შორენა მახაჭაძე
“Nonfiction” ჟანრის თავისებურებანი ნიაზ ზოსიძის პროზის მიხედვით
„ქართულად არ ილაპარაკებ, რაის გურჯი ხარ?“
ჩვენებური ნენე
ნიაზ ზოსიძის შემოქმედება Nonfiction ჟანრის ძალიან საინტერესო ნიმუშებს შეიცავს. ესენია:
• „ნეტაი ადრე მოსულიყავით“ – 2018;
• „გომარჯოს ფერეიდანს“ – 2019;
• „ახლა სიკვდილი არ შეიძლება“ – 2020;
• „ცრემლს ნუ გამატან“ - 2020.
ამ ტექსტებს ერთი საერთო გააჩნიათ: მათში ავტორი გადმოგვცემს თავის მოგზაურობათა შთაბეჭდილებებს, მაგრამ მწერლის მოგზაურობის მიზანი არ არის სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობა/დათვალიერება, ან ხალხის ცხოვრების თავისებურებების გაცნობა, არა, მწერალი ერთგვარად დროში მოგზაურია, საქართველოს ისტორიის არცთუ ბედნიერი ეპოქის ფურცლებს შლის, იმ ნამსხვრევებსა თუ ფრაგმენტებს აგროვებს, აკვირდება, სწავლობს, 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ რომ შემორჩენილა წარსულიდან; ფეხდაფეხ მოივლის და დაეძებს წინაპართა ნაკვალევს ტაო-კლარჯეთსა თუ ფერეიდანში. ამ მიმართებით საინტერესოა ნიაზ ზოსიძის სიტყვებიც: „ფერფლ და მტვერწაყრილი ისტორია უფრო მაინტერესებს“ (2-62) [ნიაზ ზოსიძის ტექსტებიდან მოყვანილ ციტატებს მივუთითებთ მხოლოდ ბიბლიოგრაფიაში წიგნის ნომერსა და გვერდს].
ასე ჩაუდგა კვალში ნიაზ ზოსიძე ირანსა და თურქეთში მცხოვრებ ქართველებს, შეეცადა მათი მინავლებულ-ჩამქრალი ქართული მოგონებების გამოცოცხლებას და სიტყვაში მოქცევას. თავისი ოცნებაც გაგვანდო: აფრიკაში, ქაიროსთან ახლოს ოსმალეთიდან გადასახლებულ მუჰაჯირთა მონახულების სურვილი (2-64).
ასე შეიქმნა ეს ტექსტები, ჟანრობრივად რომ “Nonfiction”-ს განეკუთვნებიან. წიგნის - „გომარჯოს ფერეიდანს“, რედაქტორის, პროფ. ზაზა შაშიკაძის შესავალი წერილიც გვიდასტურებს ამას. ის აღნიშნავს: მიუხედავად ავტორის მიერ არაერთხელ დაფიქსირებული პოზიციისა, რომ „მისი შემოქმედება ემოციებზეა აგებული და არანაირი სამეცნიერო პრეტენზია არ გააჩნია, ... იგი საინტერესოა სამეცნიერო წრეებისთვისაც“ (2-9). მართლაც, წიგნებში ბლომადაა შეტანილი ფერეიდნელ თუ მუჰაჯირ ქართველთა ლექს-სიმღერები, თქმულება-ლეგენდები, ტოპონიმები, გვარ-სახელები თუ ზედმეტსახელები, ფერეიდნული და მუჰაჯირთა მეტყველების ნიმუშები და ა.შ. ამასთან ერთად, ავტორი თავისი ნათქვამის დასტურად ალაგ-ალაგ უცხოელ თუ ქართველ ისტორიკოსთა და მოგზაურთა მონათხრობსაც იმოწმებს: ისკანდერ მუნშს, პიეტრო დელა ვალეს, ზაქარია ჭიჭინაძეს, ივანე ჯავახიშვილს, ჯეიმს ფრეზერსა და სხვებს („გომარჯოს ფერეიდანს“ -2019), ვახუშტი ბაგრატიონს, ზაზა შაშიკაძეს, ნიკო მარს, სერგეი მესხს, ალექსანდრე ფრენკელსა და სხვებს („ცრემლს ნუ გამატან“ – 2020 და „ნეტაი ადრე მოსულიყავით“ -2018). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უკანასკნელი წიგნი, ძირითადად, უფრო სამეცნიერო სტატიების კრებულია, ვიდრე “Nonfiction” ჟანრის ნაწარმოები. ამდენად, ჩვენი კვლევისთვის ბევრად მნიშვნელოვანია „გომარჯოს ფერეიდანს“ და „ცრემლს ნუ გამატან“, „ახლა სიკვდილი არ შეიძლება“ – სწორედ ამ ტექსტების ანალიზის საფუძველზე შევეცდებით “Nonfiction”-ის, რომელიც თანამედროვე ქართული მწერლობის ერთ-ერთ წამყვან, პოპულარულ და პროდუქტიულ ჟანრად იქცა, თავისებურებების დადგენას, გამოკვეთასა და სისტემატიზებას.
„გომარჯოს ფერეიდანს“ მოგვითხრობს 2018 წლის 6-15 მაისს (ბსუ-ს პროფესორ ზაზა შაშიკაძესთან ერთად) მწერლის ფერეიდანში მოგზაურობის შესახებ. ის კახეთის ტრაგედიას ეხება, გვახსენებს იმ ეპოქას, როცა შაჰ აბას 1-ლმა (1571-1629) 1616 წელს კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი აყარა და სპარსეთის პროვინციებში გადაასახლა. უმრავლესობამ დაკარგა იდენტობა, მხოლოდ ფერეიდნელმა ქართველებმა შეინარჩუნეს ქართული ენა და სამშობლოს მოგონება, შესაბამისად, მთელი ტექსტი განათებულია ფერეიდნელ ქართველთა სევდიან-საყვედურიანი თვალების შუქით, მკითხველსაც გამუდმებით ჩაესმის მათი ხმა: „გომარჯოს ფერეიდანს.“ საყურადღებოა მოხუცი ფერეიდნელის სიტყვები; „ოთხას წელიწადში ხმალი იჟანგება, ფერეიდნელი ქართველობა არ დაიჟანგა.“
ავტორის თხრობის მანერა ნამდვილად მხატვრულ-ემოციურია. სხვაგვარად, დიდი ემოციისა და გრძნობების გარეშე, ალბათ, წარმოუდგენელიცაა შაჰ-აბასის მიერ „მოუსავლეთის გზაზე“ გარეკილი ქართველების ტრაგედიის ასახვა: „მზისგან ხრაკვა თოთო ბავშვებისა... უსამანო გზაზე უძლურთა და მშიერთა დავრდომა“ (2-12), მათი, იმთავითვე დამარცხებისთვის განწირული, არაერთი მცდელობა სამშობლოში დაბრუნებისა, ტკივილამდე მისული მონატრება საქართველოს მიწა-წყლისა, ასევე წარმოუდგენელია პოლიტიკოსთა ბინძურ თამაშებს აყოლილ/შეწირული მუჰაჯირების „ცრემლიანი და გულსაკლავი“ (1-11) ისტორიის, მათი ტანჯვა-წამების გაცოცხლება.
მწერალი ხატოვნად და დამაჯერებლად გვიჩვენებს, როგორ გაივსო მთელი სპარსეთი „საბრალო ქართველებით“ (2-23), რომელთაც მთავრობა დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევდა, თუკი რჯულს შეიცვლიდა. ყველაზე ხრიოკ, ძნელად მისადგომ, უკაცრიელ და უაღრესად სახიფათო ადგილებზე ასახლებდნენ ქართველებს, მათ, ფაქტობრივად, მომთაბარე ტომებისგან ირანის ტერიტორიების დაცვა ევალებოდათ. ამასთან ერთად, ამ ადგილებში მათ შეჰქონდათ კულტურა, ავითარებდნენ სოფლის მეურნეობას, ხელოსნობას, ვაჭრობას.
როგორც უკვე ვთქვით, სხვადასხვა პროვინციებში გაფანტულმა ქართველებმა დაკარგეს მშობლიური ენა, ფერეიდნელებმა კი - შეინარჩუნეს. 1916 წელს ქართველი შტაბსკაპიტანი, პავლე ლორთქიფანიძე მოხვედრილა ფერეიდანში. ის გაზეთ „სახალხო ფურცელში“ წერდა: „დედაენა ჩინებულადაა დაცული, დიდი და პატარა მხოლოდ ამით ამაყობს - ქართულად ვლაპარაკობთო...“ (2-35).
იმ ადგილას, სადაც ბალახიც ვერ ხარობდა, ქართველებმა ვაზი გააშენეს, რომელიც მათმა წინაპრებმა წელზე შემოხვეული, უძვირფასეს კონტრაბანდად შემოაპარეს ირანელებს, რომ არ გაყინულიყო, ზამთრობით ვაზს მიწაში მარხავდნენ (2-103). ასე შემოინახეს და გადაარჩინეს ხრიოკ, ჯვარცმულ, თუმცა გაუტეხელ ფერეიდანში საქართველო, სადაც მოგზაურ მწერალს დახვდა „აყვავილებული ქართული ენა... სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ქართული წარწერები...“ (2-106).
ქართული ენაა როგორც ფერეიდნელი ქართველების, ისე თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლების იდენტობის უმთავრესი განმსაზღვრელი: „ენა თუ არ იცი, ძნელია გურჯობა!“ (4-33), „ენა თუ არ იცი, რაის გურჯი ხარ?“ (4-61). „ჩვენი ქართველობა მხოლოდ დედაენით გამოიხატებაო“ (2-35) და ყველგან: ფერეიდანშიცა და თურქეთის საქართველოშიც, ერთი საწუხარი აქვთ: „წასულია ჩვენი საქმე, უკვე გადარევლი ვართ თურქჩეშიო“ (4-58) და „თხოულობენ „სკოლას“, ქართველ მასწავლებელს... ნუთუო, ლაპარაკობენ: ჩვენი ქართველები ისე უგულო შეიქნენ, რომ ჩვენზე არ ფიქრობენო“ (2-35).
როგორც ამ მცირე ამონარიდითაც ჩანს, ნიაზ ზოსიძის წიგნებში დასმულია უაღრესად მნიშვნელოვანი და სადღეისო პრობლემები: ჟამთა სიავის, ისტორიის ბედუკუღმართობის გამო უცხოეთში მცხოვრებ, ასიმილირების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა იდენტობის გადარჩენის საკითხი.
მწერალი საჭირბოროტო, ქართველებისთვის ლამის მარადიულად ქცეულ კითხვებს სვამს, შლის წარსულის უმძიმებს ფურცლებს და ოსტატურად ხატავს ისტორიულ თუ თანამედროვე პირთა პორტრეტებს.
ყურადღებას იპყრობს შაჰ-აბასის მოკლედ, სხარტად, ობიექტურად და ზუსტად მოხაზული სახე-ხასიათი. ორ გვერდზე ახერხებს ავტორი ნათლად დაგვიხატოს უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, სამხედრო სტრატეგი, ვისმა მმართველობამაც ირანის არა მარტო პოლიტიკურ ძლიერებას, არამედ კულტურულ აყვავებასაც შეუწყო ხელი და, იმავდროულად, სისხლისმსმელი, დაუნდობელი ტირანი, კაცთმოძულე - ზოგადად და ქართველთმოძულე - კერძოდ, ვერაგი და ცბიერი, ჯოჯოხეთური ინტრიგების დიდოსტატი, ვისაც შეეძლო, რაოდენ პარადოქსული და სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის, ქართველის ქართველის ხელითვე განადგურება, ვისი სამეფო გვარდია გამაჰმადიანებული ქართველებისგან შედგებოდა და ჯარის სარდალიც ქართველი იყო, სამხედრო რეფორმებსაც ნაქართველარი ალავერდი-ხანი უნდილაძე ატარებდა - დიდებულთა შორისაც კი გამორჩეული, შაჰის გვერდით რომ გამოსახავდნენ მხატვრები, მრავალმხრივი ტალანტით შემკული, უნიჭიერესი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. მისი ცხოვრების ისტორიაშიც საქართველოსა და ქართველი ხალხის ტრაგედია ისახება.
ასეთივე დამაჯერებელი, ცოცხალი და დასამახსოვრებელია ნიაზ ზოსიძის მიერ გამოკვეთილ თანამედროვეთა პორტრეტებიც. მკითხველზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენენ მუდამ მომღიმარე და სიმპათიური სოსო მიქელანი - „ფერეიდნის იაკობ გოგებაშვილი“ (2-11), ისპაჰანის მშვენება, ულამაზესი ჰელენ იოსელიანი, ვინც „ქართული ფერებით აფერადებს და ალამაზებს სამყაროს“ (2-155) და, რა თქმა უნდა, მისი დიდი წინაპარი - სეიფოლა იოსელიანი - „ფერეიდნელთა მალამო და შვება..., სინდისი..., ეროვნული ცნობიერების, იდენტობის მედროშე და წინამძღოლი“ (2-39). მას უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა არა მარტო ფერეიდნელ ქართველთა შორის, რომელთა თხოვნითაც ის საქართველოში ჩამოვიდა, არამედ ირანის უმაღლეს მმართველთა შორისაც. ის სთხოვდა საქართველოს მთავრობას, რომ ქართველი მასწავლებლები და ექიმები გაეტანებინა თან, რათა სასწავლებელი გაეხსნათ. სეიფოლამ საქართველოში ყოფნისას შეისწავლა ქართული წერა-კითხვა და ირანში ჩასვლისთანავე დაიწყო სკოლის გასახსნელად მზადება. ფერეიდანში იმ დროისათვის, ანუ 1922 წლისათვის 30 ათასამდე ქართველი ცხოვრობდა, რომლებიც ქართულად ლაპარაკობდნენ და ქართული ტრადიციებიც შენარჩუნებული ჰქონდათ.
სეიფოლა იოსელიანი ზემო მარტყოფის გუბერნატორად მუშაობის პერიოდში ყველაფერს აკეთებდა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, ის თავის მეგობრულ ურთიერთობას „ირანის სახელმწიფოს მოდერნიზაციის მესაძირკვლე“ შაჰ რეზა ფეჰლევთან (2-56), სწორედ ამ მიზნით იყენებდა: მან ფულადი ჯილდოს ნაცვლად შაჰს სთხოვა სკოლის გახსნა. მწერალი დაწვრილებით აღწერს იმ წინააღმდეგობებს, იმ დევნა-შევიწროებისა და ცილისწამების კამპანიას, რაც პატრიოტ ფერეიდნელსა და მის ოჯახს დაატყდა თავს.
წარსულიდან ისევ აწმყოში გადმოვყავართ მწერალს და თანამედროვე ისპაჰანის, თავრიზისა თუ თეირანის კონტურებიც იხატება. აქვე გვაცნობს ფერეიდნელ ქართველ პოეტებს - „ქართული ენის პოპულარიზაციის დაუღალავ, მუყაით მოჭირნახულეებს“ (2-80), ქართული ანბანის მომფერებელ-მოგურგურეებს, ადგილობრივ, ქართულ ტოპონიმებს, გვარ-სახელებს, ზედმეტსახელებს, ეთნოლოგიურ მასალებს რომ აგროვებენ შთამომავლობისთვის გადასაცემად და მათ შემოქმედებას. ესენი არიან: რეზო ხუციშვილი, ალექსანდრე და რეზო დავითაშვილები, ვასიკო ყავლაშვილი, ძმები - არია და შაინა ხოსროშვილები, 2004 წელს ფერეიდნიდან საქართველოში ფეხით რომ ჩამოვიდნენ, „დაახლოებით გაიარეს ის გზა, რომელიც შაჰ აბასის ათეულ ათასობით ქართველმა ტყვემ“... (2-100), ამინ ნაგელიანი, „ქართველის დანახვაზე რომ ბედნიერი ხდება“ (2-137), ალალმართალი და მარიფათიანი გოგია დავითაშვილი (2-171) და სხვები.
მათ უმთავრეს გულისტკივილსაც არ მალავს მწერალი. ამ მხრივ საინტერესოა მოხუცი ფერეიდნელი ქალბატონის საუბარი მასთან. ის მიუთითებს პატარა ფერეიდნელ ბიჭზე, რომელიც ციცაბო კლდეზე იდგა, ხელგაშლილი ქართულად კითხულობდა ლექსს და გულდაწყვეტილმა უთხრა: „ამაი საქართველომ ქართველობის დაწერაზე უარი უთხრა...“ (2-124). ნიაზ ზოსიძე თავის პოზიციასაც იქვე აფიქსირებს: „ჩემზე რომ იყოს, ამ ხალხს საქართველოს მოქალაქეობის დოკუმენტს ფერეიდანში ჩავუტანდი, მეტიც, ამ ფაქტს სახალხო დღესასწაულად ვაქცევდიო“ (2-143).
და მწერალი გვაჯერებს, რომ ფერეიდნელები ყველაზე დიდი და ნაღდი ქართველები არიან: 83 წლის სახალხო მკურნალი - ასიე ბათუაშვილი, ქამრან მიქელანი - ქართული სიმღერის, ცეკვისა და სადღეგრძელოს მოტრფიალე, „თავისი ჯანსაღი სიცილით ფერეიდანს რომ აცოცხლებს“ (2-161).
ასევე შთამბეჭდავად, ზუსტად შერჩეული შტრიხებით, მოკლედ, მაგრამ სრულყოფილად ახასიათებს ავტორი ქართულ სოფლებს: „ჯაყჯაყი... ძველი ყაიდის სოფელი, რელიგიურად შეფუთნული, შაჰიდების სამჭედლო“ (2112), ჩუღურეთი... მხიარული, გამრჯე ქართველების სოფელი (2-108), ვაშლოვანი, სწავლასმოწყურებული ახალგაზრდებითა და მრავალნაირი ხილით მდიდარი სოფელი (2-114), „ციხემთა სხვა ფენომენია... ციხემთა ფერეიდნელ ქართველთა წმინდა ალაგია... ციხემთა ქართული სულის უდრეკობის დასტურია...“, (2-121), დაბოლოს, რა თქმა უნდა, მარტყოფი: იუნესკოს მიერ დედამიწაზე ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილად ცნობილი, სადაც ქართველს ქართველი არ მოუკლავს, „სადაც ქართული ანბანი ღვთაების ტოლსწორი ფენომენია... სადაც კახელებმა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა, იდენტობა, ადათ-წესები, ტრადიციები...“ (2-130).
ხატავს ქართულ ოჯახებს: რეზო დავითაშვილის ოჯახს, რომელსაც „ქართველ ფერეიდნელთა დროშას“ უწოდებენ, „საქართველოს სიყვარულით ცრემლმდინარე, ქართულ ანბანზე ჯვარდაწერილს“ (2-144), სინოპის ქართული საზოგადოების თავმჯდომარეს, სელამეთინ აიდინს - ხალისიანსა და გულგახსნილს, ენამზიანსა და ქართველობაზე დარდით მოტეხილ მოხუცს (4-320), ექრემ ბაირახტაროღლის - ალალ, შრომისმოყვარე, სამართლიან და სტუმართმოყვარე სოფლის თავს (4-41) და ბევრ სხვას: მოხუცსა თუ ახალგაზრდას, ქალებს, კაცებს, ბავშვებს და ასე თანდათან იკვეთება ფერეიდნელ თუ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების კრებითი სახე-ხასიათი: „გულკეთილი, ჭირთამთმენი, უხვი, ამაყი, გონიერი, სულგრძელი და ალალმართალი“ (2-130), რომელთა სახლებში რუსთაველის, ილიას, წმ. გიორგის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ქართული ანბანისა და ვაზის ფოტოებია გამოფენილი (2-131). მათ სწორედ ეს - მარადუკვდავი ქართული სული, ქართული ჯიშის შეგრძნება და, რაც მთავარია, ღმერთად ქცეული ქართული ენა აერთიანებთ.
როგორც ზემოთაც აღვნისნეთ, ამ კრებულებმა ჩვენი ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, თავისი ჟანრობრივი თავისებურებებით მიიპყრო. ესაა საკმაოდ ეკლექტიკური კრებულები ჩანახატებისა, ნოველებისა, მინიატურებისა და, წარმოიდგინეთ, მცირე სამეცნიერო კვლევებისა. ამასთან, ისინი იტევენ საქართველოსა და აჭარის ლამის ოთხსაუკუნოვან ისტორიას, მაგრამ მასში ვერ ნახავთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადმოცემულ ფაქტებს ან ისტორიულ პირებს. ამას ემატება ისიც, რომ ავტორი მოთხრობილი ამბების უცვლელი მონაწილეა, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, ფაქტობრივად, ყველა ამბავი მწერლის სუბიექტური აღქმის პრიზმაშია გადატეხილი, ყველა მოვლენა და მოქმედი პირი მისი ემოციური შეფასებისა და განსჯის ობიექტია. თუმცა, იმავდროულად, შემოქმედი მკითხველს არ აძლევს საშუალებას, რომ დაივიწყოს: ეს ყველაფერი რეალურად მომხდარი ამბავია, არ აქვს მნიშვნელობა, გუშინ, გუშინწინ, ერთი წლისა თუ ერთი საუკუნის წინ, მაგრამ ნამდვილად მომხდარი ამბავია.
მაგალითად, „ახლა სიკვდილი არ შეიძლება“ – 2020 - რა შეიძლება ეწოდოს ამგვარ ტექსტს? რა თქმა უნდა, მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუში, რომელსაც დღეს სხვაგვარად „Nonfiction“-ის ჟანრსაც მიაკუთვნებენ. მასში რეალურად მომხდარი ამბები, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, „ლირიზმ-პათეტიკა-სენტიმენტალიზმის“ ნაზავითაა გადმოცემულ-შეფერილი.
ამერიკელი მალკოლმ გლადველი სვამს კითხვას: რა არის „Nonfiction“ და თავადვე პასუხობს: ეს არის მწერლობის ფართო ჟანრი, რომელიც მოიცავს ყველა წიგნს, რომელიც არ არის დაფუძნებული გამოგონილ თხრობაზე და ის, მართლაც, ყველა არამხატვრულ წიგნს: ისტორიულს, ბიოგრაფიულს (ავტობიოგრაფიებსა და მემუარებს, რომლებიც ფოკუსირებულია კონკრეტული პირის ცხოვრების ისტორიაზე), მოგზაურობის ამსახველ წიგნებს, აკადემიურ ტექსტებს (სახელმძღვანელოებს), ფილოსოფიას, ჟურნალისტიკას (რომელსაც შეუძლია მიიღოს წიგნების ფორმა და მოიცავს ნარატიულ - არამხატვრულ და ნამდვილ კრიმინალურ ტექსტებს), თვითგანვითარებისა და სხვადასხვა ინსტრუქციის შემცველ წიგნებს (ბევრი მათგანი ეხება ბიზნესის წარმატებას, თავდაჯერებულობის გაზრდას, ორგანიზებულობას, ურთიერთობის კულტურას, დიეტასა და ფინანსურ მენეჯმენტს), იუმორს - „Nonfiction“-ის ქვეჟანრებად ანუ შემოქმედებითი არამხატვრული ლიტერატურის ფორმებად თვლის, რომლებშიც რეალურ ადამიანებზე, საგნებზე, მოვლენებზე რეფლექსიაა მოცემული. ყველაფერი ეს გაანალიზებულია და გადატყდება ავტორის თვალსაზრისის პრიზმაში. ზოგჯერ ეს თვალსაზრისი შეიძლება იყოს იუმორისტული, ზოგჯერ პოლიტიკური და ზოგჯერ წმინდა მედიტაციური (გლადველი, 2020:)
კომპოზიტში „მხატვრულ-დოკუმენტური“ სიტყვა „დოკუმენტური“, რა თქმა უნდა, საკმაოდ მკაცრად განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, თუმცა ამ შემთხვევაში ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ „დოკუმენტი“, როგორც ტექსტის სტრუქტურის მაორგანიზებელი საშუალება და ფაქტი, რომლის ირგვლივაც იგება თხრობა. სწორედ ამ უკანასკნელს - რეალურ ფაქტებს ეყრდნობა ნიაზ ზოსიძე, გარდაქმნის მათ მხატვრულ-ესთეტიკურ მოვლენად.
ნიაზ ზოსიძის მხატვრულ-დოკუმენტური პროზა ძირითადად ეყრდნობა ე.წ. ზეპირ ისტორიებს, რომელთაც ავტორი საკუთარი ინტერპრეტაციით, მხატვრულად გადმოგვცემს ისე, რომ არ იზღუდება სუბიექტური პოზიციის გამოხატვისას. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ სცდება რეალურად მომხდარი ფაქტის საზღვრებს. ის ცდილობს რეალობის განსაკუთრებული სურათის შექმნას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ სურათისთვის უფრო მკვეთრი კონტურების მოძებნას, ფერების დამატებას. მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ნიაზ ზოსიძის ნარატივის თავისებურება: მწერალი გვიყვება ნამდვილი ამბების, რეალურად არსებული ადამიანებისა და მოვლენების შესახებ, ოღონდ მხატვრული შეფერილობით. რა თქმა უნდა, ის, თუ როგორ თანაფარდობაშია ერთმანეთთან ამ ჟანრის ორი კომპონენტი: დოკუმენტალურობა და მხატვრულობა, დამოკიდებულია კონკრეტული ავტორის (ამ შემთხვევაში ნიაზ ზოსიძის) გემოვნებას, სტილსა და წერის მანერაზე. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მწერალს არცერთი კომპონენტი არ ღალატობს: მის თხრობაში თანაბრად, ზომიერად და ჰარმონიულადაა შერწყმული შემოქმედის ფანტაზია და ფაქტის ნამდვილობა ისე, რომ მკითხველს არასოდეს ეპარება ეჭვი გადმოცემული ამბის სიმართლეში, რადგან დამაჯერებელი და გულწრფელია წერის მანერა, სადა, ნათელი და დახვეწილია სტილი.
სოფლის მცხოვრებთა მიერ ზეპირად მოთხრობილი რეალური ისტორიები ნიაზ ზოსიძეს ერთგვარ ბიძგს აძლევს, რომ შექმნას ნოველა, ჩანახატი. თავად ფაქტი ხდება წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნას ნაწარმოები, ის მთლიანად იფანტება ტექსტის მხატვრულ ქსოვილში, მაგრამ ერთ უმთავრეს თვისებას კი ასრულებს: მკითხველამდე მიაქვს ისტორიის სურნელი, მისი განუმეორებელი სული, განწყობა, ეპოქის სუნთქვა.
მაგალითად, საერთო-სახალხო ტრაგედიის მომსწრე პირების ზეპირი მონათხრობი ამბებით ნიაზ ზოსიძე მკითხველს აძლევს საშუალებას ახლებურად გაიაზროს ისტორიული ფაქტები, მოვლენები, ვთქვათ, მიჰყვეს იმ გზას, რომელიც აჭარიდან წასულმა მუჰაჯირებმა გაიარეს: „ცრემლადქცეულ გზას ოსმალეთის მიუვალ, ტყე-ბაძგნარებისკენ“ (81), დაინახოს ორ მტერსა და ორ რელიგიას შორის მოქცეული წინაპრების გამოუვალი მდგომარეობა, შეიგრძნოს სამშობლოს იძულებით მოწყვეტილი ჩვენებურების ნოსტალგია. შემთხვევით არ აქვთ მათ ქვეყნად ყველაზე ნაღვლიანი, სევდაჩამდგარი თვალები, გაიცნოს „მზემოკიდებული, დამჭკნარ-გარუჯული... თვალში ნაღველჩამდგარი ლილე“ (139), „თვალებში სამყაროსტოლა სევდაჩამდგარი ამინა (141), ერთდროულად მკაცრი და ტკბილი ლაზურა ნენე, გაუტეხელი სერმიგული, თავთან რომ თეთრი პეპელა დაფარფატებს (113), შავი აინური და მისი მათრობელათვალებიანი, ბრდღვიალა ფატიმა (157).
სამწუხაროდ, ამ ნათელ მოგონებებში აქა-იქ შავ ლაქად გაიელვებენ „უნამუსო, ენამყრალი, სულით გლახაკი“ - სოფლის „მაოხარი“ თავმჯდომარე რაფიელის მსგავსი (88), ან ეშმაკისათვის სულმიყიდული „კიბილთეთრი და გულშავი“ (101) ტიმოთეს მსგავსი „ფულსულოვანი“ (152), სულგამოცლილი, „ღმერთისგან დაცლილი“ (211) არაკაცები, მაგრამ, საბედნიეროდ, ასეთები უმცირესობაში არიან, სოფელი კი მშრომელ, პატიოსან, ამტან-გამტან ადამიანებზე დგას, მწერლის დედისნაირ ქალებზე დგას, მშობლიური რაიონის გამგებლად დანიშნულ შვილს, სხვა სოფლის მცხოვრებთ რომ არ გაეკილათ, თავის სოფელშიც რომ გამოართვევინა შუქი (223).
როგორც ვხედავთ, ნიაზ ზოსიძე ძალდაუტანებლად, რამდენიმე შტრიხით ოსტატურად ხატავს სოფლის მცხოვრებთა კოლორიტულ სახეებს, ესენი არიან: მწერლის „უტკბილესი, მომფერებელი, ჩამხუტებელი და გამზრდელი ასიე ნენეი“ (216), „ქვასთანაც რომ გამონახავდა საერთო ენას“ (222) „ფიქრიანი, განსწავლული, დინჯი, სათნო, კეთილშობილი, სტუმართმოყვარე, ამაყი“ ზერიფე (172) - ექიმბაში, ქვრივ-ობლის დამხმარე და მშველელი, „ყაჭო“ - შაქირ ზოსიძე, დიდებული მელექსე... ამ პატარა ფრაზებიდანაც კარგად ჩანს, რომ მწერალს განსაკუთრებით კარგად გამოსდის ზუსტი ეპითეტების შერჩევა. ვნახოთ, როგორ ხატავს ქართველ მუჰაჯირებს: „მიდის ხელ-ფეხ-გულაკანკალებული, დაღლილ-დაქანცული, იმედგადაწურული, შეძრწუნებული, უმწეო, უსახლკარო, ქედმოხრილი, მოტყუებული, გულამომჯდარი, აქვითინებული, მისავათებული, კრიჭაშეკრული, სულგაძარცვული, სისხლში და ოფლში ამოთხვრილი...“ (81).
„Nonfiction“ ჟანრის ერთ-ერთი მკვლევარი წერს, რომ მხატვრულ-დოკუმენტური პროზა მიისწრაფვის ისეთი ცხოვრებისეული კავშირების ჩვენებისაკენ, რომლებიც არაა გაშუალებული მხატვრის ფაბულური გამონაგონით (გინზბურგი, 2020:). მწერალს ეძლევა მზა მოვლენები, ფაქტები, რომლებშიც „მან უნდა გამოავლინოს ისტორიულ, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ განზოგადებათა ფარული ენერგია, რათა ისინი ამ განზოგადების ნიშნებად აქციოს. ეს არის გზა ფაქტიდან მის მნიშვნელობამდე. შემდეგ კი ფაქტში იღვიძებს ესთეტიკური ცხოვრება; ის ხდება იდეის წარმომადგენელი ფორმა, სახე (მესტერგაზი, 2007:).
ასე ხდება საანალიზო ტექსტშიც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი ცენტრალური პერსონაჟი თავად ავტორია, ვის შესახებაც ბევრ საინტერესო დეტალს ვეცნობით მისი ბავშვობისა თუ სიჭაბუკის ხანის, სოფელში, ბებოსთან გატარებული წლების შესახებ: „დაბადებიდან მოუსვენარი, ვერცხლის წყალი, ციბრუტი და „ხელიდან წასული“ (95) ონავარი, „ჩინგანი“ ბიჭი ყოფილა, შემდგომში საქვეყნოდ ცნობილ, თანასოფლელთა საამაყო კალამდაუშრობელ მწერლად რომ იქცა,
ტექსტს ლირიკულ ფონად გასდევს მწერლის ყელყარყარა, ცისფერთვალა, უშურო და შუქულეველი დედის მშვენიერი სახე, ვისი ტკბილი სიმღერის გარეშეც არ იძინებდა აკვანში ჩაკრული პატარა, ვისი სურნელიც შერჩენია რელიქვიადქცეულ დედისეულ ყელსაბამს...
ავტორი იხსენებს, როგორ ჩამოვიდნენ ციმბირიდან შიმშილსა და ყინვას გამორიდებული მისი ბებია და დედა ბათუმში, (ისინი იმ ექიმ ბოტკინის ნათესავები იყვნენ, რომელიც ბოლშევიკებმა რუსეთის მეფის, ნიკოლოზ მეორის ოჯახთან ერთად დახვრიტეს). ბათუმური თავსხმა წვიმით გალუმპულებმა როგორ შეაფარეს თავი ე.წ. იტალიური ეზოს კიბის ქვეშ, როგორი სითბო და თანადგომა დაახვედრეს ინტერნაციონალური ეზოს მცხოვრებლებმა, როგორ გაარიდეს და დაუმალეს ბიბლია, ყურანი და თორა უღმერთო კომუნისტებს: გასანთლულ მუშამბაში გახვეული ერთად ჩაფლეს სარდაფში - ასე გადაარჩინეს და შეუნახეს შთამომავლობას სამი რელიგიის ღმერთი. სწორედ ეს წიგნები ნახეს ნასახლარზე მშენებლებმა: „ბათუმურმა სითბო-სიყვარულმა კვალის დატოვება იცის“ (28).
და არა მხოლოდ, ესენი: სტუმართმოყვარე ბათუმმა არაერთი უცხოელი შეიფარა, გაათბო და დააპურა. ერთი ასეთი საინტერესო ისტორიაა განელი „ოქროსფერი ებეიას“ ამბავი, აჭარელმა კაცმა - ალიმ რომ იშვილა, დაასახლა, ბუდე გაუჩინა (75).
საინტერესოა გერმანელი ტყვის, იოჰან გრილბორცერის მოგონება ბათუმზე: თავის ნაგრამს რომ დაუბარა: „მოინახულეთ ბათუმი, იშვიათი სითბოს ქალაქი, უბოროტო ქალაქი, სიკეთის ქალაქი, ასეთი ხალხი არსად სხვაგან არ ცხოვრობსო“ (210); უამრავია ასეთი - „ბათუმმა რომ გაუღიმა და ბათუმმა რომ გაათბო“ (85) და საერთოდ, „აჭარელზე გადამყოლი და ამტან-გამტანი სხვა არ დაიარება დუნიაზე“ (188).
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამბების თხრობის ქრონოლოგია არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება: მწერალი გვესაუბრება დედის, თავისი ბავშვობის შესახებ და მოულოდნელად იწყებს ლამის ოთხი საუკუნის წინანდელი ამბების თხრობას, იხსენებს მოხუცი ქედელის ნაამბობს იმის შესახებ, თუ როგორ აჭრეს რამდენჯერმე აჭარაში ოსმალო-დამპყრობლებმა ვაზი, როგორ დაბეგრეს ყურძნის წვენი და როგორ გახიზნა აჭარელმა გლეხმა ვენახი ტყეში - გააშენა მაღლარი ყურძენი და ამით გადაარჩინა, როგორ შეინახა და ეპატრონა დედაენას აჭარელი ნენე, როგორ უფრთხილდებოდა და ეფერებოდა „ძაფზე ასხმულ ხისგან გამოთლილ ქართულ ასო-ბგერებს“ (12), მტრისთვის თვალის ასახვევად როგორ შექმნა „დედაბრული დამწერლობა“ და ა.შ.
მაგრამ ამ, ერთი შეხედვით, ქაოსურ თხრობას მკაცრი შინაგანი ლოგიკა გასდევს: აჭარის ისტორია ერთ მთლიანობადაა წარმოდგენილი და ნაგრძნობი, ის არასოდეს ავიწყდება აქაურ მკვიდრს, მეტ-ნაკლებად ყველა თაობის აჭარელის სულს ატყვია ოთხსაუკუნოვანი ჭრილობები, თითოეულის ქვეცნობიერში მტკიცედაა ჩაბეჭდილი თვალსევდიანი წინაპრის სახე. ამიტომაც, მწერალთან ერთად, მკითხველსაც აოცებს: როგორ გაუძლო ამ „ხასიათრბილმა, ზრდილობიანმა და სუფთა აჭარელმა“ (13) ამდენ ტკივილებს.
ავტორი, სავსებით სამართლიანად, თანაბარი ძალის ბოროტებად თვლის აჭარაში ოსმალო-თურქებისა და ცარისტი თუ ბოლშევიკი რუსების ვანდალიზმს: „ჯერ ველურმა ოსმალომ მიმოაწარწარა ეზო-ყანა-ბაღჩა, მერმე არყით გალეშილმა რუსმა გადაქელა“ (103); „საწყალ აჭარელს ორივე ჯლაგნიდა და მოღალატეს უძახდა... ორივემ გადაწვა და გადაბუგა“ (117).
აჭარის ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია მუჰაჯირობის პერიოდი. ამ ტრაგედიაშიც თანაბარი წილი მიუძღვით თურქ და რუს ოკუპანტებს. ტექსტში შეხვდებით არაერთ სევდიან ისტორიას ქართველ მუჰაჯირთა ცხოვრებიდან, რომელთაც სულ გურჯისტანი ესიზმრებათ, გურჯულ სიმღერებს უსმენენ, ხისგან ქართულ ასოებს თლიან, ნაეკლესიარებზე ლოცულობენ. ამ ყველაფერს გულვარდისა და მურთაზის (81), ელმას ჯანისა და მერიემ ხანუმის ისტორიები (107) თვალნათლივ გვიჩვენებენ.
მუჰაჯირობასთან დაკავშირებით დასკვნა ერთია: „რაც არ უნდა ულხინდეს, ქართველი სხვაგან უბედურია, გასაჭირმა არ უნდა წაგახდინოს და მამულზე აუგი არ უნდა გათქმევინოს“ (106). და კიდევ ერთი საგულისხმო ფრაზა ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებისგან: „ქართულად არ ილაპარაკებ, რაის გურჯი ხარ?“ (108).
ტექსტში არაერთხელ გაიელვებს ბრმა აჭარელი ნენეს სიმბოლური სახე, რომელსაც „ყელზე მძივად ხისგან გამოთლილი ქართული ასოების ასხმულა ეკიდა, ღაზლის წინდებზე ჩაგვირისტებული ჯვრები უელავდა, თავსაბურზე ჯვრებიანი ციცაქალები უბზინავდა...“ (73).
ერთმანეთს ცვლის არაერთი იღბლიანი თუ ტრაგიკულად დასრულებული სიყვარულის ისტორია: ტრაგიკული თალიას და ენვერის (44), ზაქროსა და ოლღას (169), ბედნიერი - ანე ბებოსა და ისიდორეს (68), ნანამზესა და უსეინის (202), ესმა ბებოსა და მევლუდ ბაბუს (218).
ერთი მშვენიერი კანონზომიერებაც შევნიშნეთ: ჩანახატებისა თუ ნოველების უმრავლესობა მთავრდება პეიზაჟის აღწერით: ამით მწერალი თითქოს ერთი ფრაზით ხაზს უსვამს ბუნებისა და სიცოცხლის მარადიულობას: აი, როგორ მთავრდება თალიასი და ენვერის შესახებ თხრობა: „ქარმა ბალახები წამოქოჩრა, ძალიან, ძალიან შორს მზე ზღვაში ჩაეკიდა და ზედაპირი ცეცხლივით აელვარდა“ (45);
ხოლო მელისას მონათხრობი გულრიფშელი სამირასა და აჭარელი მევლუდის ისტორია ასეთი ფრაზით ბოლოვდება: „დაღამდა. ცაზე ლიმონისფერი მთვარე ამობურბურდა...“ (180);
დავითაძეებისა და ჯაბნიძეების მეგობრობის ისტორიას ასეთი წინადადება ასრულებს: „მე კი, ახლა იმ კლდის ქვეშ ვტირი... დაბლიდან ჩითისკაბიანი ტყემლები შემომცინიან“ (206) - ასე ცვლის ერთმანეთს ამ მშვენიერი წიგნის ფურცლებზე ტირილი და სიცილი, სევდა და სიხარული, ერთგულება და ღალატი. ასე იხატება სოფლის ჩვეულებრივ მცხოვრებთა ყოველდღიურ თავგადასავალში, პატარ-პატარა ეპიზოდებით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული, მრავალჭირვარამგადახდილი კუთხის - აჭარის ისტორია.
აჭარელი კაციც ამ ბუნების ნაწილია, მას შესისხლხორცებია, ამიტომაც არ თმობს მშობლიურ ღელე-ღურდანს: „ბექობზე მზემოკიდებული ბიჭი იდგა. ბიჭი კი არა, კლდის ნატეხი... უფრო მაღლა, კლდის თავზე ტირიფი ცახცახებდა, სულ ზევით კი მოღლილი მთვარე ზოზინით მიცურავდა“... (191).
მწერალი თხრობაში შიგადაშიგ ნენიკოებისგან გაგონილ-დამახსოვრებულ აჭარული თუ მუჰაჯირების ფოლკლორის ნატეხებსაც გვთავაზობს, ექსპრომტად ნათქვამ შაირებს ჩაურთავს ხოლმე და ამასაც აჭარის სურნელი მოაქვს, მისი კოლორიტული სურათის დასახატავად მშვენიერი საშუალებაა.
არც შუამთობა ავიწყდება მწერალს და ერთ აბზაცში ხატავს ამ უძველესი ხალხური ტრადიცია-დღესასწაულის სურათს: „მთას მონატრებული, ფერმკრთალი ბარელები... ყორნისფერი, მთასგამოკერებული მოხუცები... გადაძახილ-გადმოძახილი, ნიშნობა, ქორწილი, თეთრი დედოფალი, მზისგან დახრუკული მეფე, სიყვარული, ჭინკა გოგო-ბიჭები, საძოვარზე გადენილი ლაღი პირუტყვი, უგემრიელესი ლექსი, სიმღერა და განდაგანა...“ (113).
ზოგიერთ მონათხრობში იგრძნობა დიდი სევდა და მწუხარება მოხუცების ამარა დარჩენილი სოფლების გამო, „საკუთარი ჩრდილის ამარა დარჩენილი“ (176) „წიწილებით მოჩითულ ეზოში“ (175) მარტო რომ სხედან, მხოლოდ ხეებიღა ჰყავთ მოსაუბრეებად, ეზოს არ გვიან - „ბადიშების ნაკვალევი არ წაგვეშალოსო“ (177). არადა, ამ სამოთხისმსგავსი სოფლების დაცლა მართლა ტრაგედიის ტოლფასია, სოფლების, რომლებშიც „საითკენაც არ გაიხედავდი, ყველგან პეიზაჟი, აღმა თუ დაღმა მიმავალი - ყველა პორტრეტი, ნენეს სუფრა - ნამდვილი ნატურმოტია...“ (214).
ნიაზ ზოსიძის მადლიანი კალამიც ხატავს ამ პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს.
შევაჯამოთ: “Nonfiction” ჟანრის რა თავისებურებანი გამოვლინდა ნიაზ ზოსიძის პროზაში? რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია ნიაზ ზოსიძის შემოქმედების ანალიზის საფუძველზე?
1. უპირველესად, თუკი მიხეილ ბახტინის ცნობილი სიტყვების პერიფრაზს მოვიყვანთ (ის ამას რომანის შესახებ ამბობდა): “Nonfiction” ჟანრის ხერხემალი ჯერ კიდევ არ გამაგრებულა, ის ჩამოყალიბების პროცესშია და, შესაბამისად, უამრავ ახალ-ახალ ფორმას და ჟანრობრივ სახესხვაობას გვთავაზობს. ვფიქრობთ, ამ მიმართებით საინტერესოა სწორედ ნიაზ ზოსიძის საანალიზოდ გამოტანილი წიგნები.
2. მწერალი რეალურ ისტორიას, ამბავს, ფაქტს იყენებს მწვავე სოციალურ-პოლიტიკური, ეთიკური პრობლემების საჩვენებლად, გადასაწყვეტად, თუმცა ამას აკეთებს ძალდაუტანებლად, შეუმჩნევლად, ყოველგვარი დიდაქტიკისა და პათეტიკის გარეშე.
3. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ამ ჟანრში მთავარია ფაქტის, ამბის მიმართ ავტორის სუბიექტურ-ემოციური დამოკიდებულება, მისეული აღქმა, ხედვა, განწყობა, ის გრძნობები, რომლებსაც რეალურად მომხდარი მოვლენა იწვევს/აღძრავს მასში. ამდენად, თხრობის ის გულწრფელი მანერა, სადა, სწორხაზობრივი, მკაფიო და გასაგები სასაუბრო მეტყველება, რომელიც ასე დამახასიათებელია ნიაზ ზოსიძისთვის, ამ ჟანრის ერთ-ერთ მთავარ ნიშნად უნდა ჩავთვალოთ.
4. აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი ამ ტიპის ტექსტების თავისებურებას: ფაქტის ობიექტურობა პლუს ხაზგასმული სუბიექტური პოზიცია ავტორისა, მისი ემოციური დამოკიდებულება მოვლენებისა თუ კონკრეტულ;ი პირების მიმართ.
5. არ უნდა დავივიწყოთ ავტორის განსაკუთრებული ყურადღება დეტალებისადმი და სხვადასხვა პირების პორტრეტების შექმნის ხელოვნებაც.
6. ერთი სპეციფიკური ხერხიც აქვს ნიაზ ზოსიძეს და მას პირობითად „დროში მოგზაურობა“ შეიძლება დავარქვათ, ვთქვათ, მწერალი მოგვითხრობს ოთხი საუკუნის წინანდელ ფერეიდნელთა ამბებს და შემდეგ ნახტომისებურად გადავყავართ „სმოგით“ დაბურულ ისპაჰანში. ან გვესაუბრება მუჰაჯირთა სამშობლოდან აყრის მიზეზებზე და შემდეგ უკვე თანამედროვე თურქეთის სოფლებს მოგვატარებს, ქართველთა შთამომავლების დღევანდელ ყოფას გვაცნობს. ამით ავტორი ახერხებს დროის სამი განზომილების ერთიანობის განცდა შემოიტანოს თხრობაში. ამასთან ერთად, ისტორიული წიაღსვლების, ცნობილი თუ უცნობი ეპიზოდების გახსენების შემდეგ ის უკვე მკვეთრად ცვლის თხრობის ინტონაციას, ტემპს, დინამიკას და უკვე მოგზაურის ჩანაწერებს გვთავაზობს. ამ ხერხების ერთობლიობა კი შეუნელებელ ინტერესს იწვევს, ამ შემთხვევაში ხომ აქტიურდება მოულოდნელობის ეფექტი, რადგან მკითხველმა წინასწარ არ იცის, ერთმანეთზე „წაფენილი“ ამბების შემდეგ რა ელოდება.
7. ნიაზ ზოსიძის ტექსტები გვარწმუნებს, რომ “Nonfiction”-ისთვის დამახასიათებელია, თუ შეიძლება ასე ითქვას, შიგაჟანრული ეკლექტიზმიც: მასში ავტორისეულმა თხრობამ შეიძლება ჩანახატის, მინიატურის, ნოველის ფორმა მიიღოს (ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია წიგნისთვის „ახლა სიკვდილი არ შეძლება“), რომელთანაც მშვიდობიანად თანაარსებობს მეცნიერთა მიერ მოწოდებული ცნობები, ისტორიკოსთა ჩანაწერები, დოკუმენტური თუ მდიდარი ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მასალა, რომელსაც დიდი მეცნიერული ღირებულება გააჩნია, რადგან, როგორც მწერალი არაერთხელ აღნიშნავს ხაზგასმით, მზარდი ურბანიზაციის, გლობალიზაციისა თუ საინფორმაციო-კომუნიკაციური რევოლუციის ეპოქაში მიმდინარეობს ეთნიკურ ქართველთა დაჩქარებული ასიმილაციის პროცესი, შესაბამისად, ჩვენებურთა მეტყველების თითოეული ნიმუშის დაფიქსირება/შემონახვა ძვირფასი და უნიკალურია მეცნიერებისთვის.
8. ნიაზ ზოსიძის ტექსტები პოსტმოდერნისტული მეტაპროზის ნიშნებსაც ატარებენ. ავტორი არაერთხელ მიმართავს თვითრეფლექსიას, გვიხსნის თავისი წერის მანერას, ისტორიით დაინტერესების მიზეზებს: „მერე ჩემი კუთხის ისტორიის წაკითხვა მომინდა, არა მშრალის, გამოშიგნულის, დაშტამპულის, დაკვეთილის, არამედ ადამიანურის, ავ-კარგიანის... მერე მე თავად დავწერე... კი, ვიცი, უბრალოდ წერა ძნელია, გულწრფელად წერა - ურთულესი, რაც გამოვიდა ის გამოვიდა, შევეცადე პოეტური პროზა გამოსულიყო“ (2-63). ასეც გამოვიდა. მწერალი ადამიანურ ისტორიებს მოგვითხრობს და არასოდეს ფარავს თავის სუბიექტურ დამოკიდებულებას, მას აქვს შესანიშნავი უნარი, თავისი ემოცია გადასდოს მკითხველს, „თანამოდარდედ“ გაიხადოს ის და დააფიქროს იმ პრობლემებზე, რომლებიც ქართველთა წარსულს, აწმყოსა თუ ხვალინდელ დღეს ეხება.
დავსვათ კიდევ ერთი კითხვა: რა მნიშვნელობა გააჩნია მსგავს ტექსტებს?
მსგავსი ტექსტები მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანების (წინაპართა თუ თანამედროვეთა) ინდივიდუალური ბედის თავისებურებების ჩვენებით ისინი ააქტიურებენ საზოგადოების კოლექტიურ მახსოვრობას, ამრავალფეროვნებენ და ინტენსიურს ხდიან მის დამოკიდებულებას წარსულთან, ხელს უწყობენ თანამედროვეობის ყველაზე საჭირბოროტო ჰუმანიტარული პრობლემების სამზეოზე გამოტანასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას.
ასე რომ, ნიაზ ზოსიძის ტექსტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ: “Nonfiction” ჟანრის უმთავრესი თავისებურება არის ფაქტის, მოვლენის, ამბის მხატვრულ-ესთეტიკურ მოვლენად გარდაქმნა ისე, რომ მკითხველს ეჭვი არ შეეპაროს მის რეალურობაში, ამასთან, მკაფიოდ იგრძნოს ავტორის სუბიექტური დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი. ეს ამბები ამოღებულია ხალხის (ამ შემთხვევაში - ფერეიდნელებისა თუ მუჰაჯირების) კოლექტიური მახსოვრობის ყულაბიდან და მხატვრულად სახეცვლილნი, გრძნობად-კონკრეტული მომენტებით გამდიდრებულნი ისევ უბრუნდებიან საზოგადოების არქეტიპთა განძთსაცავს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გააქტიურდნენ და ჩაერთონ ეროვნული იდენტობისათვის ბრძოლაში. სწორედ ამიტომ აქვს “Nonfiction” ჟანრის ნაწარმოებებს, კერძოდ, ნიაზ ზოსიძის ჩვენ მიერ გაანალიზებულ ტექსტებს, არა მარტო მხატვრული, არამედ დიდი შემეცნებით-მეცნიერული ღირებულება და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ნაციონალურ-პოლიტიკური დანიშნულებაც.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ზოსიძე ნიაზ, „ნეტაი ადრე მოსულიყავით“, გამ. „მერიდიანი“, თბილისი, 2018, (267 გვ.).
2. ზოსიძე ნიაზ, „გომარჯოს ფერეიდანს“, გამ. „მერიდიანი“, თბილისი, 2019 (250 გვ).
3. ზოსიძე ნიაზ, „ახლა სიკვდილი არ შეიძლება“, გამ. „მერიდიანი“, თბილისი, 2020, (255 გვ.).
4. ზოსიძე ნიაზ, „ცრემლს ნუ გამატან“, გამ. „მერიდიანი“, თბილისი, 2020, (147 გვ.).
5. გინზბურგი ლ.ა. დოკუმენტური ლიტერატურისა და ხასიათის აგების პრინციპების შესახებ, იხ. ჟ. „ვოპროსი ლიტერატური“, №7, 1970, გვ. 62‐65.
Л.Я. Гинзбург, «О документальной литературе и принципах построения характера», ж. Вопросы литературы №7, 1970, с.62‐65.
იხ. https://voplit.ru/article/o-dokumentalnoj-literature-i-printsipah-postroeniya-haraktera/
6. გლადველი მალკოლმ, შეიტყვეთ მეტი არამხატვრული ლიტერატურის შესახებ;
Malcolm Gladwell (): Learn About Nonfiction, https://www.masterclass.com/articles/learn-about-nonfiction#what-is-nonfiction, Last updated: Sep. 29, 2021.
7. მესტერგაზი ე.გ., მხატვრული სახეობრიობის სპეციფიკა „დოკუმენტურ ლიტერატურაში“, ჟ. „ფილოლოგიური მეცნიერებები“ №1, 2007, გვ.3.
Е.Г. Местергази, Специфика художественной образности в «документальной литературе», ж. Филологические науки №1, 2007, с. 3. იხ. https://cyberleninka.ru/article/n/o-termine-dokumentalnaya-literatura/viewer.
პრეზენტაცია
უკან |