კონსტანტინე კაპანელის (1889_1952) ნააზრევი ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში. იგი გამოირჩევა ორიგინალურობით, თეორიული სიღრმით, პრობ-ლემათა გააზრების ევროპული კრიტერიუმების მომარჯვებით და, რაც მთავარია, მეთოდოლოგიური გამოყე-ნების ფართო შესაძლებლობებით.
საყურადღებოა კაპანელის განსაკუთრებული ინტერესი „სიცოცხლის ფილოსოფიის“ მიმართ, რაც მისთვის საკუთარი კონცეფციის აგების საშუალება იყო. გამომდინარე აქედან, აქტუალურია, ერთის მხრივ, იმის გარკვევა, თუ როგორ გაშუქდა „სიცოცხლის ფილოსოფია” ქართველი ფილოსოფოსის თვალთახედვით და, მე-ორეს მხრივ, - როგორი გავლენა მოახდინა „სიცოცხლის ფილოსოფიამ“ ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე. ხაზგასასმელია, რომ სწორედ „სიცოცხლის ფილოსოფიის“ მსოფლმხედველობრივმა ტრადიციამ განაპირობა უმთავრესად კაპანელის პრეტენზია არა სპეციალურად ფილოსოფიური, არამედ გარკვეული „ფილოსოფიურ-ესთეტიკური სისტემის“ შექმნაზე. ამან კი, თავის მხრივ, განსაზღვრა კაპანელთან ყოფიერებისა და კულტურის პრობლემატიკაზე ორიენტირებული ფრიად ორიგინალური ფილოსოფიურ-ესთეტიკური თეორიის შექმნა ორგანოტროპიზმის სახით, რომელიც სრულიად უცხო იყო ქართული აზროვნებისთვის და, ამდენად, მეტად საინტერესო - მისი ძირითადი პრინციპების გაცნობის თვალსაზრისით.
გასათვალისწინებელია, რომ ფილოსოფიის განვითარების თანამედროვე გადასახედიდან და მისი მიღწევების ფონზე, ორგანოტროპული თეორიის ზოგიერთი პუნქტი შესაძლოა არ იყოს სარწმუნოდ დასაბუთებული, უნაკლო და ბოლომდე მისაღები, მაგრამ ეს სრულიადაც არ ამცირებს ამ კონცეფციის საერთო მეცნიერულ ღი-რებულებას. პირიქით, ფილოსოფიურ საკითხთა კაპანელისეული ორიგინალური გადაწყვეტა ფართო ასპარეზს იძლევა მეცნიერული დისკუსიისთვის. ამასთან, კაპანელმა, ევროპულ ფილოსოფიურ აზრთან მჭიდრო კავშირის შედეგად, მეტად მრავალფეროვანი ფილოსოფიური პრობლემატიკა წარმოგვიდგინა, რომელიც, თავის მხრივ, ყველა დროის ფილოსოფიური და ესთეტიკური აზროვნებისთვის ერთნაირად აქტუ-ალურია და საინტერესო.
კაპანელის ფილოსოფიური მოძღვრება, მიუხედავად მისი საკმაოდ დიდი მეცნიერული ღირებუ-ლებისა, არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული. ამის წინაპირობა შექმნა იმ სოციალ-პოლიტი-კურმა სინამდვილემ, რომელშიც კაპანელს უხდებოდა მოღვაწეობა. საქმე ისაა, რომ ეპოქა, რომელშიც კაპანელი თავის მსოფლმხედველობრივ პოზიციას იცავდა და ავითარებდა, იყო ტოტალიტარული რეჟიმისა და გაბატონებული მარქსისტული იდეოლოგიის პერიოდი. კომუნისტური რეჟიმის დროს სუბიექტურ-იდეალისტურად მოაზროვნე კაპანელი, რომელმაც, თავის დროზე, უმაღლესი განათლება და დოქტორანტის წოდება მიიღო საფრანგეთში - ნანსისა და გრენობლის უნივერსიტეტებში, ანტიმარქსისტად და კოსმოპოლიტადაც კი შერაცხეს. მისი სახელი და ნაშრომები ათწლეულობით მიეცა შეგნებულ დავიწყებას. მხოლოდ ბოლო ათეული წლის განმავლობაში მოხერხდა კაპანელის ფილოსოფიურ თხზულებათა ხელახალი გამოცემა, ხოლო ქართული ფილოსოფიური აზრის მკვლევარები გაბედულად ალაპარაკდნენ მისი შეხედუ-ლებებისა და დამსახურების შესახებ.
ირმა ბაგრატიონის მონოგრაფიაში „კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფია“ განხილულია კონსტანტინე კაპანელის ზოგადფილოსოფიური კონცეფცია, რომელიც მოიცავს სიცოცხლის ფილოსოფიის, ადამიანური ყოფიერების საზრისის, შემეცნების თეორიისა და ლოგიკის საკითხებს, ასევე - ეთიკის, ესთეტიკის, კულტუ-რისა და ხელოვნების ფილოსოფიური პრობლემები. ნაშრომში, პირველად ქართულ ფილოსოფიურ მეცნიერულ აზროვნებაში, მოცემულია კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფიური მოძღვრების სისტემური კვლევა, ანალიზი, დალაგება და შეფასება.
დანართიუკან |