შემსრულებლები:
ნინო კიკნაძე
ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
გულთამზე თავდგირიძე
ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი
კვლევის აქტუალობა:
მდ. აჭარისწყლის ხეობა და მიმდებარე ტერიტორიები გამოირჩევა როგორც ფლორისტული მრავალფეროვნებით, ასევე რელიქტური, ენდემური და წითელ ნუსხებში შეტანილი სახეობების სიმრავლით. აღნიშნული ხეობის ბიომრავალფეროვნების გაცნობა და შეფასება, ნიადაგისა და წყლის ანალიზი, დღეს არსებული ეკოლოგიური მდგომარების დაფიქსირების მიზნით აქტუალურია, ხეობაში ამჟამად მიმდინარე კასკადური ჰესების მშენებლობის ფონზე.
კვლევის მიზანი და ობიექტი:
მდ. აჭარისწყლის ხეობის ბიომრავალფეროვნების შეფასება; ნიადაგისა და წყლის ნიმუშების მულტიელემენტური ანალიზი; შერჩეულ ლოკაციებზე ნიადაგის ნაყოფიერების დონის შეფასება. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა მდ.აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორიების ბუნებრივი ჰაბიტატები. ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით, ლაბორატორიული კვლევისათვის ნიადაგის, წყლის და მცენარეული ნიმუშების აღება მოხდა დაბა შუახევის, შუახევჰესის წყალშემკრები ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიისა და შუახევჰესის ლოკაციებზე (მცენარეული ნიმუშებია ანალიზი იგეგმება მომდევნო ეტაპზე).
ლოკაციის ადგილები:
- დაბა შუახევი; 2. შუახევჰესის წყალშემკრები ნაგებობის მიმდებარე ტერიტორია; 3. შუახევჰესის ლოკაცია.
კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:
- ექსპედიციის მარშრუტის დაგეგმვა, ნიადაგის, წყლის და მცენარეთა ნიმუშების ასაღებად;
- აჭარისწყლის ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება ისეთი მალიმიტირებელი პარამეტრების განსაზღვრის საფუძველზე, როგორიცაა:
- ნიადაგისა და წყლის მულტიელემენტური ანალიზი;
- ნიადაგის ნაყოფიერების ზოგიერთი ქიმიური მაჩვენებლის განსაზღვრა (pH, საერთო აზოტი
და ჰუმუსი, ელემენტური შედგენილობა).
კვლევის მეთოდები:
ზემოაღნიშნულ ლოკაციებზე საველე–რეკოგნოსცირებული კვლევის ჩატარება; ნიადაგისა და წყლის ნიმუშების მომზადება საანალიზოდ (გაშრობა, გაფხვიერება, გაცრა, მშრალი დანაცვრა, წყლის გამონაწურების მომზადება, წყლის და KCl-ის სუსპენზიების მომზადება); ნიადაგის pH განისაზღვრა H2O–ს და KCl–ის სუსპენზიებში; ნიადაგის ნიმუშებში საერთო ჰუმუსის და აზოტის განსაზღვრა განხორციელდა ტიურინის მიკროქრომის მეთოდით; მულტიელემენტური ანალიზი განხორციელდა პლაზმურ ატომურ–ემისიურ სპექტრომეტრზე – ICPE-9820; ნიადაგის ნაყოფიერების მაჩვენებლების დასადგენად, გამოყენებული იქნა ანალიზის ტიტრიმეტრული მეთოდები.
მატერიალურ ტექნიკური ბაზა: ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის პლაზმური ატომურ–ემისიური სპექტრომეტრიის და აგროქიმიის ლაბორატორიები.
კვლევების მეთოდოლოგიური ბაზა: ნიადაგზე და ზედაპირულ წყლებზე არსებული საკანონმდებლო ნორმატივები, სახელმწიფო სტანდარტები, სანიტარული წესები და ნორმები, საქართველოს მთავრობის დადგენილები.
ექსპერიმენტული შედეგების ანალიზი:
მთიანი აჭარის ფარგლებში არსებული მდინარეები, ნიადაგები და ტყეები მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია ბიომრავალფეროვნებისთვის. მდ. აჭარისწყლის ხეობა გამოირჩევა ძირითადად მაღალი კონსერვაციული ღირებულების ჰაბიტატებით. ტენის მოყვარული კოლხური რელიქტური ტყეები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი. მთიანი აჭარის ფარგლებში არსებული მდინარეები, ნიადაგები და ტყეები ხვდებიან ჰესების მშენებლობის და ექსპლუატაციის არეალში და ამით მათ ექმნებათ რეალური საფრთხე, რადგანაც მონაკვეთები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან დატბორვის ან კაშხლის უბნებს, მოითხოვს ტყეების გაჩეხვას, რასაც ერთმნიშვნელოვნად მოყვება ძლიერი ეროზიული და მეწყერსაშიში პროცესები. ეს პროცესები ვიზუალურადაც საკმაოდ თვალსაჩინოდ გამოიკვეთა ექსპედიციის დროს. საერთო ჰუმუსის შემცველობით შუახევჰესთან და შუახევჰესის წყალშემკრებთან აღებული ნიადაგის ნიმუშები ძალიან ღარიბია (0,252-1,7%). დაბა შუახევთან ნიადაგის ნიმუშების აღება წარმოებდა ტყის საფარქვეშ, ამიტომ ჰუმუსის და საერთო აზოტის შემცველობა აქ საშუალოა – 3,5–0,392%. მაკროელემენტები შემცველობის მიხედვით განლაგებულია რიგში: Al > Fe > Si > Ca > Mg > P > K. ნიადაგებში საშუალო ან საშუალოზე დაბალია მცენარისათვის საკვებად აუცილებელი მაკროელემენტების შემცველობა – K, Mg, Ca, P. ნიადაგში Na-ის კონცენტრაციის მკვეთრი მატება ფიქსირდება მე–2 ლოკაციაზე, რაც აქ ნიადაგების აქტიური რეაქციის გადახრის მიზეზია გატუტიანებისკენ. ნიადაგებში აღმოჩენის ზღვარს ქვემოთ იმყოფება ტოქსიკური ელემენტები: Cd, Cr, Hg, Li, Sb, Se, Ti, Tl, V, Pb. მანგანუმის შემცველობა ნიადაგებში სამივე ლოკაციაზე აღემატება ზდკ-ს. As და Ba–ის კონცენტრაცია მეტია ზდკ–ზე შუახევჰესის და მისი წყალშემკრები ნაგებობის ლოკაციებთან. Mo-ის შემცველობა აღემატება ზდკ–ს შუახევჰესის ლოკაციაზე. ჩატარებული იქნა დაბა შუახევის ლოკაციაზე არსებული წყაროს წყლის ელემენტური ანალიზი, რომელიც შედარებული იქნა აჭარისწყლის მონაცემებს. კვლევებით დადგინდა, რომ მაკროელემენტებიდან ორივე წყალში სხვა ელემენტებთან შედარებით, დომინანტებია Ca და Mg, თუმცა მათი შემცველობა არ არის მაღალი. ზდკ–ს აღემატება P, Fe, Al–ის კონცენტრაციები აჭარისწყალში, რაც მისი ანთროპოგენური დაბინძურების დამადასტურებელია. ტოქსიკური ელემენტებიდან აჭარისწყალში ზდკ–ს აღემატება ისეთი საშიში გამაბინძურებლები, როგორებიცაა: Hg, Li, Pb, Ti.
დასკვნები:
- მდ. აჭარისწყლის ხეობის მიმდებარე ფერდობებზე განვითარებულია მაღალი და საშუალო კონსერვაციული ღირებულების ბუნებრივი ჰაბიტატები, სადაც წარმოდგენილია მცენარის 23 ენდემური სახეობა, აქედან – 11 სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.
- ხეობის 3 ლოკაციაზე აღებული ნიადაგების pH ძირითადად მჟავეა. pH-ის გადახრა ტუტე არეში აღინიშნება შუახევჰესის წყალშემკრები ნაგებობის მიმდებარე ლოკაციაზე. ნიადაგები ღარიბია საერთო ჰუმუსით და აზოტით, რაც მათი ნაყოფიერების შემცირების მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
- ნიადაგებში საშუალო ან საშუალოზე დაბალია მცენარისათვის საკვებად აუცილებელი მაკროელემენტების– K, Mg, Ca, P–ის შემცველობა. ნიადაგებში As, Ba, Mo–ის გაზრდილი კონცენტრაციები დაფიქსირდა შუახევჰესის და მისი წყალშემკრები ნაგებობის ლოკაციებთან. დაბა შუახევთან აღებული წყაროს წყლის და აჭარისწყლის ნიმუშებში ძირითადი მაკროელემენტებია Ca და Mg. შუახევჰესთან მიმდებარედ, აჭარისწყლის ანთროპოგენული დაბინძურება გამოწვეულია ელემენტებით: P, Fe, Al, Hg, Li, Pb, Ti.
უკან |