სემინარები

სასემინარო თემა: აჭარის ზღვისპირეთში მიმდინარე ნაპირდაცვითი ღონისძიებები და მოსალოდნელი შედეგები, ასოცირებული პროფესორი საშა ხორავა, 20 დეკემბერი, 2017 წელი, 13:00 საათი, 326-ე აუდიტორია

აჭარის ზღვის სანაპირო ზონაში ბუნებათსარგებლობის პროცესში ადამიანმა უხეში ფორმით მოინდომა მისი გარდაქმნა თავისი სურვილისამებრ, რის გამოც დაირღვა ათასეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პლაჟის პროფილის დინამიური წონასწორობა. არარაციონალურმა მიდგომამ და ფართო მასშტაბიანმა ტექნოგენურმა დატვირთვამ (მდინარეების დარეგულირება კაშხლებით და დამბებით, სანაპირო ზონაში ნატანის ნაპირგასწვრივი ნაკადის შეჩერება დეზებით და სხვადასხვა სახის ჰიდროტექნიკური ნაგებობებით, საკარიერო უბნების გახსნა და დიდი რაოდენობით ინერტული მასალის მოპოვება პლაჟებზე, მდინარეთა კალაპოტებში, მის შესართავებში და სხვა) უარყოფითი გავლენა იქონია აჭარის ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე რთულ მორფოდინამიკურ პროცესებზე, რომელიც ყველაზე მეტად შეეხო ზღვის სანაპირო ზონის ყველაზე აქტიურ ზოლს - პლაჟს. შემცირდა მისი პარამეტრები და დაკარგა ნაპირდამცავი მექანიზმის ფუნქცია, გააქტიურდა აბრაზიული პროცესები და  შედეგად ნაპირმა დაიწყო უკან დახევა.

აჭარის ზღვისპირეთში მდინარე ჭოროხის და სხვა პატარა მდინარეების მიერ მყარი ნატანით შექმნილი ალუვიური ვაკეები და ნაპირები საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდნენ მდგრად მდგომარეობას. გასული საუკუნის 50-60 -იან წლებში, როდესაც დაიწყო მშენებლობის ბუმი, დადგა საკითხი დიდი რაოდენობით ინერტული მასალის მოპოვებისა, რომელიც გადაწყდა ძალზე მარტივად. ღორღის მოპოვება ხდებოდა არა მარტო მდინარეების კალაპოტებიდან, არამედ ზღვის სანაპირო ზონიდან - პლაჟებიდან.  სანაპირო ზონაში ნატანის დეფიციტის შექმნისთანავე გააქტიურდა აბრაზიული პროცესები, ირეცხებოდა საუკუნეების განმავლობაში შექმნილი უნიკალური ნაპირები, იქმნებოდა სხვადასხვა სახის ნაპირდამცავი ძვირად ღირებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები, მაგრამ უშედეგოდ. ტექნოგენურმა ნაპირდამცავმა კონსტრუქციებმა ვერ უზრუნველყო ნაპირების მდგრადობა და დაირღვა სანაპირო ზონის ეკოლოგიური მდგომარეობა, იშვიათი სილამაზის რეკრეაციული ზონის ნაცვლად შეიქმნა რკინაბეტონის დესტრუქციული ნარჩენებისგან დაბინძურებული, ეკოლოგიურად მიუღებელი ნაპირები. 

დადგა საკითხი ნაპირების ახალი მეთოდით გამაგრებისა, კერძოდ ხელოვნური კვების გზით სანაპირო ზონაში პლაჟების აღდგენისა, რომელიც იქნებოდა არა მარტო ყველაზე ეფექტური ნაპირდამცავი მექანიზმი, არამედ რეგიონის უმთავრესი ტურისტულ - რაკრეაციულ რესურსი. აღნიშნული მეთოდით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც არა მარტო  ნაპირების მდგრადობას, არამედ რეკრეაციულ მოთხოვნებსაც უზრუნველყოფდა.

ხელოვნური პლაჟებით ნაპირდაცვითი ღონისძიებები პირველად  ექსპერიმენტის სახით ჩატარდა საქართველოს ზღვისპირეთში  და იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მას ნაპირების დაცვის „ქართული მეთოდი“ უწოდეს. აჭარის ზღვის სანაპირო ზონაში ეროზიული პროცესების აღმოსაფხვრელად 1982 – 1992 წწ -ში სსგ „საქზღვისნაპირდაცვამ“  შეიტანა  6.2 მლნ მ³ ინერტული მასალა და ნაპირი გაიზარდა 54 ჰა-თი.

ტექნოგენურ ნაპირდაცვით ღონისძიებებთან შედარებით ხელოვნური პლაჟების შექმნა ხუთჯერ უფრო იაფი აღმოჩნდა, ხოლო მდგრადობის მხრივ უფრო ხანგრძლივი და რეკრეაციულ - ბალნეოლოგიური თვალსაზრისით კიდევ უფრო მისაღები.

საქზღვისნაპირდაცვის სამსახურის გაუქმების შემდეგ შეწყდა აჭარის რეკრეაციულ მონაკვეთებზე ნაპირების ხელოვნური კვებით  ნაპირსამაგრი სამუშაოები.   კვლავ გაჩნდა  ახალ-ახალი იდეები ტექნოკრატიული ფორმით (დეზებით, ჯებირებით, ფლეთილი ქვების ბერმით და სხვა სახით) ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებისა და სპეციალისტების წინააღმდეგობის მიუხედავად საკმაოდ აქტიურად ჩაერთვნენ და მიმდინარეობს, როგორც საპროექტო ასევე სამშენებლო სამუშაოები, რასაც შეიძლება მოყვეს ნეგატიური და შეუქცევადი პროცესები.
 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა