ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე განხორციელებული საგრანტო კონკურსის „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ დაჯილდოება და აგროკლუბების პლატფორმის წარდგენა გაიმართა. აჭარის სხვადასხვა სკოლის წარმატებულ გუნდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენელმა დემნა ძირკვაძემ, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ და „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენელმა რუსუდან გიგაშვილმა.
ბსუ-ში ექსტენციის ცენტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე 2023 წლის 21 აპრილს გაიხსნა და მისი მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერა, საზოგადოებისათვის აგრარული ექსტენციის მიწოდებაში უნივერსიტეტის როლის და მონაწილეობის გაძლიერება ბსუ-ს აკადემიური პირების და კვლევითი ცენტრების ბაზებზე განხორციელებული კვლევების ექსტენციის სხვადასხვა პროგრამებად შემუშავების და განხორციელების მეშვეობით.
კონკურსის „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ მიზანია ახალგაზრდებში აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია, უნარებისა და კომპეტინციების გაუმჯობესება, აჭარაში დარგების გაახალგაზრდავება, აგრარული ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში კვლევის კომპონენტის შეტანა, გაძლიერება; აგრარული ექსტენციის საუნივერსიტეტო მოდელის მდგრადი განვითარება.
კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: ითვალისწინებდა მოსწავლეების, სტუდენტების, ექსტენციონისტების და პედაგოგების ერთობლივ მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 6 საუკეთესო გუნდური პროექტი, დაფუძნებული თანამედროვე ტექნოლოგიებს და მორგებული საბაზრო პრინციპებს.
გამარჯვებულებისთვის ჩატარდა ინტენსიური ტრენინგები კონკრეტულ დარგსა და პროექტების მომზადებაში; მენტორების სესია; მათთვის აგრარული მიმართულებით ტრენინგი ჩაატარა აგრარული ექსტენციის საერთაშორისო ექსპერტმა, „მომავლის ფერმერის“ კონსულტანტმა, ლიზა ლოქსმანმა.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 6 გამარჯვებული პროექტი:
- ბათუმის #1 საჯარო სკოლა - ,,აგროკლუბი/სადისკუსიო პლატფორმა"
- ბათუმის #28 საჯარო სკოლა - ,,ბოსტნეულის საჩითილე"
- შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა - ,,ჟოლოს სადემონსტრაციო ნაკვეთი"
- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლა - ,,სასწავლო-სადემონსტრაციო საფუტკრე"
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა - ,,ენდემური ჯიშების მსხლის სანერგე"
- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლა - ,,ლურჯი მოცვი ხელოვნურ სუბსტრატზე"
აგროკლუბების მიზანს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებში სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა ინიციატივების წარმოჩენა, სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა; სხვადასხვა აქტუალური საკითხების განხილვა; საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება, მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისთვის.
კონკურსი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ორგანიზებით გაიმართა.
უკან |