29 ნოემბერი 2023 წელი
მაქს ვებერის ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ანდრეას ჰილგერი და ფონდის მენეჯერი დავით ჯიშკარიანი ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე ანდრეას ჰილგერმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტში გერმანიის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამები. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, გაცვლითი პროგრამების შემუშავება და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ თეონა ბერიძეს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევრებს შეხვდნენ და მაქს ვებერის ფონდის კვლევითი პროექტები წარუდგინეს.
მაქს ვებერის ფონდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თერთმეტ ავტონომიურ ინსტიტუტს აერთიანებს. ფონდი მხარს უჭერს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების კვლევებს როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისი არის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ქსელის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ამ რეგიონების ისტორიულ კავშირებს საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ კონტექსტში. საქართველოს ოფისი ხელს უწყობს და კოორდინაციას უწევს ერთობლივ კვლევით პროექტებს გლობალურ კონტექსტში, ანტიკური პერიოდიდან თანამედროვე ისტორიამდე.