სემინარები

სასემინარო თემა: საქართველოს მთიანეთის მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკის შიდარეგიონალური თავისებურებანი.

საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულმა პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა პროცესებმა როგორც პირდაპირ, ისე ირიბად იმოქმედეს ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე. მოსახლეობის რიცხოვნობა 1989-2016 წლებში 5400,8 ათასიდან 3718,2 ათასამდე, 1682,6 ათასით, ანუ 31,2%-ით შემცირდა.  მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა რეგიონების მიხედვით მეტ-ნაკლებად განსხვავებულად მიმდინარეობდა, ხოლო მისი მექანიზმის დადგენა ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

კვლევის ძირითადი მიზანია შეფასდეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ძირითადი საკითხები და დადგენილი იქნას მთიანი რაიონების მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკის შიდარეგიონალური თავისებურებანი.

კვლევის დროს გამოყენებული იქნა ისტორიული, შედარებითი, სტატისტიკური, სივრცე-დროის ანალიზის და სხვა მეთოდები. კვლევის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებული 18 მუნიციპალიტეტი.    

საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა   1989-2017 წლებში 510,2 ათასიდან  308,1 ათასამდე, 202,1 ათასით, ანუ 39,6%-ით შემცირდა. შემცირება აღინიშნებოდა მთიანეთის ყველა რეგიონში. ყველაზე მეტად შემცირდა ქვემო ქართლის მთიანეთი - 60,5%-ით, სვანეთი-46,7%-ით, ხოლო შედარებით ნაკლებად   მესხეთი-26,5%-ით.  მთიანეთში მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება  ზოგადად ქვეყანაში  შექმნილი პოლიტიკური და გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შედეგია. ბოლო წლკებში დაეცა ბუნებრივი მოძრაობის ტემპი, რომელიც გაუარესების ტენდენციით ვითარდება. 1990 წელს ბუნებრივი მატება 8,7 პრომილე, ხოლო 2016 წელს დეპოპულაცია -2,0 პრომილე იყო. ამასთან, გაუარესდა მთიანეთის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა და ადგილი აქვს მიგრაციულ პროცესებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მთიანეთში მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირების ტენდენციით მიმდინარეობს, რომელიც შიდარეგიონალური თავისებურებებით ხასიათდება. მთიანეთში მოსახლეობის შემცირება ბუნებრივი მატების დონის დაცემით, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის დარღვევითა და მიგრაციული პროცესების გააქტიურებითაა განპირობებული. მთიანეთში დემოგრაფიული პრობლემების გაუმჯობესება ბევრად არის დამოკიდებული სახელმწიფოს  დემოგრაფიულ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რის საფუძველზეც  უნდა ამაღლდეს მოსახლეობის მატერიალური დაინტერესება და გაუმჯობესდეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

  იხილეთ პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა