ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერასმუს + პროექტის „ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის შემუშავება (MOVEx)“ ერთ-ერთი პარტნიორია.
პროექტის კოორდინატორია პოლონეთის ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (PWR). კონსორციუმი 10 უნივერსიტეტს აერთიანებს, მათ შორის ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი), ათენის ჰაროკოპიოს უნივერსიტეტი (საბერძნეთი), ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ესტონეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ლვოვის ივან ფრანკოს ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), ხარკოვის ეროვნული რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტი (უკრაინა), ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), კრივოიროგის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა).
MOVEx პროექტის მიზანია ეფექტური ვირტუალური გაცვლითი პროგრამის (VEP) ორგანიზება, როგორც პროფესიონალური და კულტურათაშორისი ურთიერთქმედების და გამოცდილების გაზიარების პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სერვისებს და შექმნის ხელსაყრელ პირობებს ახალგაზრდების თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ მსოფლიო გამოწვევების ფონზე საერთაშორისო სწავლას შეუწყოფს ხელს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც სტუდენტების მობილობა შეზღუდულია ფინანსური რესურსებით ან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით.
პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, 2022 წლის 12-13 დეკემბერს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ონლაინ Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
შეხვედრის მიზანი იყო პროექტის, როგორც ფინანსური და ადმინისტრაციული, ასევე შინაარსობრივი დეტალების პრეზენტაცია და პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი.
უკან |