ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში“ დასრულდა. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მე-6 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა. დავით გაბაიძემ შეხვედრის მონაწილეებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე, ახლად მიღებულ კონსტიტუციასა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად პრინციპებზე მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და მსგავსი პროექტების ჩვენს რეგიონში ჩატარების მნიშვნელობაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პროექტის ორგანიზატორებს მომავალი საზაფხულო სკოლის მაღალმთიან აჭარაში ჩატარება შესთავაზა და უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს.
ერთი კვირის განმავლობაში სკოლის მონაწილეები ევროპეიზაციის თეორიულ ასპექტებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროკავშირის სამართლის ფონდებსა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ევროკავშირის როლზე მსჯელობდნენ. დასასრულს ბსუ-ს პრორექტორმა თამარ სირაძემ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სამართლის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბსუ-ს საპატიო დოქტორმა, იური ბოშიცკიმ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს.
საზაფხულო სკოლა სახელწოდებით - „ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ევროკავშირის ჟან მონეს გრანტის დაფინანსებითა და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით ჩატარდა და მასში 6 ქვეყნის 25 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სკოლის მსმენელებს ლექციებს ქართველი, ავსტრიელი, ლიეტუველი, სომეხი და უკრაინელი პროფესორ-მასწავლებლები უკითხავდნენ.
უკან |