
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, მარიამ ჩხაიძე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია.
მარიამმა ეროვნული ჯილდო ნომინაციაში - ,,წლის პროფესიული განათლების სტუდენტი” მოიპოვა.
მარიამ ჩხაიძე ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ წარმატებული სტუდენტია. იგი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტებსა და საერთაშორისო საგრანტო აქტივობებში. 2012 წლიდან აცანის სასოფლო ბიბლიოთეკაში მუშაობს და მისი ძალისხმევით ბიბლიოთეკა სოფლის მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად იქცა.
2022 წელს მარიამი ბულგარეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა, რის შედეგადაც გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი და დაიწყო ერთობლივი პროექტები ბულგარეთის ბიბლიოთეკებთან.
2024 წელს კი ლატვიაში, საზაფხულო სკოლაში „ევროპა დიალოგისთვის: განათლებისა და კულტურის სფეროში ურთიერთგაცვლა“ მიიღო მონაწილეობა. შედეგად, მარიამმა აცანის ბიბლიოთეკაში ახალი ინიციატივები დანერგა, რაც ხელს უწყობს ბიბლიოთეკაში ვიზიტორების მოზიდვას და კითხვით საზოგადოების დაინტერესებას.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვულოცავთ მარიამს და ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრს დამსახურებულ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
უკან |