ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გარდაიცვალა ბსუ-ს ყოფილი რექტორი, ემერიტუს-პროფესორი ამირან კახიძე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ბსუ-ს ყოფილი რექტორის, ემერიტუს-პროფესორის, აღიარებული არქეოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, თაობათა აღმზრდელის, ღირსების ორდენის და ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემიის მფლობელის, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დამაარსებლის, ამირან კახიძის გარდაცვალების გამო. ათწლეულების განმავლობაში პროფესორი ამირან კახიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას - სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიის სკოლა შექმნა, ახალი მეცნიერული მიმართულებები ჩამოაყალიბა და მკლევართა რამდენიმე თაობა აღზარდა. 

ღვაწლმოსილი მეცნიერის კვლევის ძირითადი ობიექტი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი ძეგლი - ფიჭვნარის ნაქალაქარი და მასთან დაკავშირებული ვრცელი სამაროვნები. მიუხედავად იმისა, რომ მოღვაწეობის ხანგრძლივ გზაზე არაერთ ექსპედიციაში მონაწილეობდა, 65-წლიანი კვლევის ძირითადმა ობიექტმა, ფიჭვნარმა მეცნიერი მსოფლიოში ცნობილ ანტიკოსად აქცია. იგი არაერთგზის იყო მიწვეული ოქსფორდის უნივერსიტეტში, ვოლოსში (საბერძნეთი), საარბრიუკენში, ბოხუმში, ვისბადენში (გერმანია), თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში  და სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროფესორმა ამირან კახიძემ 1961-64 წლებში ქართული არქეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძედებლის, აკად. ანდრია აფაქიძის ხელ­მძღვა­ნელობით გაიარა ასპირანტურის სრული კურსი საქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეო­ლო­გიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1981 წელს სადოქტორო დისერტაციები. აკადემიის ბათუმის ნ. ბერძე­ნიშ­ვი­ლის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენ­ტ­რში მოღვაწეობის პერიოდში პროფ. ამირან კახიძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციაში (პეტრა-ციხისძირი, ლეღვა-ჯიხანჯური, ხუცუბანი, ჩაქვისწყლის ხეობა, ბათუმის ციხე, მახვილაური, გონიო-აფსაროსი, კოლო­ტაუ­რი, კვაშტა, ჭვანისციხე, სხალთის ეკლესია, ვერნები, ხიხაძირი, კალოთა, თხილვანა, ციხისფერდი, ვანაძეები და სხვ.). იგი ჩრდილოშავიზღვისპირეთის ზოგიერთი ექსპედიციის მონაწილეცაა, მაგრამ მაინც, პროფესორი ამირან კახიძის თით­ქმის ნახევარსაუკუნოვანი კვლევის ძირითად ობიექტს ფიჭვნარის ნაქალა­ქა­რი და ვრცელი სამაროვნები წარმოადგენს, რომლის მსგავსი ძეგლი აღმო­სავ­ლეთ შავიზღვისპირეთში არცაა ცნობილი. სწორედ, ფიჭვნარის მასალის შესწავლითა და გამოქვეყნებით იგი იქცა  მსოფლიოში ცნობილ ანტიკოსად.

1998 წლიდან პროფესორი ამირან კახიძე ხელ­მძღვანელობს საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივ საერთა­შო­რი­სო ექსპედიციას, რომელიც ყოველწლიურად მეტად ნაყოფიერ საველე სამუ­შაოებს ახორციელებს ფიჭვნარის როგორც ნაქალაქარის, ასევე სამაროვნების ტერი­ტორიაზე. 1999 წლიდან პროფ. ამირან კახიძე გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელიცაა. ასე, რომ მისი ხელმძღვანელობით მოწყობილმა ექსპედიციებ­მა ჩვენი ქვეყნის და, საერთოდაც, საკაცობრიო ცივილიზაციის საგანძური გაამ­დიდ­რა უახლესი, ბევრ შემთხვევაში უნიკალური აღმოჩენებით.

ამ პირველწყაროთა კვლევის შედეგად პროფესორმა ამირან კახიძემ შექმნა მდიდარი და მრავალი ასპექტის მომცველი მეცნიერული მემ­კვიდრეობა. შესაბამისად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ კვლე­ვა-ძიებაში ჩამოაყალიბა ახალი მეცნიერული მიმართულებანი.

პროფესორ ამირან კახიძის ნაშრომებში ნაჩვენებია, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო განეკუთვნება საკაცობრიო ცივილიზაციის იმ კერათა რიცხვს, სადაც პირველად დაიწყო მითვისებითი მეურნეობიდან (შემგროვებლობა, ნადი­რო­ბა, თევზჭერა) მწარმოებლურ, კულტურულ მეურნეობაზე გადასვლა (მხედვე­ლო­ბაშია მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ფეიქრობისა და მეთუნეობის ადრეუ­ლი ფორმები).

აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ.წ. VIII-VI ათასწლეულების ნეო­ლი­თუ­რი ხანის ძეგლების მიხედვით (ბეშუმი, ყიშლა, მახვილაური, ჩაისუბანი, სახალ­ვაშო, ჩოლოქი, ჯიხანჯური, ხუცუბანი, სოფ. ქობულეთი, კვირიკე და სხვ.), ირკვევა, რომ შესაბამისად ნოვატორული ცვლილებები მოხდა ქვის იარაღთა დამ­ზადებს ტექნოლოგიაში (გაპრიალება, გახეხვა, გახვრეტა და ა.შ.).

უახლესი აღმოჩენების მიხედვით პროფესორი ამირან კახიძე მიდის დასკვნამდე, რომ საკვ­ლე­ვი ტერიტორიის მცხოვრებთა მორიგი პროგრესი ენეოლით-ადრე­ბრინ­ჯაოს ხანას უკავშირდება (ძვ.წ. V-III ათასწლეულები). სათავე დაედო ქვის ხანიდან ლითონის საუკუნეზე გადასვლას. ჭოროხის აუზი მსოფლიოში ცნობილი სხვა ცენტრების მსგავსად (კარპატები, ურალი, ტიან-შანი და სხვ.) განეკუთვნება უძველესი მეტალოგენური კერების რიცხვს.

მნიშვნელოვანი წვლილი  შეიტანა ცნობილმა მეცნიერმა მომდევნო ეპოქების, კერძოდ, შუა და გვიანბრიჯაო-ადრერკინის ხანის კვლევის სფეროშიც (ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი - ძვ.წ. VIII-VII სს.) შესძავლის საქმეში. არსებითია იმის აღიარება, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, გურია-აჭარა და მდ. ჭოროხის აუზი წარმოადგენდა ტომობრივი კოლხური კულტურის დედა-სამშობლოს, ამიერკავკასიის უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანებების (დიაოხი, კოლხა) აკვანს. მკვლევარი ფიქრობს, რომ სწორედ ამ ადგილებს უკავშირდება უძველესი ბერძნული მითი არგონავტების შესახებ.

მაგრამ მაინც, პროფესორმა ამირან კახი­ძემ ფუნდამენტური, თანმიმდევრული საველე არქეოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განახორციელა ანტიკუ­რი ხანის (ძვ.წ. VI - ახ.წ. IV სს) ისტორიისა და კულტურის კვლევის თვალსაზრისით. ასპირანტობის წლებიდან დაწყებული მეცნიერის კვლევის ძირითად ობიექტს ფიჭვნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ვრცელი სამაროვნები წარმოადგენს. ფიჭვნარი პონტოსპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლთაგანია, რომელიც არაერთი ქვეყნის მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ვფიქრობთ, საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ პროფესორ ამირან კახიძის ხელმძღვანელობით 1998 წლიდან მეტად საინტერესო საველე და სამეცნიერო სამუშაოები წარმოებს ქალაქ ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის ბერძნულ-რომაული დეპარატამენტის თანამშრომლებთან ერთად მაიკლ ვიკერსის თაოსნობით. წლების მანძილზე ფიჭვნარის ერთობლივ ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჩვენი, ისე სხვადასხვა ქვეყნის იმ სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, რომლებიც სწავლების კურსს ოქსფორდის უნივერსიტეტში გადიან. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფიჭვნარი იქცა საერთაშორისო ფენომენად.

პირველ ხანებში პროფესორ ამირან კახიძის კვლევის საგანს წარმოადგენდა ფიჭვნარის ნაქალაქარი, რომლის თითქმის 100 ჰექტარზე შესანიშნავადაა შემონახული გვიანბრინჯაო-ადრერკინის, კლასიკური, ელინის­ტუ­რი და ადრეშუასაუკუნეების მძლავრი კულტურული ფენები. კვლევის შედე­გებს მიეძღვნა ცალკეული სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები.

ნაქალაქარის პარალელურად გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე ფართო სამუშაოები განხორციელდა თვით პროფესორ ამირან კახიძის მიერ მიკვლეული სამაროვნების შესასწავლად. პირველ რიგში, აღსანიშნავია, ძვ.წ. V საუკუნის კოლხური სამაროვანი. მდიდარი და მრავალფეროვანი სამარხეული ინვენტარის შესწავლის საფუძველზე მეცნიერი ასკვნის, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის შუახანებისათვის დასრუ­ლე­­ბუ­ლია ადრეკლასობრივი საზოგადოების, ქალაქებისა და საქალაქო ცხოვ­რების, ვაჭართა ფენის ფორმირების პროცესი; ადგილობრივი კოლხური მოსახ­ლეო­ბა ჩაბმულია მსოფლიო ისტორიულ პროცესებში; მჭიდრო კონტაქტები აქვს დამ­ყარებული ანტიკურ, კერძოდ, ბერძნული სამყაროს სხვადასხვა საყოველ­თაოდ ცნობილ ცენტრებთან. დასტურდება, რომ კლასიკურ ხანაში კოლხური კულ­ტურა თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს.

მორიგი ძეგლი ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV საუკუნეების ბერძნული ნეკროპოლია. ელინურ ეთნოსთან უშუალოდ დაკავშირებული მეორე სამაროვანი ამიერკავ­კა­სია­ში ჯერჯერობით არცაა ცნობილი. შესანიშნავად დაცული სამარხეული კომპლექსები თუ სააღაპო მოედნები უმდიდრეს ნივთიერ მასალას იძლევა ლეგენდარული კოლხეთისა და ელინური სამყაროს კონტაქტების კვლევისათვის. ამ მონაცემების მიხედვით, პროფესორმა ამირან კახიძემ საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული კოლონიზა­ციის ხასიათი და გამოყო იონიური და ატიკური ეტაპები. ფიჭვ­ნა­რის ელინური დასახლება დაუკავშირა საბერძნეთის მატერიკულ ცენტრ ათენს.

პროფესორმა ამირან კახიძემ მდიდარი პარალელური მასალის მოზიდვით, მსოფ­ლიოს სხვადახვა ქვეყნის სიძველეთსაცავებში დაცული მასალის გამოყენებით, ქართულ თუ უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული ნაშრომებით სამეცნიერო მიმოქცევაში შეიყვანა ბერძნულ ნეკროპოლზე აღმოჩენილი სხვადასხვა საწარ­მოო ცენტრის (ქიოსი, ლეს­ბოსი, სამოსი, თაზოსი, ქალქიდიკა, სინოპა, ჰერაკ­ლეა) კერამიკული ტარის, სადა თუ მოხატული ატიკური ვაზების, ტერაკოტული ფიგურების, ტორევტიკისა და საიუველირო ხელოვნების, სხვადა­სხვა სახის სამკაულების, ნუმიზმატიკური ძეგლების (ინტერლოკალური მონეტები, ქიზიკი­ნები, პანტიკაპეიონის, ნიმფეის, თეოდო­სიის, სინოპის, ამისოს, სირაკუზის საფა­სურები, კოლხურების უნიკა­ლუ­რი უკნინესი ნომინალები, ე.წ. ჰემიტეტრატე­მორიონები) და ფერადი მინის ჭურ­ჭ­ლის სხვადასხვა სახეობანი, რომელთა მსგავსი ადრე უცნობი იყო აღმოსავლეთ შავი­ზღვისპირეთისათვის.

კიდევ უფრო ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი ელინიზმის ეპოქის (ძვ.წ. IV-II სს) ფიჭვნარის სამაროვანი. აქაც სახეზეა მეტად საინტერესო, მდიდარი, მრავალ­ფე­რო­ვა­ნი და ბევრი ნოვაციის შემცველი არქეოლოგიური მასალა; მათი კვლევის შედე­გად პროფ. ამირან კახიძე მიდის დასკვნამდე, რომ ბერძენ-მაკედონელთა ექსპან­სია პირველ ქართულ სახელმწიფოებს კოლხეთსა და იბერიას უშუალოდ არ შეხებია. მიუხედავად ამისა, ელინისტურ სახელმწიფოებთან მეტ-ნაკლებმა საშუა­მავლო კონტაქტებმა  ჩვენი ქვეყანაც მოაქცია ელინიზმის სფეროში. სწორედ, ამ ეპოქისათვის განიცდიან აღმავლობას აღმოსავლეთ შავი­ზღვის­პი­რეთის საქალაქო ცენტრები. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი კვლა­ვაც მსოფლიო ისტორიული პროცესების აქტიური მონაწილეა.

საგანგებო აღნიშვნის ღირსია პროფესორ ამირან კახიძის მიერ ფიჭვნარში მიკვლეული ადრექრისტიანული ხა­ნის ბაზილიკური ეკლესიის ნაშთები და სამარხეული კომპლექსები. მსგავსი ხასიათის თანადროული ძეგლი საქართველოს ზღვისპირეთიდან ადრე უცნობი იყო. მნიშვნელოვანია პროფესორ ამირან კახიძის წვლილი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ანტიკური ხანის სხვა ძეგლების კვლევის საქმეში. ამათ რიცხვს მიეკუთვნება ბათუმის ციხის ურბანიზებული სამოსახლო, მახვი­ლაუ­რის, კოლოტაურისა და კვაშტის უძველესი საფორტიფიკაციო დასახლებები, გონიო-აფსაროსის რომაული ხანის კასტელი და ა.შ.

ფიჭვნარის უახლეს მასალებზე დაყრდნობით უკანასკნელ წლებში ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა მონოგრაფიები: „ფიჭვნარი I - კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ (მაიკლ ვიკერსის თანაავტორობით);  „ფიჭვნარი II - ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღისპირეთში“ და სხვა. აღნიშნულმა ნაშრომებმა როგორც ქართულ, ისე იცხოურ სამეცნიერო წრეებში გამოცემისთანავე ჰპოვა ფართო აღიარება. პროფესორმა ამირან კახიძემ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ნ. ვაშაკიძესთან ერთად გამოსცა ვრცელი მონოგრაფია „ელინიზმი და კოლხეთი“, რომელშიც შევიდა გურია-აჭარის ტერი­ტო­რიაზე აღმოჩენილი ძვ.წ. IV-II საუკუნეების ნეკროპოლები. ხოლო პროფესორ მაიკლ ვიკერსთან ერთად გამოაქვეყნა საქართველო-ბრიტა­ნეთის ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიციის  შედეგები­სად­მი მიძღვნილი მონოგრაფიები.

პროფესორმა ამირან კახიძემ ნაყოფიერი მუშაობა გასწია „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევე­ბის“ მრავალტომეულის შექმნაში, როგორც ავტორმა, მთავარი რედაქტორის მოადგილემ, პირველი ტომის თანარედაქტორმა და შემდგომში მთავარმა რედაქტორმა. ცნობილი მეცნიე­რის, საქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ პროფ. დავით ხახუტაი­შვი­ლის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმის ბოლომდე მიყვანის ფუნქცია სწორედ პროფესორმა ამირან კახიძემ იკისრა.

 

სახელოვანი მეცნიერის საყოველთაო აღიარების დასტურია ის, რომ იგი არაერთგზის იყო მიწვეული ოქსფორდის უნივერსიტეტში, ვოლოსში (საბერძნეთი), საარბრიუკენში, ბოხუმში, ვისბადენში (გერმანია), თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.

საველე არქეოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობსთან ერთად  განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პროფესორმა ამირან კახიძემ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში პროფესორ დავით ხახუტაიშვილთან ერთად, შექმნა არქეოლოგიის მძლავრი სკოლა, მისი ხელმძ­ღვა­ნელობით აღი­ზარდა მკლევართა თაობები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ რეგიონში არსებულ სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.

პროფესორ ამირან კახიძის ინიციატივით, 1994 წელს, ბათუმში დაარსდა არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც მოკლე ხანში იქცა ჩვენი ქვეყნის  ერთ–ერთ მნიშვნელოვან კულტურულ–საგანმნათლებლო და სამეცნიერო კერად. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის სტრუქ­­­­ტუ­რული ორგანიზაცია, აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპო­ქის ნივთიერი კულტურის ძეგლების ფონდებში განთავსება, ექსპონატების მეც­ნიერული დამუშავება და კატალოგიზაცია, ფოტო-ლაბორატორიისა და არქი­ვის მოწყობა, საექსპედიციო და საგამომცემლო საქმის წარმოება და ა.შ. 2007 წელს პროფ. ამირან კახი­ძის კონცეფციის მიხედვით, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი გამო­­ფენა, რომელმაც  სპეციალისტებსა და სტუმარ-დამთვალიე­რე­ბელს შორის მაღალი შეფასება  დაიმსახურა.

პროფესორი ამირან კახიძე 40 წელზე მეტი ხნინ სგანმავლობაში  პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამეცნიერო და სასწავლო პროცესში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ემერიტუსის წოდება.

პროფესორი ამირან კახიძე ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებრივი პოზიციითა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში უნივრსიტეტის პროფესორ–მასწავლებელებმა და  სტუდენტებმა რექტორის მოვალეობის შესრულება სწორედ ბატონ ამირან კახიძეს თხოვეს (2004-2005 წ.წ.). ბატონმა ამირანმა მოკლე დროში გამოიყვანა უნივერსიტეტი შექმნილი  სიტუაციიდან და საზოგადოებას  უნივერსიტეტის მიმართ ნდობა დაუბრუნა.

ღვაწლმოსილი მეცნიერის, მრავალი თაობის აღმზრდელისა და შესანიშნავი მოქალაქის პროფესორ ამირან კახიძის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი უნივერსიტეტის თითქმის საუკუნოვან ისტორიაში.

 

        

 

                                                                                                       

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა