სემინარები

სასემინარო თემა: „რამდენიმე სადავო საკითხი თანამედროვე ქართული ენის სინტაქსში“, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათელა ფარტენაძე, 20 დეკემბერი, 2017 წელი, 14:00 საათი, 43-ე აუდიტორია.

თანამედროვე ქართული ენის სინტაქსში რამდენიმე სადავო საკითხია, ჩვენ მხოლოდ ორს შევეხებით, ესაა: ა) პრედიკატული განსაზღვრების საკითხი და ბ) -ში თანდებულიანი საწყისებისა და აბსტრაქტული სახელების სინტაქსური კვალიფიკაციის საკითხი. პრედიკატული განსაზღვრებას, როგორს წინადადების წევრს, არაერთი ენათმეცნიერი შეეხო  და თავისებურად განსაზღვრა სახელობითში დასმული ვნებითი გვარის მიმღეობის სინტაქსური ფუნქცია. საუბარია ისეთ ფორმებზე, როგორიცაა: ბავშვი დაბნეული იყურებოდა აქეთ–იქით; ნიკო მორიდებული იდგა მამის წინ; მოხუცი ნაღვლიანი ისმენდა საუბარს; პაპა სახლში დაღონებული დაბრუნდა...
აღნიშნულ საკითხზე არაერთი მოსაზრება არსებობს. ყველა შეხედულება მეტ–ნაკლებად ემყარება ფორმობრივ - სემანტიკურ საფუძველს და შეიცავს როგორც საფუძვლიან, ისე საცილობელ არგუმენტებს. თუკი ვნებითი გვარის მიმღეობით გადმოცემული წევრი  პრედიკატული განსაზღვრებაა და რადგანაც პრედიკატული განსაზღვრება ერთდროულად ახასიათებს როგორც საგანს, ისე საგნის მიერ შესრულებულ მოქმედებას, ამიტომ იგი ერთდროულად სინტაქსურ ურთიერთობაშია როგორც ზმნა–შემასმენელთან, ისე სახელით გადმოცემულ წევრთანაც. აქედან გამომდინარე, ისეთ მარტივ წინადადებაში, რომელშიც პრედიკატული განსაზღვრებაა, გვექნება იმდენი წყვილი რამდენი წევრიცაა მასში და არა – ერთის გამოკლებით, რაც უკვე ზოგადი წესიდან ერთგვარი გადახვევაა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვნებითი გვარის მიმღეობით გადმოცემული სიტყვა, რომელიც მოსდევს საზღვრულს ორმაგი ფუნქციის მატარებელია. იგი ან განკერძოებული განსაზღვრებაა,  ან  წინადადების წევრი – ვითარების გარემოება. განკერძოებული განსაზღვრებაა იმ შემთხვევაში, თუ ის მოსდევს სახელით გადმოცემულ წევრს, მის შესახებ იძლევა დამატებით ცნობებს, გამოეყოფა პაუზითა და ინტონაციით (რომლის ფუნქციასაც ასრულებს  მძიმეები) და შეიძლება შეეთანხმოს ბრუნვასა და რიცხვში. მაგალითად: ფრიქსეს ვაჟები, თვალგაფაციცებულნი, ათვალიერებდნენ უწყვეტ პროცესიას (ო. ჭილ., I, 62); მოკრივენი, მკერდგადაღეღილნი, იბრძოდნენ (ი. გრიშ., 27); ლაქია, გახარებული, გაიქცა რესტორნის პატრონთან (ბიბ., 36)...  თუკი არა გვაქვს პაუზა და ინტონაცია (შესაბამისად არც სასვენი ნიშნები) ზმნასთანაა კავშირში და გვიჩვენებს, თუ რა ვითარებაში, როგორ ხდება სახელით გადმოცემული წევრის მოქმედება (თუნდაც მომენტალური) – ვითარების გარემოებაა. ის სახელთან აღარ ამყარებს კავშირს. მაგალითად: ოფიცერი ამრეზილი დადიოდა; შაშვი თავგამოდებული გალობდა; ნიკა გაკვირვებული მისჩერებოდა დედას; ბავშვი თვალებდაცეცილი ყვებოდა გაკვეთილს; გიორგი გაშტერებული იდგა კესოს წინაშე; მიხა მოკრძალებული უსმენდა უფროსების საუბარს...  ყველა ზემოდასახელებულ წინადადებებში სახელობით ბრუნვაში მდგარი ვნებითი გვარის მიმღეობა ვითარების გარემოებაა, ამას ისიც ამყარებს, რომ აღნიშნული ფორმები შეიძლება შეგვხვდეს მოქმედებითი ბრუნვის ფორმითაც: ოფიცერი ამრეზით დადიოდა; შაშვი თავგამოდებით გალობდა; ბავშვი თვალებდაცეცით ყვებოდა გაკვეთილს; მიხა მოკრძალებით უსმენდა უფროსების საუბარს... მათი კითხვაა როგორ? და არა: როგორი?
აქედან გამომდინარე, წევრი, რომელიც ზმნა–შემასმენელს უკავშირდება, მიუხედავად სახელთან ფორმობრივი შეხამებულობისა, მაინც  ვითარების გარემოებაა, რადგან ერთი და იგივე წევრი ერთ წინადადებაში სხვადასხვა კითხვაზე ვერ მიუგებს.
რაც შეეხება მეორე საკითხს,  -ში თანდებულიანი საწყისებისა და აბსტრაქტული სახელების სინტაქსური კვალიფიკაციის მინიჭებას, უნდა აღინიშნოს, რომ საენათმეცნიერო ლიტერატურაში ასეთი ფორმები ცალსახად უბრალო დამატებათა რიგშია განხილული, თუმცა შესაძლებელია მოცემული სიტყვების სხვაგვარი კვალიფიკაციაც, კონტექსტის მიხედვით. როგორიცაა: ასე მიდიოდა უძილობაში, ბორგნეულ ფიქრებში გატარებული ღმეები; ადამიანი აღარსად ჩანს, არც სინამდვილეში, არც ჩემს ფიქრში; მეგობრობაში, სიყვარულში, შურში, მტრობაში მარტო ვიქნები და რა ვპოვო მარტოობაში... მოცემული -ში თანდებულიანი სახელები აზრობრივად აშკარად მოქმედების ვითარებას აზუსტებენ და მიუგებენ კითხვაზე - რა ვითარებაში?  და არა:  რაში? მსგავსი ფორმებია: სითბოში თავი კარგად იგრძნო; გზას სიბნელეში მიიკვლევდა... ამდენად, მსგავსი ფორმები ვითარების გარემოებაა და არა - უბრალო დამატება.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა