12 დეკემბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი ქართველი ფიზიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ღირსების ორდენის მფლობელის, ჟუჟუნა დიასამიძის გარდაცვალების გამო. ემერიტუს-პროფესორი ჟუჟუნა დიასამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1971 წლიდან ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას, გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, ჩართული იყო სამეცნიერო საგრანტო პროექტებში.
ემერიტუს-პროფესორი ჟუჟუნა დიასამიძე დაიბადა 1945 წლის 26 თებერვალს, ქ. ბათუმში. 1966 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი. 1968–1971 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში თეორიული ფიზიკის სპეციალობით. აქვე, 1975 წლის 11 ოქტომბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1998 წლის 30 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ტალღური პროცესების გამოკვლევა ტურბულენტურ ფენაში ტროპოსფეროს სიმაღლეებზე“, ხოლო 1999 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიანიჭა პროფესორის წოდება.
ემერიტუს-პროფესორ ჟუჟუნა დიასამიძის კვლევითი ინტერესების სფერო იყო: ელექტრომაგნიტური ტალღების თეორია და მისი გამოყენება, პლაზმის ფიზიკა, რადიოფიზიკა, გეოფიზიკა და ატმოსფეროს ფიზიკა; ტალღური პროცესების კომპლექსური შესწავლა ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირიდან სხვადასხვა სიმაღლეზე და გაბნეული ელექტრომაგნიტური ტალღების სტატისტიკური მახასიათებლების შესწავლა ტურბულენტურ პლაზმურ ფენებში, რომელიც დღეისათვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს და აქვს პრაქტიკული გამოყენება როგორც ბუნებრივ, ასევე ლაბორატორიულ პლაზმაში.
ემერიტუს-პროფესორ ჟუჟუნა დიასამიძის სახელს უკავშირდება მრავალი თაობის აღზრდა. მისი ლექციები გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური დონით, საუნივერსიტეტო საქმიანობის პერიოდში არაერთ ახალგაზრდას გაუკვალა გზა მეცნიერებისკენ. სტუდენტებისადმი განსაკუთრებულად გულისხმიერი დამოკიდებულებით, კვანტური მექანიკისა თუ ელექტროდინამიკის რთულად აღქმადი ფორმულების საინტერესოდ და მიმზიდველად გადმოცემის ხელოვნებით, არაერთი კურსდამთავრებულისთვის იქცა მისაბაძ პედაგოგად.
ქალბატონ ჟუჟუნა დიასამიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებისათვის.