სამეცნიერო კვლევები

„უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების გავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე"

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  „უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების გავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე"

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე შაინიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: კონსულტანტი - პაატა აროშიძე; ძირითადი პერსონალი: ქეთევან გოლეთიანი, ნინო მამულაძე, გიორგი ქათამაძე, ტარიელ გიორგაძე, თამილა თურმანიძე, იამზე სურმანიძე, თამარ ფოლადაშვილი, თამთა ბერიძე, თამარ ღოღობერიძე; დამხმარე პერსონალი: გიორგი აბაშიძე, ნესტან ვარშანიძე; სტუდენტები: ანა შარაბიძე, ლიკა ლურსმანაშვილი, ლინდა ღორჯომელაძე.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 01.02.2023-15.12.2023

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსება ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების მონაწილეობით თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო   გარემოს ჩამოყალიბება. აღნიშნულ მისიაში უმთავრესია კონკურენციისა  და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპების დაცვა, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა თვითრეალიზების ხელშეწყობა, მათი აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, რაც საბოლოო ჯამში დადებითად უნდა აისახოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამებითა და ქვეპროგრამებით, რომელთა აღწერილობაში განსაზღვრულია მკაფიო მიზანი და ამოცანები. კვლევის ფარგლებში სწორედ აღნიშნული პროგრამებით განსაზღვრული მიზნების შესრულების შეფასება და ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდებით გაზომვა განხორციელდება, დადგინდება კორელაციური კავშირი ამ მიმართულებით სახელმწიფო დაფინანსებასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შორის, გამოიკვეთება პრობლემები და შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები. კვლევის შედეგები გამოიცემა მონოგრაფიის სახით პროქტში დასაქმებული პერსონალის კოლექტიური ავტორობით, რაც იქნება მოცემული  მიმართულებით მნიშვნელოვანი და ახალი კვლევა, რომელშიც ჩართული იქნება ბსუ-ს  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ოთხივე დარგობრივი დეპარტამენტის ახალგაზრდა მკვლევარები.

კვლევის  მიზანია უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობის შეფასება და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე მისი გავლენის დადგენა.

კვლევის ამოცანებია:

- უმაღლესი განათლების დაფინანსების ინსტიტუციური სტრუქტურისა და უფლებამოსილებათა დელეგირების  ანალიზი;

- უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების უცხოური მოდელების ანალიზი;

- დაფინანსების მექანიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა და შესაბამისობის დადგენა;

- უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების  კურსდამთავრებულთა შრომის ბაზრის ანალიზი;

- პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამათა დაფინანსების შედეგიანობის განსაზღვრა დასაქმების მაჩვენებლებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორების გამოყენებით;

- მთლიან საბიუჯეტო ხარჯებში უმაღლესი განათლების დაფინანსების წილის ზრდის ტენდენციის შედარება ცხოვრების დონის ზრდასთან;

- სახელმწიფო ბიუჯეტის ქვეპროგრამებით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შეფასება შესაბამისი ინდიკატორების გამოყენებით;

- საკვლევი თემის მიმართულებით განხორციელებული ეფექტიანობის აუდიტის შედეგების განხილვა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

- უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების გავლენის განსაზღვრა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა მაჩვენებლებზე;

- კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, მონოგრაფიის მომზადება.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები - აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკმაოდ  მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი სამეცნიერო კვლევა ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა დარგობრივი დეპარტამენტის ახალგაზრდა მკვლევარების ჩართულობით. კვლევის საწყის ეტაპზე გამოკითხვის მეთოდის გამოყენება ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას, გაანალიზდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამათა წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზები, გამოიკვეთება პერსპეტივები და შემუშავდება რეკომენდაციები.  დასახული ამოცანების შესაბამისად  კვლევა საკითხების შესწავლის მიზნით განხორციელდება როგორც აჭარის რეგიონში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში გამოიცემა მონოგრაფია, რომლის შედეგები და რეკომენდაციები შესაძლოა გახდეს სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივათა საფუძველი. პროექტის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა. ამასთან, უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენის შეფასება და შედეგები დაეხმარება რეფორმების განმახორციელებელ შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს ეფექტიანობის ზრდის სტრატეგიული ღონისძიებების დაგეგმვაში.

პროექტში ჩართულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომის შესრულება განახორციელონ უშუალოდ მათ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, რაც მათ  მეტ პრაქტიკულ ღირებულებას შესძენს, ამასთან, დაეუფლებიან კვლევის მეცნიერულ მეთოდებს, რაც მომავალი სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

პროექტის დასრულების შემდეგ დაწყებულ საქმიანობას ასევე აქვს გაგრძელების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

-  კვლევის შედეგების მიხედვით შეთავაზებული რეკომენდაციებით შესაძლოა დაინტერესდნენ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები, რაც პროექტის მონაწილე პირებისათვის მომავალი საქმიანობის მნიშვნელოვანი პირობაა;

- პროექტის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება მისი განმახორციელებელი პირებისათვის ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა