ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ბათუმის ჟან მონეს საზაფხულო სკოლა
„ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“
2024 წლის 26-30 ივლისი - ბათუმი, საქართველო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“. საზაფხულო სკოლა ტარდება ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
საზაფხულო სკოლის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დადგენილ პოლიტიკურ კრიტერიუმებს, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ რეფორმებს და მოიცავს შემდეგ თემებს:
- ევროკავშირის გაფართოების ისტორია - სამართლებრივი ჩარჩო, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ძირითადი აქტორები;
- კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები): ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას;
- საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან: სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები;
- დარგობრივი ევროპეიზაცია: ევროკავშირი და საჯარო პოლიტიკა კანდიდატ ქვეყნებში;
- პოლიტიკური პოლარიზაცია, ინსტიტუტები, არჩევნები, პოლიტიკური პარტიები და ევროინტეგრაცია კანდიდატ ქვეყნებში;
- მართლმსაჯულების სისტემის ევროპეიზაცია და კანონის უზენაესობა;
- ანტიკორუფციული პოლიტიკა: სამართლებრივი საფუძვლები და ევროპეიზაცია;
- საჯარო ადმინისტრაციის ევროპეიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ევროინტეგრაცია;
- გამოხატვის თავისუფლება, მედია, ადამიანის უფლებათა დაცვა და ევროინტეგრაცია;
- სამოქალაქო საზოგადოების როლი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის პროცესში;
- ათი ყველაზე გავრცელებული მითი ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ;
- გამოცდილების გაზიარება: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი;
- გამოცდილების გაზიარება: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა;
- სხვა დაკავშირებული თემები.
საზაფხულო სკოლა გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (რუსთაველი/ნინოშვილის ქ. 32/35, ბათუმი, საქართველო).
საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელია მალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საზაფხულო სკოლაში ლექციებს ასევე წაიკითხავენ პროფესორები უკრაინიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, სხვა ქვეყნებიდან.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის უნივერსიტეტების სტუდენტები. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპული კვლევების, საჯარო მმართველობის ან თემატიკასთან დაკავშირებული სხვა სასწავლო პროგრამის სტუდენტი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- იყოს მოტივირებული და დაინტერესებული სკოლის სასწავლო პროგრამით.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- Curiculum Vitae (CV);
- სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დამადასტურებელი ინფორმაცია;
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 12 ივლისი
გთხოვთ, გამოაგზავნოთ საბუთები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: jeanmonnetbsu@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ „ბათუმის ჟან მონეს საზაფხულო სკოლა 2024“.
კანიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების საფუძველზე. დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2024 წლის 17 ივლისისა.
საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ლექციებს/სემინარებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს, პრაქტიკის განხილვას. საზაფხულო სკოლის დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საზაფხულო სკოლაში ორგანიზატორი უზრუნველყოფს კვებას (ლანჩი), უფასოდ განთავსებას უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, ხოლო მგზავრობის დაფინანსება მონაწილეს ეკისრება.
საზაფხულო სკოლის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჟან მონეს საერთაშორისო სერთიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე jeanmonnetbsu@gmail.com და ეწვიეთ ჟან მონეს კათედრის ვებგვერდს: http://jeanmonnetchair.edu.ge
უკან |