დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ერთ-ერთ პერსპექტიულ სასოფლო-სამეურნეო კულტურა სტევიას (Stevia Rebaudiana Bertoni), რომელიც მოიხსენიება შემდეგი სინონიმებით: „თაფლოვანი ბალახი“, „ორფოთოლა ტკბილი“, „კაა-ჰეე“ და სხვა. იგი ჩვენში ინტროდუცირდა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში და დღეისათვის ფართოდაა ცნობილი მოსახლეობაში. მისი სწრაფი გავრცელება განაპირობა მიწისზედა ნაწილებში, ძირითადად ახალგაზრდა ფოთლებსა და ყლორტებში შაქრის შემცველი, ინტენსიურად ტკბილი გემოს მქონე დიტერპენული ნაერთების: სტევიოზიდსა და რებაუდიოზიდის შემცველობამ. სტევია საუკეთესო დიეტურ-პროფილაქტიკური და სამკურნალწამლო საშუალებაა შაქრიანი დიაბეტით, გულსისხლძარღვთა დაავადებების და სიმსუქნისადმი მიდრეკილების დროს. სტევიას მცირე დოზების მიღებისას შეინიშნება არტერიული წნევის შემცირების მცირედ გამოხატული ეფექტიც.
სტევიას მცენარეზე დაავადებები თითქმის ყველა იმ ქვეყანაშია აღწერილი, სადაც ის მოჰყავთ. ჩვენში დაავადებების შესწავლა დაიწყო ჯერ კიდევ 90- იანი წლებიდან და დღესაც გრძელდება, რომელთა წინააღმდეგ შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად საჭიროა პათოგენის დომინანტური სახეობების დროულად გამოვლენა, რაც ნარგავების მდგომარეობის შესწავლითა და მცენარეულ კულტურათა მუდმივი კონტროლით არის შესაძლებელი.
სამკურნალო მცენარეებზე დაავადებები დამღუპველად მოქმედებს, რომელიც პირველ რიგში იწვევს მცენარის პროდუქტიულ ორგანოებში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის დაქვეითებას, რის შედეგადაც მიღებული პროდუქცია არ შეესაბამება მცენარეთა დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო მოთხოვნებს და მიიჩნევა არასტანდარტულად, რაც საბოლოოდ იწვევს ნედლეულის დიდი რაოდენობით დანაკარგს და წარმოებისათვის ეკონომიკური ზარალის მომტანია. ამიტომ სამკურნალო მცენარეების გაშენებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას.
პრეზენტაციაუკან |