14 იანვარს დგება. რაც შეეხება ქართველებს, ჩვენ ორივე ახალ წელს ვზეიმობთ. მასშტაბურად 1 იანვარი აღინიშნება, თუმცა არანაკლებ ყურადსაღებია ძველი სტილით აღნიშვნა ახალი წლისა. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რამ განაპირობა ორივე ტრადიციის არსებობა და აღნიშვნა საქართველოში?
ისტორიულად, საქართველოში საახალწლო ტრადიციები საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულა. ჩვენთან ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში, წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემონახული ცნობების თანახმად, ქრონოლოგიურად, ახალი წლის დასაწყისად 1 იანვარი ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღრიცხვამდე 46 წელს დაადგინა იულიუს ცეზარმა და მოჰყვებოდა იანუსის დღესასწაულს (ორთავიანი ღმერთი ერთი წინ იყურებოდა მეორე უკან. დროის, კარისა და კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაება). ეს ის დღე იყო, როცა ბატონები და მონები ერთად უსხდებოდნენ სუფრას, მოსწავლეები სწავლას წყვეტდნენ, იმართებოდა საზეიმო ცეკვა-თამაში, ხალხი საჩუქრებს
ჩუქნიდა ერთმანეთს, დამნაშავეების სიკვდილით დასჯა იკრძალებოდა. ეს ყველასათვის საყვარელი დღესასწაული იყო, რომელსაც მოჰყვებოდა ახალი წელი.
მკვლევრები ოთხ ისტორიულ ეტაპს გამოყოფენ:
1) წარმართული ხანა - ახალი წელი საქართველოში 6 აგვისტოდან იწყებოდა (IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ);-1:21
2) ქრისტიანობის მიღების შემდეგ- 1 სექტემბერს (როგორც ბიზანტიის იმპერიაში);
3) მე-9 საუკუნეში ახალი წელი საქართველოში 1 მარტიდან დგებოდა (IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან - მარტიდან იწყებოდა);
4) მეათე საუკუნის შემდეგ კი ახალ წელს აღვნიშნავთ 1 იანვარს. წყაროს ცნობით, 1582 წელს რომის პაპის, გრიგოლ XIII-ის დროს, ახალი გრიგორიანული კალენდარი შემოიღეს, ამის შემდეგ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ახალ წელს 1 იანვარს აღნიშნავენ.
ახალ წელს საქართველოში ხშირად „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდა ბასილი დიდს იხსენიებდნენ. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. „ბასილას კვერები.“ ლექსიცაა დაცული, რომელსაც მფერხავი ამბობს ოჯახში შესვლისას:
„შემოვდგი ფეხი, გილოცავთ,
გწყალობდეთ წმინდა ბასილი,
იმისი მადლით იყავით
პურით და ღვინით ავსილი.“
მასპინძლები საჩუქრებს ჩუქნიდნენ მიმლოცველებს, მფერხავებს. ამდენად, ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის ,,ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი - გრიგორიანული ,,ახალი სტილის”, რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები.
14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი კვლავ აღინიშნება. ამ დღეს გურიაში ,,კალანდას“ უწოდებენ, ხოლო აჭარაში კი - ნამდვილ, ძველ ახალ წელს და მას განსაკუთრებულად ემსახურებიან, ყველა ტრადიციის დაცვით. მართალია, ,,კალანდა“ ძირითადად, გურულ ტრადიციად მიიჩნევა, თუმცა დღესასწაული საქართველოს ყველა კუთხეში აღინიშნება და ის გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება.
_ ძველით ახალი წლის ტრადიციასთან დაკავშირებით, რაიმე განსხვავებულს ხომ ვერ გაიხსენებდით თქვენივე სპეციალობიდან გამომდინარე?
_ ისტორიულმა წარსულმა დედასაქართველოს კუთხეები არაერთხელ დაანაწევრა და დააშორა ერთმანეთს. მათ შორის გამორჩეულია აჭარის რეგიონი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოწყვეტილი იყო მშობლიურ გარემოს. მიუხედავად ყველაფრისა, მან არაერთი უძველესი ქართული, ძირძველი ტრადიცია შემოინახა. ბუნებრივია, საქართველოს ყველა კუთხე საკუთარი დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა და მათ შორის არც საახალწლო ტრადიციები იყო გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საახალწლო ტრადიცია ყველა კუთხეში საერთო იყო, რიტუალები თითქმის ყველგან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამ მხრივ საინტერესოა ლაზების საახალწლო ტრადიცია, რომელსაც კვალი უძველეს სახე-სიმბოლოებში ეძებნება. კერძოდ, კაკაბაძეთა საგვარეულოში, ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტკბილეულთაგან ,,ბურეღი“, რომელიც მზადდებოდა ბაქლავის მსგავსად (ბურეღი _ ბაქლავის გაწელილი ფენაა, მოპკურებული კარაქი, ასე რამდენჯერმე მეორდება და შუაში პურის ფქვილის ფაფა სქლად მოდუღებული, ზემოდან დაახლიან 5 კვერცხს და მოაყრიან შავ პიმპილს. შემდეგ ისევ მეორდება ფენები და სულ ზემოდან შაქარია მობნეული. წვავენ და როცა გაცივდება მერე მიირთმევენ), თუმცა ფენათა შორის ბურეღში უნდა ყოფილიყო, სპეციალურად ამ დღისათვის განკუთვნილი საცხი ფენებს შორის, ,,ფაფა“, რომელიც რძის, პურის ფქვილის, კარაქისა და მდოგვის მარცვლისაგან მზადდებოდა. ასევე აუცილებლი იყო ყურძნის წვენში მოეხარშათ გოგრა, სიმინდის მარცვალი, ლობიო, რომელსაც ,,თერმონს“ უწოდებენ. ახალი წლის დადგომის მერე ვაჟიშვილს სამჯერ უნდა შემოეტარებინა სუფთა წყალი და დალოცვით მიეტანა საახალწლო სუფრასთან (ლელა ფერცელიძის ნაამბობი).
უძველესია, ნარაკიძეთა (ციალა ნარაკიძის მონათხრობი) არქივში დაცული ისტორია, რომელიც ბებიასაგან გაუგონია. ახალ წელს ოჯახის მეკვლე ბიჭი ან მამაკაცი კი არა, არამედ გასათხოვარი ქალიშვილი, თეთრ კაბაში გამოწყობილი ტკბილეულით უნდა შესულიყო ოჯახში და მიელოცა ახალი წლის შემობრძანება. იტყოდნენ: ,,თუ მამამკაცი უფერხებს, რწყილი არ გამოილევა სახლშიო“. ალბათ, ნაყოფიერებასა და გამრავლებასთან ასოცირდებოდა ქალი მეკვლედ, მფერხავად. ქართულ მითოლოგიაში ,,ადგილის დედა“ ყოველთვის გამოხატავდა სიწმინდესა და მარადიულობას. შესაძლოა, ეს წეს-ჩვეულებაც უძველეს სახე-სიმბოლოს ინახავდა, რომელიც თანდათან მივიწყებას მიეცა.
პ.ს. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს.
უკან |