Interreg Next შავი ზღვის აუზის პროგრამა

უნივერსიტეტში ჭარბტენიანი ჰაბიტატების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამსარის კონვენციით დაცული ჭარბტენიანი ჰაბიტატების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით ,,გიყვარდეს ოკეანე: გიყვარდეს შავი ზღვა" 2025 წლის რამსარის კონვენციის სლოგანის - ,,ჭარბტენიანების დაცვა მომავალი თაობების საკეთილდღეოდ" ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრა ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მოეწყო: ევროკავშირის Interreg-ის შავი ზღვის აუზის ქვეყნების NEXT პროგრამის CARE SEA პროექტის და "ჰორიზონტი 2020"-ის DOORS Black Sea (Developing Optimal and Open Research Support for the Black Sea) პროგრამის. ორგანიზატორებს შორის იყვნენ შპს ,,გეოგრაფიკი" და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - საქართველოს მეგობრები".

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის საჯარო სკოლისა და ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლეები, ასევე ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები.

მეცნიერმა იზოლდა მაჭუტაძემ პრეზენტაცია წარმოადგინა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანზე ,,კოლხეთის ნოტიო ტყეები და ჭარბტენიანები". განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჭოროხის დელტის მტკნარწყლიანი ტბორების კონსერვაციის მნიშვნელობას, რომელიც რამსარის კონვენციისთვის მნიშვნელოვან პოტენციურ ტერიტორიას წარმოადგენს.

შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ასევე: რეზო გორაძე, ბსუ-ს კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების მთავარი მეცნიერთანამშრომელი, რომელმაც შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული დელფინების საკითხი განიხილა და ნათელა ტეტემაძე, ამავე განყოფილების მეცნიერთანამშრომელი, რომელმაც ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ბიომონიტორინგის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვისა და შავი ზღვის ეკოსისტემის მდგრადობის მნიშვნელობის შესახებ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა

Loading...