
გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ კითხვებს პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა მაკარაძე პასუხობს.
_ ქალბატობო ნანა, პირველ რიგში, გვიამბეთ ETHICS პროექტის შესახებ. რა არის მისი მთავარი მიზანი?
_ ETHICS არის ერაზმუს+-ის პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში 2022 წლის საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პირველი ეროვნული სტრუქტურული რეფორმის პროექტი „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research - Research Integrity and Ethics in Georgian Universities - EHTICS). მისი მიზანია, მაღალკვალიფიციურ კვლევებსა და მოწინავე აკადემიურ მიდგომებზე ორიენტირებული პრაქტიკის დანერგვით სისტემურად გააუმჯობესოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევითი საქმიანობა. პროექტის კონკრეტულ ამოცანებში შედის კვლევის ეთიკის, კვლევის სანდოობისა და კვლევის კეთილსინდისიერების მექანიზმების დანერგვა, ასევე მკვლევრების საქმიანობაში, მაღალი დონის სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების სააკრედიტაციო სტანდარტებში კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვის კონცეფციის გაძლიერება, რაც მიზნად ისახავს არაორიგინალური აკადემიური ნაშრომების პრევენციას და ავთენტური კვლევითი პრაქტიკის ხელშეწყობას ქართულ უნივერსიტეტებში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა შვიდი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მოიცავს კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით პოლიტიკისა და სტანდარტების განვითარებას, კვლევითი კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მოდულის (MOOC) შექმნას, მკვლევართა და კვლევის ოფიცრების მომზადებას, კვლევის ეთიკის მიმართულებით ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებას, აკადემიური მხარდაჭერის სერვისების განვითარებასა და პასუხისმგებლიანი სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას.
_ რატომ არის კვლევის ეთიკა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
_ თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში კვლევის ხარისხი მხოლოდ მიღებული შედეგებით არ განისაზღვრება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქნა ეს შედეგები მიღწეული. კვლევის ეთიკა იცავს სამეცნიერო პროცესის სანდოობას, ხელს უშლის პლაგიატს, მონაცემების გაყალბებასა და სხვა არაკეთილსინდისიერ პრაქტიკებს. კვლევის კეთილსინდისიერების დაცვა მნიშვნელოვანია, რადგან ეთიკური პრინციპების დარღვევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვლევის ხარისხზე, შეასუსტოს საზოგადოების ნდობა მეცნიერების მიმართ და ეჭვქვეშ დააყენოს სამეცნიერო შედეგების სანდოობა.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვან შესაძლებლობებთან ერთად ახალ პასუხისმგებლობებსაც აჩენს, რაც კიდევ უფრო ზრდის ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობას სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობაში. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ ხორციელდება პროექტი ETHICS, რომელიც საქართველოში კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის გაძლიერებას ემსახურება.
_ ვინ არიან პროექტის პარტნიორები?
_ პროექტი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. პროექტში ასევე მონაწილეობენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ევროპელ პარტნიორებს შორის არიან ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი, ჩარლზის უნივერსიტეტი, მასარიკის უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი.

_ რა მნიშვნელობა აქვს ეროვნულ და საერთაშორისო თანამშრომლობას პროექტისთვის?
_ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობაა. ევროპელი პარტნიორების გამოცდილება ქართულ უნივერსიტეტებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ კვლევის ეთიკის თანამედროვე სტანდარტებს, მართვის მექანიზმებსა და საუკეთესო პრაქტიკას. საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს უწყობს კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის გაძლიერებას და ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში.
პროექტის ფარგლებში ბსუ-ს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებში. ეროვნული თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. საერთაშორისო დონეზე კი ბსუ-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებში ჩარლზის უნივერსიტეტში (პრაღა), ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (ამსტერდამი) და მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო).
აღნიშნულმა შეხვედრებმა და გამოცდილების გაზიარებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაცნობოდნენ ევროპულ გამოცდილებას კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით, გაეზიარებინათ საუკეთესო პრაქტიკა და ხელი შეეწყოთ უნივერსიტეტში კვლევის ეთიკის თანამედროვე მიდგომების განვითარებისთვის.
_ ბსუ-ს პერსონალს რა როლი აქვს პროექტში?
_ პროექტის განხორციელებაში ბსუ-დან ჩართულია როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროექტის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებაში, სასწავლო მოდულების პილოტირებაში, კვლევის ეთიკის მიმართულებით რესურსებისა და ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებაში. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მათ გაიარეს სპეციალური მომზადება, მონაწილეობდნენ ეროვნულ და საერთაშორისო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებში, რის შედეგადაც გაიღრმავეს ცოდნა და გაიუმჯობესეს პროფესიული კომპეტენციები კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით. მიღებული გამოცდილება და განვითარებული კომპეტენციები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის უნივერსიტეტში კვლევის ეთიკის კულტურის გაძლიერების, შესაბამისი მექანიზმების სრულყოფისა და პასუხისმგებლიანი კვლევის პრინციპების დამკვიდრებისათვის.
_ კონკრეტულად რა აქტივობები განხორციელდა ბსუ-ში პროექტის ფარგლებში?
_ პროექტის ფარგლებში ბსუ-ში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კვლევის ეთიკის მიმართულებით. მომზადდა კვლევის ეთიკის ოფიცრები, შეიქმნა შესაბამისი სასწავლო რესურსები, მომზადდა კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მოდული (MOOC), განხორციელდა მასალების თარგმნა და ინტეგრირება Moodle-ის პლატფორმაზე, კვლევითი ეთიკისა და კეთილსინდისიერების 16-საათიანი სასწავლო მოდული (MOOC) წარმატებით დაინერგა უნივერსიტეტში. 2025 წლის თებერვალ-მარტში ბსუ-ს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის ჩატარდა 4-საათიანი ტრენინგი თემაზე „კვლევის ეთიკა“. ასევე, განხორციელდა 16-საათიანი მოდულის „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“ (MOOC) პილოტირება დოქტორანტებისთვის. იგივე მოდული დეკემბერში ჩაუტარდა ბსუ-ს მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, აკადემიურ, მოწვეულ და სამეცნიერო პერსონალს. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კვლევის ეთიკა, მონაცემთა მართვა, სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკა, ღია მეცნიერება, პლაგიატის პრევენცია და ინტერესთა კონფლიქტის მართვა. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცა პროექტის ფარგლებში შეძენილი ლიტერატურა კვლევის ეთიკისა და კვლევის მეთოდების საკითხებზე.
_ რამდენად აქტიური იყო საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა?
_ ინტერესიც და ჩართულობაც საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ტრენინგებსა და სასწავლო კურსებში მონაწილეობდა აკადემიური, მოწვეული და სამეცნიერო პერსონალი, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. მონაწილეთა უკუკავშირმა აჩვენა, რომ კურსებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კვლევის პროცესში ეთიკური პასუხისმგებლობის უკეთ გააზრებას და პრაქტიკული უნარების განვითარებას. მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ კურსმა შეცვალა მათი დამოკიდებულება კვლევის პროცესის მიმართ და დაანახა ეთიკური ნორმების დაცვის მნიშვნელობა როგორც სწავლების, ისე სამეცნიერო საქმიანობის პროცესში.
_ რა ინსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა ბსუ-ში პროექტის გავლენით?
_ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ინსტიტუციური ცვლილებებია. გადაიხედა და განახლდა კვლევის ეთიკის კომიტეტის დებულება, შემუშავდა ახალი მექანიზმები და ფორმები კვლევების ეთიკური შეფასებისთვის, შეიცვალა დოქტორანტურის დებულება და კვლევის ეთიკის საკითხები ინტეგრირდა სხვადასხვა სასწავლო პროგრამის სასწავლო კურსებში. ასევე, შემუშავდა და განახლდა რიგი მარეგულირებელი დოკუმენტები და მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობს კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაძლიერებას უნივერსიტეტში.
_ როგორ შეაფასებთ, რა მნიშვნელობა აქვს პროექტს უნივერსიტეტისთვის?
_ პროექტი სრულ თანხვედრაშია უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებთან. მისი შედეგები ხელს უწყობს კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას, აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის განვითარებას, მკვლევართა მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება უკვე აისახა უნივერსიტეტის კვლევით გარემოზე და მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს როგორც საგანმანათლებლო პროგრამების, ისე სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის განვითარებას.
_ როგორ უზრუნველყოფს ბსუ ETHICS პროექტის შედეგების მდგრადობას მისი დასრულების შემდეგ?
_ პროექტის ETHICS განხორციელების პერიოდი 2027 წლის 31 იანვარს სრულდება. პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად ბსუ-მ შეიმუშავა 2027-2032 წლების ინსტიტუციური მდგრადობის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით დაწყებული პროცესების გაგრძელებასა და განვითარებას პროექტის დასრულების შემდეგაც.
გეგმის მიხედვით, გაგრძელდება კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების პოლიტიკის განვითარება, კვლევის ეთიკის კომიტეტის საქმიანობის მხარდაჭერა, კვლევის კეთილსინდისიერების საკითხების ინტეგრირება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში, პლაგიატის პრევენციის მექანიზმების გამოყენება, უნივერსიტეტი საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის ტრენინგების ჩატარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევის ოფიცრების პროფესიულ განვითარებას და მათ ჩართულობას კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით საკონსულტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობაში, ETHICS-ის ფარგლებში შექმნილი სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან გამოცდილების გაზიარებას. ამასთან, დაგეგმილია პროექტის შედეგების პოპულარიზაცია, სამეცნიერო კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების გაგრძელება და აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება როგორც უნივერსიტეტში, ისე რეგიონის საგანმანათლებლო სივრცეში.
ამგვარად, ETHICS პროექტის ფარგლებში შექმნილი მექანიზმები და მიღებული გამოცდილება პროექტის დასრულების შემდეგაც დარჩება უნივერსიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილად და ხელს შეუწყობს კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის შემდგომ განვითარებას.
_ რა არის ETHICS პროექტის მთავარი გზავნილი?
_ ETHICS გვახსენებს, რომ ხარისხიანი მეცნიერება შეუძლებელია ეთიკისა და კეთილსინდისიერების გარეშე. პასუხისმგებლიანი კვლევა არ არის მხოლოდ პროფესიული მოთხოვნა - ის არის პასუხისმგებლობა საზოგადოების, მეცნიერებისა და მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ამიტომ პროექტი ხელს უწყობს ისეთი აკადემიური კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც კვლევის ხარისხი იწყება ეთიკითა და კეთილსინდისიერებით.
| უკან |
