ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიზანია განახლებული ავტორიზაციის მექანიზმის პილოტირების ხელშეწყობა და მასში აქტიური ჩართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პილოტირების პროცესი არის ავტორიზაციის პროცესის სიმულაცია ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდება.
ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვამდე შერჩეულია სამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ). ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პილოტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 19-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარადგინა. პილოტირებაში მონაწილე უნივერსიტეტები შერჩეულია სამი კატეგორიის მიხედვით: თბილისში და რეგიონში მდებარე სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და კერძო უმაღლესი სასწავლებელი. გარდა ამისა, დამატებით გათვალისწინებული იყო შემდეგი ფაქტორები: ფართო სპექტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, უმაღლესი სასწავლებლის ზომა სტუდენტებისა და პროგრამების რაოდენობის მიხედვით. სახელმწიფო უნივერსიტეტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა კვლევითი ინსტიტუტების მქონე უმაღლეს სასწავლებელს, ხოლო კერძოს შერჩევისას - სასწავლო უნივერსიტეტს.
პილოტირების პროცესში გათვალისწინებულია დამკვირვებელ ექსპერტთა მონაწილეობა, რომლებიც რეალურ გარემოში დააკვირდებიან პილოტირების პროცესში ჩართულ ექსპერტთა მუშაობას და დამსაქმებლებთან შეხვედრებს, დაესწრებიან ინტერვიუს პროცესს, გაეცნობიან დაწესებულების მიერ პილოტირების პროცესში წარმოდგენილ ნებისმიერ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას.
უკან |