ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორ ჟუჟუნა დიასამიძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. ღვაწლმოსილ პედაგოგსა და მეცნიერს იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, კოლეგებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, და მეგობრებმა. ქალბატონი ჟუჟუნა დიასამიძე ავტორია 80-მდე ნაშრომისა და მონოგრაფიის.
ქალბატონი ჟუჟუნა დიასამიძე დაიბადა 1945 წლის 26 თებერვალს, ქალაქ ბათუმში. 1961 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე–4 საშუალო სკოლა. იმავე წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1966 წელს ფიზიკის სპეციალობით. 1968–1971 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში თეორიული ფიზიკის სპეციალობით. აქვე 1975 წლის 11 ოქტომბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გარე შეცვლად ელექტრულ ველში მოთავსებულ გარემოებში დამუხტულ ნაწილაკთა გამოსხივების თეორიისათვის“ და მიენიჭა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ქალბატონ ჟუჟუნას 1995 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დოცენტის სამეცნიერო წოდება მიანიჭა. 1998 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ტალღური პროცესების გამოკვლევა ტურბულენტურ ფენაში ტროპოსფეროს სიმაღლეებზე“. ხოლო 1999 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ პროფესორის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება მიანიჭა.
ქალბატონი ჟუჟუნა დიასამიძე 1971 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს თეორიულ ფიზიკაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობის ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). 2009 წელს კონკურსის წესით დაიკავა ამ უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
ქალბატონ ჟუჟუნა დიასამიძეს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები რეფერირებად და რეცენზირებად სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ჟურნალებში და საერთაშორისო კონფერენციების მასალებში, არის მონოგრაფიის _ „Турбулентность в нейтральном и проводящем слоях атмосферы” ავტორი და რამდენიმე სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე.
უკან |