ბათუმის მუნიციპალიტეტში თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ,,Erasmus+“-ის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში” (SQUARE) ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
პროექტის კოორდინატორი, თსუ-ს პროფესორი ირმა გრძელიძე და ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს რამაზ ჯინჭარაძეს, ქალაქის ვიცე–მერს ლევან დავითაძესა და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ, პროექტის მიზნები გააცნეს და პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა შესთავაზეს.
როგორც თსუ–ს წარმომადგენელმა აღნიშნა, „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ თსუ-მ მოიპოვა და მისი განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. პროექტი წარმატებულად ხორციელდება თსუ-ის კოორდინატორობით. უნივერსიტეტის მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას და ორიენტირებულია, გაზარდოს საუნივერსიტეტო საზოგადოების შესაძლებლობები, სწორად დაგეგმოს მესამე მისიის აქტივობები და შეაფასოს შედეგები. პროექტი აქტიურად თანამშრომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან. მესამე მისიის კომპონენტის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა და "მუნიციპალიტეტი-აკადემია" თანამშრომლობის გაძლიერება“.
შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპული მუნიციპალიტეტებისა და უნივერსიტეტების თანმამშრომლობის გამოცდილებასა და იმ რესურსებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომლის შეთავაზებაც საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს მუნიციპალიტეტებისთვის შეუძლიათ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები – ლევან ცხოიძე, გოჩა მგელაძე და მინდია გოგუაძე.
უკან |