იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წელს მიმდინარე რეფორმის შედეგად სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2015 წელს ფაკულტეტი გაიყო  და შეიქმნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. რეორგანიზაციის შედეგად, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის გაყოფის საფუძველზე შეიქმნა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს ორ საბაკალავრო პროგრამას: საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპისმცოდნეობა.

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამული მიმართულება საკმაოდ ახალგაზრდაა, სრულიად ახალი სპეციალობა იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საერთოდ, საქართველოში. ამ დარგში არავითარი გამოცდილება არ არსებობდა, მხოლოდ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი ამზადებდა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ეკონომიკის, საერთაშორისო ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალისტებს. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც ცალკე, კონკრეტული მეცნიერება, თავისი საკუთარი თეორიითა და მეთოდოლოგიით ძირითადად აშშ-ში ვითარდებოდა.
ახალგაზრდა ენერგიული ლექტორების ერთმა ნაწილმა, კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების კურატორობით მიზნად დაისახა, გეზი აეღო საერთაშორისო ურთიერთობების კომპლექსური სპეციალისტების მომზადებისაკენ, რომელთა კონკრეტული კვალიფიკაცია იქნებოდა საერთაშორისო ურთიერთობები. საჭირო გახდა სრულიად ახალი სასწავლო პროგრამის შექმნა. იგი შემუშავდა დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების საფუძველზე და მიესადაგა ადგილობრივ პირობებსა და მოთხოვნილებებს.

2006 წელს შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და ფუნქციონირება დაიწყო ამავე სახელწოდების სპეციალობამ, ამან პოლიტიკური მეცნიერებების კუთხით სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება მოითხოვა.

საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სასწავლო და სამეცნიერო დისციპლინის დაფუძნებაში, დიდი როლი შეასრულა ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი მანველიძემ. სწორედ, მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა რევაზ დიასამიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი გორგილაძემ, ასისტენტ პროფესორებმა: ნატალია ლაზბამ, ზაზა ბურკაძემ, ლაშა ბაჟუნაიშვილმა და სხვებმა.

დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანი იყო 2009 წელს ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძის მიერ განხორციელებული საგრანტო პროექტი ”ტრანსნაციონალური კომპანიები ამიერკავკასიის ქვეყნების პოლიტიკასა და ეკონომიკაში: პრობლემები, ტენდენციები, პერსპექტივები”. ამავე სახელწოდებით 2009 წელს მან თბილისში გამოაქვეყნა მონოგრაფია, რომელმაც სპეციალისტების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

პროგრამის შემუშავებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გრძელვადიან სტაჟირებებს, რომლებიც კათედრის თანამშრომლებმა გაიარეს ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლში (ირაკლი გორგილაძემ კოიმბრის უნივერსიტეტში 2008 წელს, ლაშა ბაჟუნაიშვილმა ჰელენიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2009 წელს). ასევე დიდი როლი ითამაშა ქვეყნის შიგნით უმაღლეს სასწავლებლებთან ინტენსიურმა კონტაქტებმაც.

მიმართულება აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან, მათ შორის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტთან.

2009 წელს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი ერთობლივი სასწავლო, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად.  მომზადდა და მომავალში ამოქმედდება სადოქტორო პროგრამა.
მიმართულების ბაზაზე უნივერსიტეტში საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტთან ერთად, იგეგმება რეგიონული კვლევის ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც სახელმწიფოს შიდა რეგიონულ და საერთაშორისო რეგიონული ურთიერთობების, მათ შორის შავი ზღვის ქვეყნების აქტუალური საკითხებს შეისწავლის.

მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენციები: 2006 წელს თემაზე:  „საქართველო - დემოკრატიული გარდაქმნები და გამოწვევები“, 2009 წელს თემაზე: „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ახალი გეოპოლიტიკური კონტურები“, 2010 წელს თემაზე: „ბათუმი-1921 წელი“, ხოლო 2015 წელს თემებზე: ,,გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია კავკასიაში - 1917-1921 წლები“ და ,,ელექტრონული მმართველობა: მიღწევები და გამოწვევები“.

2009 წლის ნოემბერში მიმართულების თანამშრომელმა ნატალია ლაზბამ აკადემიური ხარისხი დაიცვა თემაზე: „ეთნოკონფესიური და ეთნოპოლიტიკური პრობლემები ლიბანში“.
2013 წლის 24 დეკემბერს ლაშა ბაჟუნაიშვილმა დაიცვა აკადემიური ხარისხი თემაზე: „რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის რესპუბლიკური ადმინისტრაციების პოლიტიკა ირანის მიმართ“.

ამჟამად, მიმართულებაში ნაყოფიერად მოღვაწეობენ ასოცირებული პროფესორები: ირაკლი მანველიძე, ირაკლი გორგილაძე; ასისტენტ-პროფესორები: ზაზა ბურკაძე, ნატალია ლაზბა, ლაშა ბაჟუნაიშვილი, სოციალური მეცნიერებების აკადემიური დოქტორი გელა ირემაძე.

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტმა 2009 წელს იოსებ სანიკიძის რედაქტორობით პირველად გამოსცა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის შრომების I ტომი, ხოლო 2009 და 2015 წლებში ირაკლი მანველიძის რედაქტორობით გამოდის სამეცნიერო შრომათა კრებული - სოციალურ მეცნიერებათა საკითხები.

დეპარტამენტის წევრები სისტემატურად გამოსცემენ მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, ბეჭდავენ სტატიებს, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში.

ევროპისმცოდნეობა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ყველაზე ახალგაზრდა საგანმანათლებლო პროგრამაა და ის ამოქმედდა 2012 წელს.
ევროპის შესახებ სტუდენტებისთვის საუკეთესო ცოდნის უზრუნველსაყოფად პროგრამის განხორციელებაში მნიშვნელოვან კომპონენტად (საერთაშორისო ეკონომიკის, სამართლის პოლიტიკის მეცნიერებებთან ერთად) აღიარებულია ევროპული ენების შესწავლა.

მიმართულების ხედვა ითვალისწინებს საქართველოში ევროპული ღირებულებების დანერგვასა და გავრცელებას, ისევე როგორც ქართული ღირებულებების ევროკავშირის ქვეყნებში პოპულარიზაციას საქართველოში თანამედროვე ევროპული კვლევების მხარდაჭერისა და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს შესახებ კვლევების ხელშეწყობის გზით. პროგრამის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და ქართული საზოგადოების ფართო ფენებში ევროკავშირის ღირებულებებს გავრცელებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა