31 მარტი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი „ბულგარული გამოცდილების გაზიარება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას სოფიას კლიმენტ ოჰრიცკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტთან. პროექტის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამის „ციფრული მედია და ინოვაციები“ ოთხი სტუდენტი ანა ბაჟუნაიშვილი, ელიზა ეფაძე, მარიამ ხალვაში, დიანა ცეცხლაძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლაშა ზარგინავა სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა სოფიას უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ ჟურნალისტიკის მიმართულებაზე მიმდინარე სასწავლო პროცესში. სტუდენტებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს სოფიას უნივერსიტეტის სატელევიზიო და რადიო სტუდიებში, შეძლეს, შეექმნათ სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი, ჩაწერეს ტელე და რადიო ინტერვიუები, რაც პირდაპირ აისახა მათ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. გარდა პრაქტიკული ღირებულებისა, ვიზიტს კულტურული დატვირთვაც ჰქონდა, ვინაიდან სტუდენტებმა ღირსეულად წარადგინეს ქვეყანა, რეგიონი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსსიტეტი.